ადამიანთა ტვინებს შორის გაბმული ქსელი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა რეალობა გახდა – საინტერესო ექსპერიმენტი რუბრიკაში “გალილეო” (ფოტოკოლაჟი)

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოიგონეს მეთოდი, ე.წ. ბრეინნეტი (BrainNet – ტვინის ქსელი), რომლის საშუალებითაც სამი ადამიანი ერთმანეთს ინფორმაციას აწვდის. მათ ეს ტვინის და შესაბამისი ტექნოლოგიის გამოყენებით შეძლეს, ხმის, ჟესტიკულაციის, თუ სხვა ტიპის ტრადიციული საკომუნიკაციო მეთოდის დახმარების გარეშე.

“ადამიანები სოციალური არსებები არიან, რომლებიც ერთმანეთთან კომუნიკაციას ამყარებენ, რათა ითანამშრომლონ და გადაჭრან ესა თუ ის პრობლემა, რასაც დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ” – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი რაჯეშ რაო, კომპიუტერულ მეცნიერებათა და ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი, ნეიროტექნოლოგიის ცენტრის თანადირექტორი ვაშინგტონის უნივერსიტეტში.

“გვინდოდა გვცოდნოდა, შეეძლო თუ არა ადამიანთა ჯგუფს თანამშრომლობა მხოლოდ გონების გამოყენებით. ასე მივედით ბრეინნეტის შექმნის იდეამდე, რომელშიც ორი ადამიანი მესამეს დასახული ამოცანის შესრულებაში ეხმარება” – ყვება პროფესორი რაო.

მარკ სტოუნის ფოტო, ვაშინგტონის უნივერსიტეტი
მარკ სტოუნის ფოტო, ვაშინგტონის უნივერსიტეტი
მარკ სტოუნის ფოტო, ვაშინგტონის უნივერსიტეტი
მარკ სტოუნის ფოტო, ვაშინგტონის უნივერსიტეტი

ამ ე.წ. ბრეინნეტში სამი ადამიანი თამაშობს “ტეტრისის” მსგავს კომპიუტერულ თამაშს, ტვინებს შორის ერთგვარი ინტერფეისის, ანუ მათი დამაკავშირებელი რგოლის გამოყენებით. ექსპერიმენტის ავტორებმა და მონაწილეებმა პირველად მოახერხეს ორი კონცეფციის დამტკიცება:

  1. ორზე მეტი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში შესაძლებელია მათ ტვინებს შორის კავშირის დამყარება
  2. ადამიანს შეუძლია ორივე ოპერაციის შესრულება – ინფორმაციის ჯერ მიღება და შემდეგ სხვებისთვის გაგზავნა მხოლოდ საკუთრი ტვინის გამოყენებით

როგორც უკვე ვთქვით, ექსპერიმენტში 3 ადამიანი მონაწილეობდა, 3 მოთამაშე. თავიდანვე ისე იყო ჩაფიქრებული, რომ აქედან ორს ჰქონდა მხოლოდ დამხმარე ფუნქცია, მათ ინფორმაცია უნდა გაეგზავნათ.

მესამეს ევალებოდა ამოცანის შესრულება, ანუ ის იყო ინფორმაციის მიმღები. მონაწილეები ერთმანეთის მოშორებით, სხვადასხვა ოთახებში ისხდნენ, რომ ვერც ერთმანეთი ვერ დაენახათ და ვერც ხმა მიეწვდინათ.

დამხმარე დუეტი ეკრანზე ხედავდა კუბების (პირობითი აგურების) განლაგებას და იმ ხაზს, რომელიც აგურებით ისე უნდა შევსებულიყო, რომ ის ეკრანიდან წაშლილიყო. მაგრამ ამ დუეტს არ ჰქონდა აგურების კონტროლის საშუალება, ანუ თამაშში სვლის გაკეთების ფუნქცია.

მარკ სტოუნის ფოტო, ვაშინგტონის უნივერსიტეტი
მარკ სტოუნის ფოტო, ვაშინგტონის უნივერსიტეტი

​მესამე ადამიანი – ინფორმაციის მიმღები, ხედავდა მხოლოდ აგურებს და ვერ ხედავდა მთავარს, შესავსებ ხაზს. ასე რომ, მან არ იცოდა, თუ როგორ უნდა გადაეტრიალებინა/შეებრუნებინა, ან გადაეადგილებინა ბლოკები მარჯვნივ/მარცხნივ, რომ კედლის ხაზი სწორად შეევსო და ის ეკრანიდან წაშლილიყო.

ექსპერიმენტის განმავლობაში, ინფორმაციის გამგზავნი დუეტი წყვეტდა, თუ როგორ უნდა აემოძრავებინა აგურები. შემდეგ ისინი ინფორმაციას მხოლოდ ტვინის გამოყენებით და ინტერნეტის დახმარებით გადასცემდნენ მიმღებს, ანუ, კარნახობდნენ მას სწორ სვლას.

ადრესატი, რომელსაც აქ პირობითად მესამე ადამიანს ვუწოდებთ, ჯერ იღებდა ამ ინფორმაციას, შემდეგ აძლევდა აგურს სასურველ მიმართულებას და ფორმას, ბოლოს კი სვამდა კედელში ისე, რომ ამოცანა შეესრულებინა და ხაზი წაშლილიყო. ისიც ამისთვის მხოლოდ საკუთარ ტვინს და ინტერნეტს იყენებდა.

საინტერესო ნიუანსია ის, რომ ინფორმაციის გამგზავნ, მოკარნახე დუეტს ჰქონდა იმის საშუალებაც, რომ გადაეხედა მიმღების მიერ გაკეთებული სვლისთვის. თუკი მესამე მოთამაშე შემთხვევით არასწორ სვლას აკეთებდა, ინფორმაციის გამგზავნი მას აუცილებელ შესწორებაზე შეატყობინებდა ხოლმე.

მარკ სტოუნის ფოტო, ვაშინგტონის უნივერსიტეტი
მარკ სტოუნის ფოტო, ვაშინგტონის უნივერსიტეტი
მარკ სტოუნის ფოტო, ვაშინგტონის უნივერსიტეტი
მარკ სტოუნის ფოტო, ვაშინგტონის უნივერსიტეტი

​ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ მოწყობილ ექსპერიმენტში 5 ასეთი ტრიო მონაწილეობდა, ანუ 15 ადამიანი. თითოეულ ჯგუფს სთხოვეს ამ თამაშში 16 რაუნდი ეთამაშა.

შედეგი: თითოეულმა ჯგუფმა 81%-იანი წარმატებით მოახერხა აგურებისთვის სწორი ფორმის და მიმართულების მიცემა, კედლის შევსება და ხაზის წაშლა. საშუალოდ, 16 რაუნდიდან – 13-ში ისინი მოგებულები იყვნენ.

კიდევ უფრო საინტერესოა ექსპერიმენტის დამატებითი, ფარული მიზანი: მეცნიერებს სურდათ გაეგოთ, თუ რამდენად შეისწავლიდა დროთა განმავლობაში ინფორმაციის მიმღები მესამე ადამიანი დამხმარე დუეტს და გამოარჩევდა იქ “ცუდ” და “კარგ” მოკარნახეს. ანუ, სწორად თუ მიხვდებოდა, ვინ იყო დუეტიდან სანდო და ვინ არა.

ამისთვის მკვლევარებმა დუეტში ერთი მოთამაშე წინასწარვე არასწორი სვლებისთვის “გაწირეს”. შედეგი ამ მიმართულებითაც დადებითი აღმოჩნდა: ინფორმაციის მიმღები მოთამაშე სწრაფად უღებდა ალღოს იმას, თუ ვისთვის უნდა დაეჯერებინა და ბოლო რაუნდებისკენ ძირითადად მხოლოდ კარგ და სანდო წყაროს უსმენდა.

კვლევის ავტორების აზრით, მათი ნაშრომი ჯერ მხოლოდ უღრან ტყეში გადადგმული პირველი ნაბიჯებია. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მომავალში, ამგვარი კავშირებით შექმნილი ქსელები და მათი საშუალებით შემდგარი ურთიერთთანამშრომლობა, კაცობრიობას გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემების გადაჭრის საშუალებას მისცემს.

თუმცა, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებს ძალიან აშფოთებთ მსგავსი მეთოდების ფართოდ გამოყენების ეთიკური მხარე. ისინი ამბობენ, რომ ამაზე საუბარი რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს, რომ ადამიანთა პირადი ინფორმაციის დაცვა თავიდანვე უზრუნველყოფილი იყოს.

ნაშრომი სახელწოდებით “ტვინის ქსელი: ინტერფეისი რამდენიმე ადამიანის ტვინს შორის, პირდაპირი თანამშრომლობისთვის” გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში “ნეიჩერ” (Nature). მისი ავტორები არიან ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერები: ლინხინგ იანგი, ანდრეა სკოტო, დარბი ლოსეი, ჯასტინ აბერნეტი, ჩანტელ პრატი და რაჯეშ რაო.

მაია ქვარცხავა

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.