ადამიანები იქ უფრო ლამაზები, ღვინო უფრო წითელი, მთები კი უფრო მაღალია… (ფოტოკოლაჟი)

ბესიკ ფიფია

პროექტი „დიდი ადამიანები საქართველოში“ ჟურნალისტ ბესიკ ფიფიას იგივე სახელწოდების წიგნზეა დაფუძნებული. წინამდებარე ნარკვევში ავტორი ნორვეგიელი მწერლის, კნუტ ჰამსუნისა და მისი მეუღლის, ბერგლიოტ ბეხის საქართველოში მოგზაურობაზე მოგვითხრობს.

1899 წლის სექტემბერში დიდმა ნორვეგიელმა მწერალმა კნუტ ჰამსუნმა, ცხოვრებაში პირველად, სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა და რუსეთის გავლით კავკასიაში გაემგზავრა. ეს მოგზაურობა შესაძლოა საქორწინოც ყოფილიყო, ვინაიდან მას თან ახლდა ახალგაზრდა მეუღლე ბერგლიოტ ბეხი. მოგზაურობის შედეგად, 1903 წელს გამოიცა წიგნი „ზღაპრულ სამეფოში“.

კნუტ ჰამსუნი და მისი მეუღლე ფინეთიდან სანქტ–პეტერბურგში ჩავიდა და იმავე საღამოს გაემგზავრა მოსკოვში. თუმცა დიდხანს არც იქ დაყოვნებულა. მწერალი მეორე დღესვე ავიდა მოსკოვი–ვორონეჟი–დონის როსტოვი–არმავირი–პიატიგორსკი–ვლადიკავკაზის მიმართულებით მიმავალ მატარებელში. „კავკასიის მპყრობელ ქალაქ–სიმაგრეში“ ჩასული მწერალი ოთხცხენიან ეტლში გადაჯდა და ტფილისისკენ გამოემგზავრა. გზაში სამი დღე–ღამე დაჰყო.

აი, როგორ აღწერს კნუტ ჰამსუნი ყაზბეგთან შეხვედრას: „მკვეთრი მოსახვევის მარჯვენა მხარეს თვალწინ უეცრად ხეობა იშლება და სულ ახლოს ჩნდება ყაზბეგი — მზისგან გაბრწყინებული მყინვარით. მაღალი, მრისხანე და უტყვი — გვაოგნებს თავისი სიმძლავრით. განუმეორებლად დამთრგუნველი შეგრძნებით ვიმსჭვალებით: ეს სრულიად სხვა სამყაროა, სადაც ერთგულების ფიცით შეკრული მთებით გარშემორტყმული ყაზბეგი ზემოდან გადმოგვცქერის. უნებურად ჩამოვდივარ ეტლიდან, უკნიდან ვექცევი მას, ხელებს მაგრად ვჭიდებ და  ყაზბეგს ვუმზერ. თავბრუ მეხვევა, თითქოს ადგილიდან ვწყდები, ჰაერში ვმაღლდები და ღმერთთან პირისპირ ვხვდები“.

მ. ლერმონტოვის ნახატი

მ. ლერმონტოვის ნახატი

კობის ბუნების სილამაზით აღფრთოვანებულ მწერალს ღმერთსა და მის ქმნილებაზე ფიქრები დაეუფლა. „მიწაზე ვჯდები, ცას ავცქერი და, ვინაიდან ბევრისგან განსხვავებით, ღმერთისადმი დამოკიდებულება გარკვეული არ მაქვს, რაღაც დროით ღმერთსა და მის ქმნილებაზე ფიქრებში ვიძირები. ეს ზღაპრული, მომაჯადოებელი სამყარო, რომელშიც მოვხვდი, ყველაზე საოცარი ადგილია მთელ დუნიაზე“.

ბუნების მშვენიერებით საოცრად აღფრთოვანებული კნუტ ჰამსუნი გამუდმებით სვამდა რიტორიკულ შეკითხვას: ვინ უკეთ ცხოვრობს — ევროპელები და იანკები, თუ კავკასიელები?

„ჯერ მხოლოდ საღამოს ხუთი საათია, მაგრამ ცაზე უკვე კაშკაშებს მთვარე და ორი მნათობი ერთად დაგვცქერის — მზეცა და მთვარეც. ძალიან თბილა. ეს სამყარო არცერთ სხვას არ ჰგავს, რომელიც აქამდე მინახავს და ისევ ვფიქრობ, რომ აქ სიცოცხლის ბოლომდე დავრჩებოდი. ხეობაში დავეშვით. ვენახები დაიწყო. ტყეში კაკალი იზრდება. მზე და მთვარე ერთდროულად ანათებს ცაზე — თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან. ბუნების სიდიადე ადამიანზე დამთრგუნველად მოქმედებს: აქ მუდმივად მცხოვრებლებზეც კი, რომლებიც ყოველდღე ხედავენ ამ დიდებულებას… კავკასიელმა არაფერი იცის ნიუ–იორკის ბირჟის კურსის ცვლილებებზე, მისი ცხოვრება რა ჰგავს იპოდრომზე გამართულ დოღს. ის ნელა, აუჩქარებლად ცხოვრობს, ხის ნაყოფითა და ცხვრის ხორცით იკვებება. განა შეიძლება ითქვას, რომ ევროპელები და იანკები რაიმეთი აღემატებიან კავკასიელებს? ღმერთმა უწყის! ეს იმდენად სადავო საკითხია, რომ ღმერთის გარდა სხვა ვერც ვერავინ გასცემს პასუხს“.

გერგეთის სამება

SPUTNIK/ ОЛЕГ ЛАСТОЧКИНგერგეთის სამება

მწერალმა ყურადღება გაამახვილა ქართულ სოფლებზე. „თითოეული ასეთი სოფელი ერთმანეთთან შეზრდილი სახლების კომპლექსია, რომლებიც ერთმანეთზე დგას და ფერდობს მაღლა–მაღლა მიუყვება. აქ არც ქუჩებია, არც გზები. სახლები ერთმანეთს თაროების მსგავსი კიბეებით უკავშირდება, რომლებიც კლდეზე ერთმანეთის მიჯრით ჰკიდია“.

მწერალი გამუდმებით კრთოდა ფრიალო კლდეებისა და უძირო უფსკრულების დანახვაზე. ჰამსუნმა აღწერა შემთხვევა, როდესაც გზის ერთ–ერთ ყველაზე სახიფათო მონაკვეთზე მის თვალწინ ორი, ასე, 6–8 წლის ბიჭუნა თითქოს მიწიდან ამოიზარდა და ცეკვა–თამაში დაიწყო. ბიჭები საოცრად გაბედულად, თავხედურადაც კი, დახტოდნენ და პირდაპირ უფსკრულის კიდეზე ასრულებდნენ სასიკვდილო ცეკვას. „ისღა დამრჩენოდა, ჯიბეზე ხელი გამეკრა და ფული მიმეცა“, — წერს ჰამსუნი.

„ტფილისს ვუახლოვდებით. გზა გამუდმებით მიუყვება დიდებულ და საუცხოო მდინარე მტკვარს… შორს ტფილისი მოჩანს —განსაკუთრებული სამყარო. თავზე ნისლი ადგას. აი ისიც — ტფილისი, ქალაქი, რომელიც ბევრმა რუსმა პოეტმა და მწერალმა მოიხსენია ლექსებსა თუ რომანებში. უეცრად ვახალგაზრდავდები, აქეთ–იქით ვიყურები და მესმის, როგორ მიძგერს გული. რაღაც ამდაგვარი ერთხელ უკვე გამოვცადე, როდესაც პირველად უნდა მომესმინა გეორგ ბრანდესის ლექცია კოპენჰაგენის უნივერსიტეტში. თავსხმა წვიმაში ქუჩაში უზომოდ დიდხანს ვიდექით დაკეტილი კარის წინ. და აი, ისიც გაიღო.

ძველი თბილისის ერთ-ერთი ქუჩა

SPUTNIK/ МИХАИЛ ОЗЕРСКИЙძველი თბილისის ერთ-ერთი ქუჩა

სირბილით შევუყევით კიბეებს, დერეფანს, მერე დარბაზში შევქანდით და ადგილიც დავიკავე, მაგრამ მაინც კიდევ დიდხანს ლოდინმა მოგვიწია. დარბაზი ივსებოდა და მრავალ ხმაზე გუგუნებდა. და უეცრად დუმილი ჩამოწვა, მკვდრული სიჩუმე გამეფდა, საკუთარი გულისცემა მესმოდა. როგორც იქნა, ბრანდესი კათედრაზე ავიდა…“

აი, რას წერდა კნუტ ჰამსუნი ნორვეგიელ მკითხველებს ტფილისზე:

„ქალაქი ას სამოც ათას მცხოვრებს ითვლის, აქედან კაცები ქალებზე ორჯერ მეტნი არიან. ქალაქში სამოცდაათ ენაზე ლაპარაკობენ… ტფილისი რომაელებსაც დაუპყრიათ,  სპარსელებსაც და თურქებსაც. ახლა ის რუსეთის მფლობელობაშია. ბოლო წლებში აყვავებას ტფილისი საკუთარ გეოგრაფიულ მდებარეობას უნდა უმადლოდეს — ის სავაჭრო გზების კვეთაზე მდებარეობს, რომლებიც კასპიისა და შავ ზღვებს, რუსეთსა და  სომხეთს აკავშირებს. ქალაქში საუცხოო მუზეუმიცაა, თეატრიც, ფერწერული კრებულიც, ბოტანიკური ბაღიც, ციხე–სიმაგრეც… თავზე კი ძალიან, ძალიან მაღლიდან მამადავითის მონასტერი გადმოსცქერის. ის ქართველებისთვის წმიდა ადგილად მიჩნეულ მთაზე — მთაწმინდაზე დგას. მონასტრის ეზოში გრიბოედოვია დაკრძალული“.

ძველი თბილისის რეპროდუქცია

SPUTNIK/ РИА НОВОСТИ”ძველი თბილისის” რეპროდუქცია

კნუტ ჰამსუნი: „ქალაქი ძალიან საინტერესო არ იყო, მაგრამ გამუდმებით ვბრუნდებოდით მის ერთ–ერთ უბანში, რომლის თვალიერებითაც ვერ ვძღებოდით. ეს აზიური უბანი იყო. ტფილისში სარკისებურ ვიტრინებიანი მაღაზიებიც იყო, კონკებიც, თეატრ–ვარიეტეც და ევროპულად ჩაცმულ–დახურული ქალბატონები და ბატონებიც, მაგრამ აზიურ კვარტალში ყველაფერი სხვაგვარად იყო: ქუჩები, შეიძლება ითქვას, რომ ქუჩები კი იყო, არამედ რაღაც შესახვევები, ხაფანგში მომქცევი ჩიხები, სახლიდან სახლისკენ, ქვემოდან ზემოთ მიმავალი კიბეები. 
დუქნებში რა–გინდა რა ეროვნების ხალხი აღარ ვაჭრობდა, რომლებიც საოცარ ნივთებს ჰყიდდნენ… პირდაპირ ქუჩაში, ვირების, ცხენებისა და ძაღლების გარემოცვაში მუშაობდნენ ქარგლები, მჭედლები რკინას მომცრო ქურებში ადნობდნენ და ასევე მომცრო გრდემლებზე ჭედავდნენ; საკუთარ ნაკეთობებს იქვე ტვიფრავდნენ, კვეთდნენ, აპრიალებდნენ და ნახშირით წმენდნენ ოქროსა და ვერცხლის ოსტატები, მერე კი ფირუზებითა და სხვა ქვებით ამკობდნენ; თერძები დასავლეთიდან ჩამოტანილ საკერავ მანქანებზე კერავდნენ მაუდის გრძელკალთიან მოსასხამებს… დუქნებში ძირითადად აბრეშუმის ქსოვილები, ნაქარგები, ნოხები, იარაღი და სამკაულები იყიდება… აქა–იქ პაწაწა დახლებთან მსხდომ მწერლებსაც შეხვდებით, რომლებიც, ვისაც რა სჭირდება, იმას უწერენ…
სამყაროსგან დაშორებულ აზიურ კვარტალში ცხოვრება მშვიდად და აუჩქარებლად მიედინება. აქ უშფოთველობა სუფევს, მის გარშემო კი, თითქოს ამერიკა იყოს, თანამედროვე სავაჭრო ქალაქის ხმაური ისმის. აქ იშვიათად გაიგონებ ხმამაღალ სიტყვას, უიშვიათესად ისმის ზედმეტი ყვირილი. მოგუდული ხმები, ჩალმიანი თავების ზომიერი, ფრთხილი დაქნევა — და მორჩა. აზიურ უბნებში ქალები თითქმის არ არიან. ძალიან იშვიათად თუ წააწყდებით ხელში ბავშვებ ატატებულ ორ მოსაუბრე ქალს, რომლებიც ასევე მეტად ხმადაბლა ლაპარაკობენ. გამონაკლისი სომეხი მედუქნეები არიან, რომლებიც ხმამაღლა ასხამენ ხოტბას გასაყიდ იარაღს და აქაც ისე ღიად ატყუებენ მყიდველს, როგორც ნებისმიერ სხვა ადგილას. ებრაელს ათი ბერძნის გასულელება შეუძლია, აი სომეხი კი ათ ბერძენსა და ებრაელს ერთად გაასულელებს…“
კნუტ ჰამსუნი ტფილისიდან ბაქოში გაემგზავრა, საიდანაც  სპარსეთში აპირებდა წასვლას. მაგრამ მწერლის ჯიბეში მოთავსებულმა ფრანგულმა აკრედიტივმა  მკვეთრად შეცვალა მისი გეგმები. ბაქოელმა ბანკირებმა უარი თქვეს ამ საბუთით ფულის გაცემაზე, ვინაიდან, როგორც განმარტეს, მანამდე ასეთი ქაღალდი არასდროს ენახათ. ჰამსუნი იძულებული გახდა, უკან, ტფილისში დაბრუნებულიყო, სადაც ბანკები უპრობლემოდ მუშაობდნენ ფრანგულ აკრედიტივებზე. თუმცა, თანხის მიღების შემდეგ ჰამსუნმა რატომღაც გადაწყვიტა, სპარსეთის ნაცვლად ბათუმში წასულიყო.

აი, როგორი იყო მწერლის თვალით დანახული საპორტო ქალაქი:

„ბათუმში 40 ათასი თუ ცოტა მეტი ადამიანი ცხოვრობს. ერთი შეხედვით, ტფილისსაც მოგაგონებთ და ბაქოსაც — ქვის დიდ ნაგებობებს თურქების დროინდელი პატარა, სასაცილო სახლები ენაცვლება. ქუჩები განიერია, მაგრამ მოუკირწყლავი — პირდაპირ ქვიშაზე დადიან. პორტში უამრავი ხომალდი დგას — დაწყებული უფრო სამხრეთიდან, თურქეთიდანაც კი, მოსული პატარა იალქნიანი გემებით, დამთავრებული დიდი, ევროპული სამგზავრო ხომალდებით ალექსანდრიიდან და მარსელიდან…

ბათუმურ ყოფაში არის რაღაც მსგავსი ამერიკის სამხრეთ შტატების ყოფასთან. რესტორნებსა და სასტუმროებში ევროპულ კოსტიუმებში, აბრეშუმსა და ბრილიანტებში გამოპრანჭულ პუბლიკას შეხვდებით, რომელიც საუკეთესო, დახვეწილ კერძებსა და შამპანურს მიირთმევს… სამხრეთამერიკული ჩვევები განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როცა გადახდის დრო დგება. მათ მსხვილი კუპიურებით უყვართ გადახდა, იმის მიუხედავად, საჭიროა თუ არა ეს, და მერე ოფიციანტებს მათი დახურდავება თავად მეპატრონესთან უწევთ. ისინი დიდ გასამრჯელოს ჩუქნიან ოფიციანტებს,  ხოლო ბოთლებსა და ჭიქებში აუცილებლად ტოვებენ ღვინოს…

ბათუმში სანაპირო ბულვარიც არსებობს. საღამოობით ის სავსეა მოსეირნე პუბლიკითა და ეკიპაჟებით. აქ ფიცხი ცხენებიცაა, მოშრიალე აბრეშუმიც, ქოლგებიცა და ღიმილიანი მისალმებაც — სწორედ ისე, როგორც სამხრეთის შტატების ქალაქებში. საკუთარი  დენდებიც ჰყავთ და ფრანტებიც — აბრეშუმის, ნაქარგებიან, მანჟეტების მსგავს საყელოებიან პერანგებში გამოწყობილები, გვერდზე მოქცეული შლაპებითა და მსხვილი ხელჯოხებით… ქედმაღლობა კი არ აიძულებთ ასე გამოწყობას, უბრალოდ, სურთ, რომ შეამჩნიონ და ამისათვის ამგვარ, წმინდად გარეგნულ ხერხს იყენებენ, რომელიც მიზნის სწრაფ და განსაკუთრებული ძალისხმევის დახარჯვის გარეშე მიღწევაში ეხმარებათ. შლაპა უფრო გაუთქვამს სახელს კაცს, ვიდრე წიგნი ან ნახატი. ფრანგები ხომ სწორედ ასე იქცევიან და ვითომ ესენი რატომ არ უნდა მოიქცნენ იგივენაირად?“

კნუტ ჰამსუნის ძეგლი ჩრდილოეთ ნორვეგიის ერთ-ერთ სოფელში, სადაც მწერალმა ბავშვობა გაატარა.

კნუტ ჰამსუნის ძეგლი ჩრდილოეთ ნორვეგიის ერთ-ერთ სოფელში, სადაც მწერალმა ბავშვობა გაატარა.

კნუტ ჰამსუნი „ზღაპრულ ქვეყანას“ ასე ასრულებს: „ხვალ ისევ ბაქოში მივემგზავრებით, იქიდან კი — უფრო აღმოსავლეთისკენ. მალე ამ სამეფოს დავემშვიდობებით, მაგრამ გული ყოველთვის გამომიწევს აქეთ, იმიტომ რომ მტკვრის წყალი ვიგემე“. 

თუმცა კნუტ ჰამსუნი ბაქოში აღარ წასულა და არც არასდროს ყოფილა აღმოსავლეთში. თბომავლით შავი ზღვა გადასერა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა.

კავკასიაში მოგზაურობიდან ერთი წლის შემდეგ, კნუტ ჰამსუნი ნორვეგიელ პოეტესას, დაგნი კრისტენსენს მისწერს: „უფრო გასაოცარი და საუცხოო ზღაპარი აღარასდროს გადამხდება. განსაკუთრებით განსაცვიფრებელი იყო ვლადიკავკაზიდან ტფილისისკენ მთებში მგზავრობა… ეს სხვა სამყაროა, ადამიანები იქ უფრო ლამაზები არიან, ღვინო უფრო წითელია, მთები კი — უფრო მაღალი. ასე მგონია, რომ ყაზბეგის სიახლოვეს მთელი წელი შევძლებდი ცხოვრებას…“

გერმანელ მეგობარსა და გამომცემელს, ალბერტ ლანგენს ჰამსუნი წერდა: „ამჟამად ყველაზე მეტად „კავკასიური წიგნი“ მახარებს, რომელიც საუკეთესო იქნება მათ შორის, რაც ოდესმე დამიწერია“.

მაგრამ საუკეთესოდ 1917 წელს დაწერილი რომანი „მიწის წვენი“ იქცევა, რომლისთვისაც მწერალს 1920 წელს ნობელის პრემია მიენიჭება.

„ზღაპრულ სამეფოში“ 1903 წელს გამოიცა. იმავე წელს კნუტ ჰამსუნმა გამოაქვეყნა სასიყვარულო დრამა „მეფე თამარი“, რომელიც საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებებით დაწერა. ამ ნაწარმოების მიხედვით, 1904 წელს ოსლოს ეროვნულ თეატრში სპექტაკლიც დაიდგა, თუმცა განსაკუთრებული წარმატება არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მუსიკა თავად  იუჰან ჰალვორსენმა — გამოჩენილმა ნორვეგიელმა კომპოზიტორმა შექმნა.

კნუტ ჰამსუნის რუსეთსა და კავკასიაში მოგზაურობიდან ასი წლის შემდეგ, ორმა ნორვეგიელმა ჟურნალისტმა — ბერნ რიუდბორგმა და ულე პეტერ ფერლანდმა მწერლის ნაკვალევი გაიარეს, რათა „ეს ზღაპრული სამეფო ეპოვათ“. და იპოვეს კიდეც, რასაც სამოგზაურო ჩანაწერები, სათაურით „ზღაპრულ სამეფოში — ასი წლის შემდეგ“  მიუძღვნეს და გამოაქვეყნეს. ჟურნალისტების ჩანაწერებში არის ასეთი სიტყვები: „ჩვენ თერგის, არაგვისა და მტკვრის წყლები შევსვით და ყოველთვის გვენდომება უკან დაბრუნება. კავკასია ზღაპარია — განუმეორებელი და სასტიკი!“

https://sputnik-georgia.com/columnists/20160227/230393851.html

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.