ანაკლიის პორტი ხელისუფლებისთის სავაჭრო თემაა – ამერიკას შანტაჟის ენაზეც კი ესაუბრება და პარალელურად თვალს უპაჭუნებს რუსეთს

„ანაკლიის პორტი და ტამანის ნავსადგური, რომელსაც რუსეთი  შავ ზღაში, კერძოდ ქერჩის სრუტეში აშენებს, ნაწილობრივ კონკურენტები არიან. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ერთი ამბავია საპორტო მიმართულება და მეორე მათი პოლიტიკური მნიშვნელობა,“ — ასე აფასებს შავი ზღვის არეალში ორი პორტის მნიშვნელობას ექსპერტი გია ხუხაშვილი.

მისი თქმით,  ტამანის ნავსადგური ბევრად მასშტაბურია, ვიდრე ანაკლიის პორტი. თანაც ქართული პროექტი ტარიფების თვალსაზრისითაც ბევრად ძვირია.  ამის მიუხედავად,  გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ბევრად მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოსთვის. ზუსტად ამიტომ იკვეთება აშშ-ს და რუსეთის მკვეთრი ინტერესები და ზუსტად ამიტომაც  ხელისუფლება შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ანაკლიისა და ტამანის კონკურენტუნარიანობა, ხელისუფლების პოზიცია, რუსული და ამერიკული ინტერესების მნიშვნელობა და თავად ანაკლიის პორტის დადებითი თუ უარყოფითი მოლოდინები – ყველა ამ საკითხზე ექსპერტი გია ხუხაშვილი დეტალურად „კომერსანტთან“ საუბრობს:

„პირველ რიგში, ბიზნეს განზომილების ნაწილს რომ შევეხოთ, რა თქმა უნდა, ტამანი, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაერთებელი კვანძი, თავისუფლად შეიძლება გახდეს ანაკლიის პორტის პირდაპირი კონკურენტი და ეს აიხსნება კონკრეტული ფაქტებით:

  • იმისთვის, რომ ანაკლიაში გადაიზიდოს შესაბამისი მოცულობების ტვირთები, საჭიროა გაიზარდოს თავად დერეფნის ტვირთგამტარიანობა, რადგან ანაკლიაში მოსახვედრად ტვირთმა უნდა გამოიაროს კასპიის ზღვა, აზერბაიჯანის და საქართველოს რკინიგზა.  ეს კომპონენტები კი თავიანთი ტვირთგამტარიანობით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან შეზღუდულია როგორც საქართველოს რკინიგზის,  ასევე უფრო მეტად აზერბაიჯანის. კიდევ უფრო შეზღუდულია კასპიის ზღვის სანაოსნო შესაძლებლობებიც, ანუ ჩვენ თუ ვსაუბროთ 20 მლნ. ტონაზე, რომელიც გადაიზიდეობდა უახლოეს წარსულში, შეგვიძლია ვისაუბროთ ამ რაოდენობას გაზრდაზე მაქსიმუმ 30 მლნ. ტონამდე. ეს მასშტაბები რეალურად კრიტიკული არაა რუსეთისთვის;
  • აქვე აღსანიშნავია, რომ უკვე არსებული საპორტო ინფრასტრუქტურა (ფოთი და ბათუმი), რომელიც სავსებით ერევა იმ ტვირთგადაზიდვებს, რაზეც საუბარია. აღნიშნულის საპირწონედ ამბობენ, რომ თითქოს ანაკლიის პორტი გაზრდის კონკურენტუნარინაობას, რასაც  ბოლომდე არ დავეთანხმები. იქ რომც შეიძლებოდეს უფრო დიდი გემების შემოყვანა, საქმე იმაშია, რომ ჯამური ტარიფი მაინც ძალიან მაღალი გამოდის, რადგან ანაკლიამდე ტვირთს უამრავი პორტის გავლა უწევს და ყველგან გადასახადია. მრავალკომპონენტიანი ტარიფია და, შესაბამისად, ძალიან აძვირებს ამ დერეფანში გადაზიდვას. იმდენად, რომ თუნდაც ღმაწყლოვანი პორტი და მაღალი, დიდი წყალწყვის გემების შემოყვანაც ვერ შველის  ამ პორტის კონკურენტუნარიანობას. ამ ყველაფრის პარალელურად, ჩრდილოეთით ძალიან მარტივია – ცენტრალური აზიიდან ერთი ტარიფი რუსეთის ტერიტორიაზე და მორჩა, მეტი არაფერია საჭირო. — ამბობს გია ხუხაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საპორტო მომსახურება ძალიან წარმატებული არ იყოს, ექსპერტის თქმით, ბევრად მნიშვნლოვანია ანაკლიის პორტის პოლიტიკური ასპარეზია, რადგან   ანაკლიის პორტის უმთავრესი ნაწილია, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის ელემენტის ფორმირება. ამიტომაც იკვეთება აშშ-ს აქცენტირებული ინტერესი:

„წმინდა ბიზნესს თავი რომ დავანებოთ, ბოლო პერიოდში  შავ ზღვა გახდა ერთ-ერთი ეპიცენტრი დიდი გეოპოლიტიკური თამაშების, რადგან უცბად დასავლეთმა აღმოაჩინა, რომ ამ  აკვატორიაში რამდენიმე ნატოს წევრი ქვეყანაა და, სამწუხაროდ, შავ ზღვაში რუსეთის საზღვაო ფლოტი დომინანტია. ეს პრობლემა კიდევ უფრო გაშიშვლდა განსაკუთრებით ქერჩის ინციდენტის შემდეგ. იმისათვის, რომ დასავლეთმა შეძლოს რუსული ფლოტის დომინირების დაბალანსება, მას სჭირდება შესაბამისი სასაზღვრო ინფრასტრუქტურა. ამ ნაწილში კი ანაკლიის პორტი (როგორც უსაფრთხოების პლაცდამი) სამომავლოდ შეიძლება მისთვის საინტერესო გამხდარიყო. ზუსტად ეს ელემენტია ყველაზე მნიშვნელოვანი მთელ ამ ამბავში“.

მეორე მნიშვნელოვან ელემენტად ხუხაშვილი ანაკლიაში ლოგისტიკური ცენტრის ფორმირების პერსპექტივებს მიიჩნევს. მისი თქმით, აღნიშნულ ლოკაციაზეთავისუფლად შესაძლებელია საწარმოო სისტემების შექმნა და განვითარება. საუბარია ობიექტებზე, რომლითაც მომავალში დაინტერესდებოდა ჩინეთი და სხვა ქვეყნები, რათა ევროპულ ბაზარზე თავიანთი შესაძლებლობები გაეფართოებინათ. აღმოსავლური ინვესტიციების საფუძველზე გადაზიდვის პარალელურად შეიქმნებოდა და აეწყობოდა სხვადასხვა პროდუქტი.

ერთი მხრივ ბიზნეს კონკურენციის და რუსულ-ამერიკული ინტერესების პირდაპირ, ხუხაშვილის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბოლოოდ გააცნობიერა ანაკლიის პორტის რეალური მნიშვნელობა და ახლა გადაწყვეტილების მიღების პროცესშია. თუმცა, ექსპერტის განცხადებით, მმართველმა ძალამ ვერ გადაწყვიტა საით გადაიხაროს: დასავლეთით თუ ჩრდილოეთით:

„ამ ყველაფრის ფონზე, ვფიქრობ, ხელისუფლების ამოცანაა ამ პროექტის კონტროლქვეშ აყვანა, ანუ კონსორციუმის განდევნა. სავარაუდოდ, ანაკლიის პორტის გამოყენება მთავრობას  პოლიტიკური ვაჭრობისთვის უნდა. ვაჭრობა, როგორც დასავლეთთან, ასევე რუსულ მხარესთან, რადგან როგორც იქნა გააცნობიერა პორტის პოლიტიკური წონა. ამიტომ,  პორტის აშენების სანაცვლოდ ხელისუფლება ცდილობს ძალაუფლების გასამყარებლად გრძელვადიანი პოლიტიკური გარანტიები ამერიკისგან მიიღოს. ამ მოცემულობაში, პრინციპში, ამერიკელებს შანტაჟის ენაზეც კი ესაუბრებიან და პარალელურად თვალსუპაჭუნებს რუსეთს. ესე იგი, მთავრობა ვაჭრობს – ერთი მიმართულებით გადაიხაროს თუ მეორე. არამგონია ჯერ პროექტის ჩაშლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა  ის რომ ცალი თვალით რუსეთისკენ იყურება, ეს ფაქტია“,- ამბობს გია ხუხაშვილი.

ტამანის ნავსადგურის მშენებლობას ბიზნესინტერესების გარდა პოლიტიკური დატვირთვაც რომ აქვს, ამ თემაზე ჩვენ რადენიმე დღის წინ ვწერდით. რუსული და ქართული პორტების განვითარების პერსპექტივებზე, გარანტიებზე და მოცულობაზე, დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით შემდეგ ბმულზე: https://commersant.ge/ge/post/tamanis-navsadguri-anakliis-portis-konkurenti-saertashoriso-bazarze

სალომე ლემონჯავა

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.