„ამ გადაწყვეტილებით ძირი გამოეთხარა სამშენებლო ბიზნესს“ – „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე

„ძირი გამოეთხარა სამშენებლო ბიზნესს. ამდენი რეგულაცია ერთდროულად რომ მოგვაყარეს, გზას აღარ გვიტოვებენ. აღარ ვიცით, როგორ განვაგრძოთ საქმიანობა. ხომ შეიძლებოდა, მთავრობას ეთქვა, მაგალითად 2020 წელს ამოქმედდება ყველა რეგულაცია ერთდროულად და ჩვენც გონივრული ვადა გვექნებოდა ეს ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა. შესაბამისად დაგვეგეგმა ჩვენი ბიზნესებიც. ახლა ერთ პროექტს რომ იწყებ, ორ თვეში გეუბნებიან ვეღარ განაგრძობო… ძალიან რთული ვითარებაა,“— განაცხადა “კომერსანტთან“  სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარის“ დამფუძნებელმა მალხაზ სოლომონიშვილმა.

სამშენებლო დოკუმენტის 20%-ის ცვლილების შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის აღება თავიდან უნდა მოხდეს – ცვლილება უკვე დაამტკიცა და პრემიერმაც მთავრობის დადგენილებას ხელი უკვე მოაწერა.

როგორც „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი  ჩვენთან განმარტავს, მთავრობას ამ დრომდე დეტალურად არ დაუსაბუთებია რეგულაციების მიზანი და სარგებელი. რაც შეეხება ახალი ცვლილებების პაკეტს, დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერს უწოდებს:

„სამშენებლო რეგულაციებში არის ასეთი  პუნქტი, რომელიც პროექტის კორექტირებას გულისხმობს. პირობითად, თუ გაქვს ასაშენებელი 5 სართული და გინდა დაამატო კიდევ 2, წერ განცხადებას, რასაც ან გიდასტურებენ ან არა. არსებითად ახალი ცვლილებაც იმავეს ემსახურება, მაგრამ განსხვავება ვადებსა დაპროცედურებშია. ახლა სულ თავიდან უნდა დაიწყო სამშენებლო ნებართვის მისაღებად ბრძოლა, რაც 6-დან 1 წლამდე იწელება. ხომ, წარმოგიდგენიათ საბოლოოდ როგორ დააზარალებს ეს ბიზნესს?!“.

გარდა ბიუროკრატიული ბარიერებისა, მალხაზ სოლომონიშვილი ახალ ცვლილებაში სხვა პრობლემებსაც ხედავს. მისი თქმით, იზრდება ხარჯი და ფინანსური ზარალიც:

„ახალი მშენებლობის ნებართვის ასაღებად, დავით ნარმანიას მერობის დროს, 1 კვ.მ-ზე  გადასახდი 1 ლარი იყო, ახლა ითვლიან კ2 კოეფიციენტის მიხევდით და ფასი შეადგენს 4 ლარს. ესე იგი,  1000 კვ. მეტრზე ადრე გადასახდი 1000 ლარი იყო, დღეს – 5 ათასი ლარი. ახალი ცვლილების მიხედვით, მეორედ რომ მოგიწიოს მთლიანი პროცედურის გავლა, ეს თანხა ორმაგდება. მიღირს, როგორც ბიზნესმენს?!— აცხადებს სოლომონიშვილი.

დეველოპერი დარწმუნებულია, რომ მსგავსი რეგულაციები კონკრეტული ფიზიკური პირების ინტერესებს ემსახურება და ხშირ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის:

„საღამოს მივლენ ბახტაძესთან, ეტყვიან მოაწერე ხელიო და ესეც აწერს. მერე ხვდებიან რომ არასწორია… ხომ, შეიძლება ჩვენც დაგვიძახონ და გვკითხონ აზრი, იქნებ უკეთესი ვარიანტი შევთავაზოთ, მაგრამ არა – იკრიბებიან ძმაკაცები და წერენ კანონებს. ჩემი აზრით, ვიღაცის ინტერესებს ემსახურება ეს ყველაფერი და მეტი არაფერი. სხვა შემთხვევაში ასე სწრაფად ამდენ რეგულაციას არ შემოიტანდნენ და ჩვენთანაც ექნებოდათ კომუნიკაცია. საბოლოოდ მივალთ იქამდე, რომ ეს ქვეყანა კიდევ უფრო განახევრდება და ორ წელში დავრჩებით მილიონი. გარბის ყველა საქართველოდ და აქვთ კიდეც მიზეზი“ — ამბობს  „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი.

ახალი რეგულაციის დეტალებს განგიმარტავთ: 

“სამშენებლო დოკუმენტის იმგვარი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმებული ობიექტის განაშენიანების ფართობის ცვლილებას 20%-ზე მეტად ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას, დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურა დაწყებული უნდა იქნეს თავიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“ – ნათქვამია დადგენილებაში.

ასევე განაშენიანების ფართობის ცვლილების შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის უფლებრივი ზონირების ცვლილებით დამკვეთს ერთმევა შესაძლებლობა, ზონის ცვლილებამდე დადგენილი ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პარამეტრები აითვისოს მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურის თავიდან დაწყების გზით.

სალომე ლემონჯავა

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.