ანუ როცა ქვეყანაში ისეთი ძვირი არაფერია, რომ ივანიშვილმა გადახდა ვერ შეძლოს

Young Citizen -ის ბლოგი (კვირის პალიტრა)
“ბიძინა ივანიშვილის ფასი ამ ქვეყანაში არის ის, რომ დღეს ქვეყანაში ისაა გარანტი, მშვიდობიანობის, სტაბილურობისა და იმისა, რომ ჩვენს სუვერენიტეტს სხვა ქვეყნებმა პატივი სცენ”, – ეს განცხადება შეუცვლელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ბატონი ბიძინა საქართველოსთვის შეუფასებელია, დანარჩენ ყველაფერს კი ჩვენს ქვეყანაში თავისი ფასი ადევს – ოღონდ ისეთი ძვირი არაფერია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადახდა ვერ შეძლოს. როგორც ჩემი ბავშვობის ერთ ცნობილ სიმღერაშია “ყველაფერი იყიდება, თავის ფასი აქვს” – ოღონდ მყიდველი ერთია, “გამყიდველი” ბევრი, მოთხოვნა არის და შესაბამისად, მიწოდებაც.

როგორც ამბობენ, ბაზარი ყველაფერს არეგულირებს. მშვიდობიანობა, სტაბილურობა და სუვერენიტეტი ყველა ქვეყნისთვის უმთავრეს მონაპოვარს წარმოადგენს. პრეზიდენტი, მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო სისტემა ამ ყველაფრის გარანტია, უფრო სწორად უნდა იყოს გარანტი, მაგრამ თურმე, რა ტყუილად ხარჯავენ დროს, ენერგიასა და რესურსს განვითარებული ქვეყნები, რა ტყუილად შეიმუშავებენ ქვეყნის მართვის სხვადასხვა მოდელებს-ხოლმე, ამ ყველაფრისთვის მხოლოდ ერთი კაცი ყოფილა საჭირო, როგორც ეს საქართველოშია.
ჩვენ, ქართველები ხელგაშლილი ხალხი ვართ, ამიტომ არ გვენანება მსოფლიოს გავუზიაროთ ქვეყნის მართვის ჩვენეული მოდელი, რომელიც ერთ კაცზეა დაფუძნებული:1. მიდიხარ რუსეთში და შოულობ დიდ ფულს;
2. წლების განმავლობაში, შენი სახელი ბურუსით მოცულია და შენზე ლეგენდებს თხზავენ;3. ხელფასს უნიშნავ ყველას, ვინც კი ოდესმე ტელევიზორში გამოჩენილა;4. მთავრობას აძლევ ფულს;5. გწყინდება მთავრობისთვის ფულის მიცემა და გინდა შენ იყო მთავრობა;6. ელოდები, სანამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა რეალურად გაუსაძლისი არ გახდება;7. ბრუნდები ქვეყანაში და მართავ პრეს-კონფერენციას (ტრიპოლსკისთან ერთად);8. მოდიხარ მთავრობაში იმ ხალხთან ერთად, ვისაც ოდესმე რამე ცუდი უთქვამს, წინა ხელისუფლებაზე;9. მიდიხარ პრემიერმინისტრის თანამდებობიდან, მაგრამ არ მიდიხარ ჩვენი “გულიდან და გონებიდან”;
10. უშვებ იმ ხალხს სახლში, ვისაც ოდესმე რამე ცუდი უთქვამს წინა მთავრობაზე და ხელისუფლებას აბარებ იმ ხალხს, ვინც ფულს სწირავდა წინა მთავრობის პარტიას ან ასრულებდა მათ დავალებებს, ან კაცმა არ იცის რას აკეთებდა;11. ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ და სტაბილურობამ – შენ დაატარებ ხეებს;12. ხეებთან ერთად 89 დეპუტატთან დაატარებ მოსამართლეთა ათკაციან სიას და ასწავლი, რომელ ღილაკს უნდა დააჭირონ, რათა სია გავიდეს;13. შიგადაშიგ გისუსტდება “სუვერენიტეტი”, მაგრამ ძველი გვარდია მზადაა “სუვერენიტეტი” 48-ჯერ გააძლიერონ;14. ხანდახან, შენი სუვერენიტეტი ძალიან უბადრუკად და საცოდავად გამოიყურება, მაგრამ ისე გამძლეა, შენ გამო ტანკსაც კი შეუვარდება;
15. ქვეყანას ალაპარაკებ ევროკავშირსა და ნატოსთან, ხოლო პრეზიდენტის სახელით, სახელმწიფოს ცხინვალის დაბომბვაში ადანაშაულებ;საბოლოოდ, ერთი მსახიობის თეატრში ვართ, სადაც თეატრიც ეს მსახიობია. ასე ხდება, როდესაც ქვეყნის სუვერენიტეტიც და ზოგადად, ეს ქვეყანაც ერთი კაცია.. კაცი, რომელსაც დღემდე ოპონენტიც და მომხრეც ბატონ ბიძინად მოიხსენიებს…

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.