აკა მორჩილაძე: ბედნიერებაა, როცა ასეთ უძველეს კულტურას წარმოადგენ

ფრანკფურტში წიგნის ბაზრობა გაიხსნა, რომელშიც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე.

“მთავარი მიზეზი რის გამოც აქ ვიმყოფები არის ის, რომ ჩემი საკმაოდ გაუბედავი ხმა შევაწიო კულტურას,  რომელსაც წილად ხვდა პატივი ამ მნიშვნელოვან პლატფორმაზე ყოფილიყო. არსებობს დავიწყებული კულტურები და კულტურები, რომლებიც მკვდარია, მაგრამ ცხოვრობენ უნივერსიტეტებში, მეცნიერების მოწადინებით.

არსებობს დიადი კულტურები, რომლებიც აღარც მაგალითად სჭირდება ვინმეს, რადგან ძალიან მაღალი სტანდარტი აქვთ და მათთან მიუწვდომლობის აშკარა სურათი უხერხულობას ქმნის.

მრავალ ასეთ სიკვდილ-სიცოცხლესა და სიიოლე-სირთულეში არსებობენ ძველი, დღევანდელი სამყაროსთვის ან სრულიად უცნობი, ან ერთეულ მოყვარეთათვის ნაცნობი კულტურები, რომლებიც არ მომკვდარან და რაღაც მაღალი საოცრებების წყალობით მოვიდნენ 21-ე საუკუნემდე. ბედნიერებაა, რომ სწორედ ასეთ კულტურას წარმოადგენ და ამაზე ორი სიტყვის თქმა შეგიძლია. განსხვავებული არაფერი, მაგრამ უბრალოდ, ორი სიტყვა:

ეგებ რაღაც შორეული უცნობი კულტურა ვინმესთვის არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ქართველებს ასეთი სიტყვა გვაქვს „რაღაცას“ ვეძახით ბევრ რამეს და ეს მარტო „რაღაც“ არ არის ჩვენთვის, არამედ სიცოცხლესაც ნიშნავს.

აი, ასეთ სრულიად უცნობ, უმეტესად პოლიტიკურად გაგებულ საქართველოს ისტორიაში ყოფილა უგრძესი პერიოდები, საუკუნოვანი დროები, როცა, ამ ქვეყნის არსებობა-არარსებობა სწორედ მისი კულტურა განსაზღვრავდა.

ჩემი, როგორც ქართველის ჭკუით, ძალიან ჯიუტი, უცნაური, ჰუმანისტური, მრავალგზის დამახინჯებული, მაგრამ კულტურა გვაქვს, ამას ვეძახით ჩვენ ქართულ კულტურას.

ასეთი ისტორიაა საერთოდ. ძველი, სისხლით და სიმძიმით სავსე. თავის შენახვის და გადარჩენის ამბავია ჩვენი ამბავი საერთოდ. ამ ამბის სიკეთე სხვა არამატერიალურ რაღაცებთან ერთად იყო სწორედ  ჩვენი კულტურა.

მოკლედ რომ ვთქვა, დრამით რომ არ დაგღალოთ, (არ არის აქ ამის ადგილი), დღეს აქ არის ქართული ლიტერატურა, რომელიც, როგორც იცით, ძალიან ძველია, მრავალი საუკუნის. ჩვენ ვამბობთ – 1500  წლის, ვიღაც მეცნიერები ამბობენ, 2000-ის, 2500-ის… ჩვენ ამ საუკუნეებში ასე ვოპერირებთ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს საუკუნეები არ არის პატარა დრო იმისთვის, რომ იმსჯელო რა არის ღირებული და არა არა.

როგორც ყველა ლიტერატურა, ქართული ლიტერატურაც ადამიანების გარშემო ტრიალებს.

აი, ის ჩვენი პირველი მოთხრობა, რომელშიც მეხუთე საუკუნის ამბავია აღწერილი, (ჩვენ უფრო გვიანდელი ხელნაწერიც გვაქვს), სკოლაში ისწავლება ჩვენთან, იმ ენით, რომლითაც დაწერილია მეხუთე საუკუნეში.

ეს არის მოთხრობა ქალზე და კაცზე, ოჯახზე, ერთგულებაზე, პოლიტიკაზე, ღმერთზე, რწმენაზე, პატიოსნებაზე, ათას რამეზე. ეს ყველაფერი ისეა აღწერილი, რომ იოლად მიხვდები, ადამიანის გულში და სულში ეს თხუთმეტი საუკუნეა არაფერი დიდად არ შეცვლილა.

თქვენ იცით, რომ ჩვენი კულტურის მეორე ნაწილი არის ანბანი, რომელზეც ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, ამით ვწერდით წიგნებს ქართველები.

ფუფუნებაა, ასეთი რაღაც რომ გაქვს ადამიანს. თქვენ უყურებთ გაოცებული და ჩვენ ვკითხულობთ. ამ დროს ჩვენ თქვენსას იოლად ვკითხულობთ, ეს უპირატესობა გვაქვს დამალული.

საუკუნეების მანძილზე ჩვენ ძალიან ბევრს ვთარგმნიდით, განსაკუთრებით აღმოსავლური ენებიდან, სანამ შეგვეძლო, სანამ მშვიდობა იყო. ჩვენ არ გვთარგმნიდა არავინ. ჩვენ ვკითხულობდით ყველაფერს და თქვენ – არაფერს ჩვენსას. წარმოიდგინეთ ესეც რამხელა უპირატესობაა.

ჩვენ ვწერთ პროზას, ისტორიასაც ვწერთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საქართველო არის პოეზიის ქვეყანა. აქ პროზაიკოსი რომ გამომიყვანეს, ვარ უხერხულ მდგომარეობაში. მე არ ვარ პირველი კატეგორიის ადამიანი ამ ხელობაში, რასაც მწერლობა ჰქვია. ჩვენი ქვეყანა არის პოეზიის. ხუმრობაა ძველ წიგნებში დარჩენილი, რომ რომანის წერას უნდა დრო, მაგიდა, ქაღალდი… ამ დროს ომია, უბედურებაა და ლექსი იწერება მუხლზე დადებულ ქაღალდზე. უცბად. აი, ეს შეგინახეთ.

უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან ისტორიულ ქრონიკებსაც ლექსად წერდნენ. რომანებსაც წერდნენ ლექსად, სახელმწიფო ქაღალდები გვაქვს ჩვენ ლექსად დაწერილი. ხეებზე, ცხვირსახოცებზესასმისებზე, მერხებზე, ეს არის უცნაური ტრადიცია…

სულ ბოლო დრომდე პოეტი ისეთი ფიგურა იყო საქართველოში, რომელიც ადამიანს საკუთარი არსებობის სიხარულსა და განუმეორებლობაში არწმუნებდა. არწმუნებდა იმაში, რომ მისი ფიქრი მართალი, წრფელი ფიქრია და ხელოვნება დიადი რამეა. შენ იცოდი, რომ თვითონ არ შეგიძლია და არსებობს ადამიანი, რომელიც შენს ნაცვლად შენს ფიქრებს გამოხატავს. გადმოსცემს, გამოიცნობს, და ამას მეტი სისრულით და ოსტატობით აკეთებს.

პოეტი ისეთი ვინმე იყო ქვეყანაში, რომ 20 საუკუნოვანი ლამის აბსოლუტურიმონარქიის ტრადიცია აქვს ამ ქვეყანას და გვყავს ბევრი მეფე რომელთა საუკეთესო მიღწევაც არის მათი პოეზია.

საქართველოს გაცნობა რა თქმა უნდა შეიძლება იქ მოგზაურობით, მაგრამ მაინც ჯობს  ქართულმა ლიტერატურამ მოგახსენოთ თავისი ძველი და უცვლელი სათქმელი, იმის თაობაზე, რომ სიყვარული, მეგობრობა, სირთულეები, სიკვდილი და სიცოცხლე, ომი და მშვიდობა, იუმორი და ტრაგედია ისევე არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, როგორც თქვენი და ამაზე ლაპარაკი და თხრობა ისე შეგვიძლია, როგორც ბევრს არავის დედამიწის ზურგზე. ამის მრავალსაუკუნოვანი, სამყაროსთვის უცნობი ტრადიცია გვაქვს.

“ჩვენი ლიტერატურა ჩვენი აღსარებაც არის და ოცნებაც. რადგან აქ ვართ უნდა გითხრათ, რომ პოეტები და მწერლები ყოველთვის უპირატესი და საყვარელი გმირები იყვნენ საქართველოში. ყოველთვის იყვნენ ცნობადი სახეები, მაგრამ ამას მათთვის არც ყოფითი ნუგეში მოუტანია და მათ ხელობას არასდროს დაუცავთ ძნელბედობისგან.

პოეტი შეიძლება გადაყვეს თავის ნაწერს. თავის შემოქმედებას. შეიძლება საზღვარგარეთს შეაფაროს თავი. შეიძლება მუშტიც მოხვდეს, შეიძლება ქუდიც ჩამოიფხატოს, ვიღაცას მოერიდოს, მაგრამ ამ დამანგრეველი ქარტეხილების მიუხედავად, საქართველოში მწერალი მაინც რჩება გამორჩეულ ფიგურად.

ქართველი მწერალი ყოველთვის იქ არის, სადაც ყველა არასდროს არ არის და ამავე დროს იქ არ არის, სადაც ყველა ყოველთვის მოიყრის თავს. აი ეს არის ჩვენი ქართველი მწერლების ამბავი,”- თქვა მორჩილაძემ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსთან ერთად გახსნა, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარდგენილი.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.