„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს

საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის აღრიცხვა იწყება. სტატისტიკის ეროვნული სამსახური განათლებისა და უძრავი ქონების ფარული დარგების გამოკვლევას გეგმავს. უწყება  რეპეტიტორებისა და ბინის გამქირავებლების რაოდენობასა და მათ შემოსავლებს დაითვლის. მათი გათვლით, ეკონომიკის დაახლოებით 13% ჩრდილშია, ხოლო ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა ამ ორ სექტორში განსაკუთრებით მაღალია. დიდი ალბათობით, მას შემდეგ, რაც სრული სურათი გამოკვეთება, რეპეტიტორებსაც და ბინის გამქირავებლებსაც გადასახადადების გადახდა დაეკისრებათ.

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ფიქრობს, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვა კეთილშობილურ მიზნებს არ ემსახურება და ამ შემთხვევაშიც მთავრობის მთავარი მოტივაცია ხაზინის შევსებაა.

„როცა მთავრობები ასეთი პროექტის კეთებას იწყებენ რთულია მასში კეთილშობილური მიზანი ვეძებოთ. ბიზნესები თანაბარ პირობებში, რომ იყოს ამაში ცუდი თავისთავად არაფერია, მაგრამ ხშირად ხელისუფლების მოტივაციაა,რომ ხაზინა შეავსონ, მიაჩნიათ, რომ ეკონომიკის რაღაც ნაწილი ჩრდილშია და უნდათ რომ „მზეზე გამოიყვანონ“, იმისთვის რომ მერე გადასახადები გადაახდევინონ. ამის გაკეთება შეიძლებოდა იმის პარალელურად, თუ ხელისუფლება საბიუჯეტო ხარჯებს დაზოგავდა, ანუ გავათეთროთ ეკონომიკა, მაგრამ ამავე დროს დავსვათ კითხვები – გვჭირდება კი ბიზნესიდან ამდენი ფულის ამოღება, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა ბიზნესიდან უფრო მეტ ფულს იღებს, ვიდრე სჭირდება. ვისურვებდი, რომ გადასახადების შემცირებისკენ ვიყოთ მიმართული და არა ისე, რომ ვინც დაუბეგრავი დარჩა ყველა ვიპოვოთ და დავბეგროთ“, – აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.

მისივე თქმით, მთავრობა არჩევნების წინ ცდილობს ბიუჯეტი რაც შეიძლება გაზარდოს და მეტი თანხის მობილიზება მოახდინოს, ამიტომ ყველა ხერხს მიმართავს რათა უფრო მეტი ბიზნესი დაბეგრონ.

„100%-ით დაბეგრო ყველა ეკონომიკური საქმიანობა – შეუძლებელია, თუმცა, არც რამდენიმე ბიზნესზე არ უნდა მოხდეს ხაზინის ჩამოკიდება, ამიტომ გადასახადები ყველას უნდა გამოვართვათ, მაგრამ ამავე დროს  კითხვა უნდა დავსვათ – რეალურად რამდენი გადასახადი გვჭირდება. ხელისუფლება ბევრ ფულს ფანტავს და ანიავებს, რეალურად, დიდია იმის რესურსი,რომ გადასახადები შევამციროთ და მერე ის ყველა ბიზნესზე თანაბრად გადავანაწილოთ. ახლა ეს ყველაფერი გაახსენდათ იმიტომ, რომ არჩევნები მოდის და მთავრობას ბიუჯეტი რომ არ დააკლდეს, ვიღაც საწყალი რეპეტიტორებიც კი უნდა დაბეგრონ. არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ. გარდა ამისა, ასეთი ნელი ეკონომიკური ზრდის პირობებში გადასახადები იმდენი ვერ გროვდება რამდენსაც ფინანსთა სამინისტროში იმედოვნებდნენ და ახალ გზებს ეძებენ,“ – ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „საქსტატის“ ეს ინიციატივა საშუალებას იძლევა განისაზღვროს ქვეყნის ეკონომიკის რეალური მოცულობა, რაც პოტენციურ ინვესტორებს პრიორიტეტების სწორად შერჩევაში დაეხმარება. თუმცა, მათივე თქმით, ეკონომიკის ამ სეგმენტის ლეგალიზაცია ფასების ზრდას გამოიწვევს და მომსახურების საფასურს გაზრდიან როგორც რეპეტიტორები ასევე ბინის გამქირავებლები.

რა მეთოდით აპირებს „საქსტატი“ რეპეტიტორების, ასევე ბინის გამქირავებლების და მათი შემოსავლების აღრიცხვას ჯერჯერობით უცნობია.

ნინო თამაზაშვილი

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.