ამდენი შეხვედრა და კონსულტაცია გავმართეთ და ვერაფერი გაიგეს – ევროპარლამენტარი ქართულ ოცნებაზე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების კომიტეტის რეზოლუციის პროექტს ძალიან სუსტად აფასებს და ამბობს, რომ ის  არ ასახავდა არსებულ ვითარებას.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნების” დეპუტატებმა ყველა ცვლილება ჩააგდეს და შეხვედრებისა და კონსულტაციების მიუხედავად ვერაფერი გაიგეს.

„ჩვენ წარმოვადგინეთ ცვლილებები და გვსურდა დაბალანსებული ტექსტი. უმრავლესობის წევრებმა თითქმის ყველა ცვლილება ჩააგდეს. ძალიან გაბრაზებული ვარ. ამდენი შეხვედრა და კონსულტაცია გავმართეთ და მგონი, ვერაფერი გაიგეს.

ახლა „ქართულმა ოცნებამ“ კარგად უნდა გააანალიზოს არსებული სიტუაცია და შეცვალოს გარკვეული პოზიციები. ჩემი გზავნილია ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ ის არის სიტუაციაზე პასუხისმგებელი და სამწუხაროდ, ის აზიანებს საქართველოს ევროპულ კურსს, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაგიდასთან მყოფი „ქართული ოცნების“ დეპუტატები საქართველოს ევროპული გზის წინააღმდეგ არ არიან. მათ პარტიაში კარგად უნდა იმსჯელონ“,- აცხადებს რასა იუკნევიჩიანე. მის განცხადებას Imedinews.ge ავრცელებს.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა კენჭისყრაზე ჩააგდო დოკუმენტი, რომელსაც კომიტეტი დასკვნის სახით ყოველ წელს იღებს.

არსებული ინფორმაციით, საბოლოო დეკლარაციის დოკუმენტში ევროპარლამენტარებს შესწორებების შეტანა სურდათ გიგი უგულავას საქმეზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებზე. თუმცა შესწორებების შეტანას საქართველოს მმართველი გუნდი არ დაეთანხმა.

შესწორებების გარეშე დარჩენილი ტექსტის გამო ევროპარლამენტის წარმომადგენლობამ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.