„არაჯანსაღი კონკურენცია და მომხმარებლების გაყვლეფა“ – დაზღვევის კავშირი თიბისი დაზღვევას და იმედი L–ს მიმართავს

დაზღვევის კავშირის თანათავმჯდომარე ვასილ ახრახაძე „კომერსანტთან“ არაპროფილური ბიზნესების  საკითხს აგრძელებს და „თიბისი დაზღვევის“ და „იმედი L“–ის ხელმძღვანელებს მიმართავს.

როგორც ახრახაძე აცხადებს, ეს საკითხი დიდი ხანია დგას დღის წესრიგში და როდესაც საუბარი იყო ინტერესთა კონფლიქტზე, ყოველთვის მოიაზრებოდა დამფუძნებლების, ამ შემთხვევაში ბანკის და სადაზღვევო კომპანიის აქციონერების დონეზე არსებული ინტერესთა კონფლიქტი.

მისი ინფორმაციით, ევროპის ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს იმის მაგალითები, თუ ეს საკითხები როგორ გვარდება. არსებობს შესაბამისი ევროდირექტივა, რომლის დანერგვასაც ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს. საუბარია, ფინანსურ კონგლომერატებზე, სადაც შედის ერთი ან რამდენიმე ლიცენზირებადი ფინანსური ინსტრუმენტი. მაგალითად, სადაზღვევო კომპანია ან ბანკი და სხვა სფეროში ეკონომიკური სუბიექტები, რომლებიც შესაძლებელია იყოს ასევე ლიცენზირებულები. როგორც ახრახაძე განმარტავს, ასეთი ტიპის ჰოლდინგების შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი რეგულაციები არსებობდეს.

მისი განმარტებით, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ თიბისი ბანკსა და თიბისი დაზღვევას შორის არ არის ინტერესთა კონფლიქტი, აქ ძალიან მარტივი მისახვედრია, რომ თიბისი ბანკი არ არის უშუალოდ თიბისი დაზღვევის დამფუძნებელი, არამედ, თიბისი ჯგუფი არის ორივეს დამფუძნებელი. შესაბამისად, როდესაც საუბარია ინტერესთა კონფლიქტზე და ამის შედეგად სადაზღვევო კომპანიის და ბანკის გამიჯვნაზე, აუცილებელია მოხდეს ამ ორი ფინანსური ინსტიტუტის აქციონერების დონეზე გამიჯვნა.

„ბატონი პაატა ღაძაძის მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს და საბანკო არხებით პოლისების რეალიზაცია მიღებული პრაქტიკაა საზღვარგარეთ, მათ შორის აშშ–ში, ვეთანხმები. დიახაც იქ საბანკო არხებში დიდი დოზით იყიდება სადაზღვევო პოლისები, თუმცა, არსებობს უმკაცრესი რეგულაცია, რომელიც ბანკს და მის აქციონერს პარალელურად სადაზღვევო ბიზნესის ფლობას უკრძალავს. ეს აკრძალული აქვთ რიგით თანამშრომლებსაც. შესაბამისად, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა, როდესაც საუბრობენ და გვეუბნებიან, რომ ამერიკის მაგალითს შევხედოთ,“– აღნიშნავს ახრახაძე.

მისივე მტკიცებით, იქ ბანკს და მის აქციონერს აკრძალული აქვს პარალელურად სადაზღვევო ბიზნესის ფლობა. უფრო მეტიც, არსებობს ფინანსური სერვისების მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო, რომელიც პარალელურად ამონიტორინგებს კომპანიებს სახელმწიფო დონეზე, რათა არ მოხდეს მომეტებულ ფასში, იგივე საბანკო არხებში სადაზღვევო პოლისების გაყიდვა. ასევე პრიორიტეტი ერთ ან ორ სადაზღვევო კომპანიას არ მიენიჭოს. ამით კი მომხმარებელი არ დაზარალდეს. ასევე ყურადღება ექცევა იმას, რომ ბანკმა არ მიიღოს ზედმეტი სარგებელი, არ მოხდეს ბანკის არხის გამოყენება მიკერძოებულად რომელიმე სადაზღვევო კომპანიის მიმართ. ან ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე, უზარმაზარი საკომისიოს მიღება.

როგორც ახრახაძე აღნიშნავს, სწორედ ამ ტიპის ინტერესთა კონფლიქტია თიბისი ბანკსა და თიბისი დაზღვევაში. როგორც დაზღვევის კავშირის თანათავმჯდომარე განმარტავს, თიბისი ბანკში თიბისი დაზღვევის პოლისები როგორც საცალო, ისე კორპორატიულ დონეზე, მომატებულ ფასში იყიდება.

„მაგალითად, სიცოცხლის დაზღვევის პოლისები დაახლოებით ორჯერ ძვირად იყიდება, ასევე ქონების დაზღვევის პოლისებიც. როდესაც მომხმარებელი სესხს იღებს ბანკში, მომხმარებელი ხდება ფაქტობრივად უფლებაწართმეული არჩევანთან დაკავშირებით. მას აიძულებენ, რომ ბანკთან აფილირებული კომპანიიდან, ამ შემთხვევაში თიბისი დაზღვევიდან შეიძინოს პოლისი, რომელიც გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე თავისუფალ ბაზარზე,“– აცხადებს ახრახაძე.

მისი განცხადებით, აღნიშნული მაგალითები შეიძლება შეფასდეს როგორც არაჯანსაღი კონკურენცია და მომხმარებლების გაყვლეფა.

“ეს არის ბატონი ღაძაძის მხრიდან თვალებში ნაცრის შეყრა,“ — აღნიშნავს ახრახაძე.

დაზღვევის კავშირის თანათავმჯდომარე იმედი L-ის გენერალურ დირექტორ გივი გიორგაძესაც ეხმაურება, რომელმაც „კომერსანტთან“ რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიურად განაცხადა, რომ ის ბანკების მიერ სადაზღვევო კომპანიების მფლობელობაში პრობლემას ნაკლებად ხედავს. ახრახაძე გიორგაძეს მიმართავს და აცხადებს, მისი ეს განცხადება მიკერძოებული იყო.

„იმედი L, ისევე როგორც ამ შემთხვევაში თიბისი დაზღვევა წარმოადგენს ერთიან ფინანსურ კონგლომერანტს, რომელიც არის ჯორჯიან კაპიტალის სახით. ამ კომპანიის დამფუძნებელი არის ჯორჯიან კაპიტალი, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს როგორც ფარმაცევტულ კომპანიებს, ისე სადაზღვევო კომპანია იმედი L-ს. ეს ყველაფერი თავს იყრის საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში, მისი დამფუძნებელი კი “ჯორჯიან კაპიტალია. აქაც იგივე სქემაა. თავის მხრივ ჯორჯიან კაპიტალი ასევე არის საქართველოს ბანკის დამფუძნებელი. შესაბამისად, აქაც გამოდის ერთიანი ფინანსური ინტერესი და კიდევ უფრო მძიმე ინტერესი, რადგან აქ უკვე ბანკის და სადაზღვევო კომპანიების აქციონერების ინტერესთან ერთად თანხვედრაში მოდის სამედიცინო და ფარმაცევტული ინტერესებიც, რომელიც კიდევ უფრო დამაზარალებელია მომხმარებლისთვის.

ამ შემთხვევაში, ამ ქსელში, ამ ჯგუფში მოხვედრილი ადამიანი არის უფლებაწართმეული იმიტომ, რომ თუ ის იღებს ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისს, მას ამისამართებენ ევექსში, აქედან ხდება გადამისამართება თავიანთ სააფთიაქო ქსელში, ეს კი ხორციელდება იმედი L–ის გავლით, რომელიც წარმოადგენს ამ ფარმაცევტული და სამედიცინო დაწესებულებისთვის მოზიდვის წყაროს. სამედიცინო დაწესებულება იმედი L-სთვის წარმოადგენს კლიენტების მოზიდვის წყაროს, თავისივე ფარმაცევტული და სამედიცინო სერვისის მიწოდებული ქსელისთვის, რომელშიც ხდება ამ ადამიანის დატრიალება და საერთო ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა ეს კომპანია, მათ შორის ფარმაცევტული, სამედიცინო, სადაზღვევო კომპანია იმედი L-ი, ფინანსურად დაინტერესებულია, რომ რაც შეიძლება დიდი თანხები მოიხმარონ დაზღვეულებისგან და გამოსძალონ მეტი ფული შემდეგი სქემით:

დაზღვეული უნდა გაპაციენტდეს, მას უნდა დაენიშნოს არაერთი კვლევა, მედიკამენტები და ამ ყველაფერზე თვალი უნდა დახუჭოს სადაზღვევო კომპანიამ, რომლის ძირითად ფუნქციას მთელს მსოფლიოში დაზღვეულის გაპაციენტებისგან პრევენცია წარმოადგენს. ისევე როგორც სწორი დაფინანსების გაკონტროლება. ეს კი სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ნიშნავს სწორ მკურნალობას. როდესაც სადაზღვევო კომპანია სამედიცინო დაწესებულებებთან და ფარმაცევტულ კომპანიებთან ერთად ხდება ფინანსურად დაინტერესებული, ჯიბიდან რაც შეიძლება მეტი ფული გამოართვას დაზღვეულს, ეს უკვე გამოდის კარუსელი, რომლის დროსაც ფინანსურად ზარალდება მომხმარებელი, მეორეს მხრივ, მის ჯანმრთელობას ზიანი ადგება.

თქვენ თუ გადახედავთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, ნახავთ, რომ ყველაზე მაღალი პროცენტი გვაქვს გადაუდებელი სერვისების, რომელიც მთელი მსოფლიოში რაც არის, იმაზე სამჯერ მაღალია. თუ გადავხედავთ ფარმაცევტული ქსელის რაოდენობას საქართველოში, რომელიც 10 000 აფთიაქს აჭარბებს 3 მილიონიან ქვეყანაში, ვნახავთ, რომ მსოფლიოში ამის ანალოგი არ არსებობს. ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი რაოდენობის აფთიაქები არ არის. ეს არის იმის შედეგი, რომ ჩვენთან ეს კონგლომერატები დაინტერესებულები არიან ფული ამოართვან მომხმარებელს და თავიანთ ქსელში დაატრიალონ,“– აცხადებს ახრახაძე.

მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხი დაზღვევის კავშირში რამდენიმე თვის წინ დადგა. მაშინ ითქვა, რომ მოხდეს საბანკო და სადაზღვევო სფეროების გამიჯვნა და ისე გადაწყობა, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია. მაშინ მოთხოვილი იყო გამიჯნულიყო სამედიცინო და სადაზღვევო კომპანიებიც.

როგორც დღეს ახრახაძე აცხადებს, ამ თემასთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ კონსულტაციები როგორც პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, ისე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან. მისი მტკიცებით, მთავრობის თითქმის ყველა დონეზე პრობლემის არსებობას აღიარებენ. „ამჯერად მოლოდინის რეჟიმში ვართ. ახლა ჩვენ ზედამხედველსაც მივმართავთ და მოვთხოვთ პასუხს იმაზე, თუ რა დასკვნები გამოიტანეს. თითიდან გამოწოვილი პასუხი ღაძაძის თუ გიორგაძის, რომ პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი არ არის, სიმართლეს არ შეეფერება. ეს კონგლომერატები დღეს სარგებლობენ სუსტი საკანონმდებლო ბაზით, რომელიც საქართველოშია. ჩემი მოწოდება იქნება, რომ ნუ ისარგებლებენ კანონში არსებული შავი ხვრელებით და სუსტი საკანონდმებლო ბაზით,“– აღნიშნავს ახრახაძე.

როგორც ცნობილია, დაზღვევის კავშირი  დაახლოებით 15–მდე სადაზღვევო ობიექტს აერთიანებს. მათ შორის, სადაზღვევო კომპანიებს და სადაზღვევო ბროკერებს.

თემასთან დაკავშირებით, „კომერსანტი“ დაუკავშირდა სტატიაში დასახელებულ ყველა მხარეს.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა “კომერსანტს“  საპასუხო განცხადება გამოუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სადაზღვევო კომპანია იმედი ელი“ გახლავთ „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ წევრი სადაზღვევო კომპანია. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“, თავის მხრივ, გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული იურიდიული პირია და მისი აქციები 2015 წლიდან საჯაროდ ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. აღნიშნული ჯგუფის, ისევე როგორც ჯგუფში შემავალი ყველა კომპანიის (მათ შორის, „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“-ს) საქმიანობა ყოველ ეტაპზე შეესაბამებოდა და შეესაბამება არა მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობის, ასევე, გაერთიანებული სამეფოს უმკაცრეს რეგულაციურ მოთხოვნებს, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს საქმიანობის მაქსიმალურ გამჭვირვალეობას, კორპორაციული მართვის უმაღლეს სტანდარტებსა და ჯანსაღი კონკურენციის პირობებს. 

ჩვენი ჯგუფის აქციონერი, გარდა საქართველოს კაპიტალისა, გახლავთ 200-ზე მეტი კერძო და უმსხვილესი საერთაშორისო ინსტიტუციონალური ინვესტორი. აღნიშნული ინვესტიციით კი მათ ნდობა გამოუცხადეს არა მხოლოდ ჩვენს ჯგუფს, არამედ – ქვეყანას. ყოველწიურად საჯაროდ ქვეყნდება მთელი ჯგუფის საქმიანობის ამსახველი დეტალური ანგარიში, რომელიც განკუთვნილია, როგორც ჯგუფის აქციონერებისა და ინვესტორების, ისე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ყველა სუბიექტს, რომელიც ნამდვილად დაინტერესებულია, გაარკვიოს ჩვენი ჯგუფის აქციონერთა სტრუქტურა, მარტივად შეუძლია იმის დადგენა, რომ არცერთი ადგილობრივი ბანკი (მათ შორის, არც „საქართველოს ბანკი“) არ გახლავთ „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ დამფუძნებელი და გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, სხვა არავითარი ურთიერთობა არ გვაკავშირებს ადგილობრივ ბანკებთან. აღნიშნული ინფორმაციის დამახინჯება კი მხოლოდ ან არაინფორმირებულობის ან განზრახ მიმართული ნეგატიური კამპანიის შედეგი შეიძლება იყოს, რასაც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მრავლად აქვს ადგილი რიგი არაკეთილსინდისიერი სუბიექტების (მათ შორის, კონკურენტების) მხრიდან, რომლებიც არაერთგზის ცდილობენ, თითქოსდა, „მომხმარებლებზე ზრუნვის“ სარჩულით, პირადი სარგებლის მიღებას კონკურენტი კომპანიების დისკრედიტაციის ხარჯზე. 

ბატონი ვასილ ახრახაძე გახლავთ სწორედ ამგვარი ერთ-ერთი კონკურენტი სადაზღვევო კომპანიის – „უნისონის“ გენერალური დირექტორი. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი მცდარი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებისაგან, პატივი სცენ „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფისა“ და ამ ჯგუფში შემავალი კომპანიების საქმიან რეპუტაციას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მაღალი საქმიანი და კორპორაციული სტანდარტების დაცვით გახლავთ მოპოვებული და ძალიან ღირებულია. აღნიშნულის ხელყოფა აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტულ კომპანიას, არამედ, ზოგადად, ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და მომავალს. შესაბამისად, ყველა კანონიერი გზით განვახორციელებთ საქმიანი რეპუტაციის დაცვას მიუღებელი ხელყოფის მცდელობებისგან.

ჩვენ ასევე ველოდებით სტატიაში მოხსენიებული სხვა კომპანიების პასუხებსაც. 

რაც შეეხება „საქართველოს ბანკს“,აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის დამფუძნებელი არა „ჯორჯია კაპიტალი“, არამედ BGEO ჯგუფია, რომლის გაყოფაც 2018 წლის 29 მაისს დასრულდა. 10 წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, უმსხვილესი საბანკო და საინვესტიციო ჯგუფი – „ბიჯეო ჯგუფი“ გაიყო ორ დამოუკიდებელ ჯგუფად. საქართველოს ბანკის ჯგუფი (Bank of Georgia Group PLC) საბანკო სფეროში განაგრძობს მოღვაწეობას, ხოლო საქართველოს კაპიტალი (Georgia Capital PLC) – საინვესტიციო მიმართულებით. საქართველოს ბანკი არ ფლობს არაპროფილურ აქტივებს.

სოფო ქსოვრელი 

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.