ასტრონომებმა კოსმოსიდან მომდინარე იდუმალებით მოცული ძლიერი, დაბალი სიხშირის რადიოსიგნალები დააფიქსირეს

ასტრონომებმა კიდევ ერთი იდუმალი და მძლავრი სწრაფი რადიოსიგნალი დააფიქსირეს, რომელიც კოსმოსში მდებარე უცნობი წყაროდან მოდის.

თუკი ამაში უცნაური ვერაფერი დაინახეთ, გეტყვით, რომ ეს კონკრეტული სწრაფი რადიოსიგნალიწარმოუდგენლად დაბალია, 580 მეგაჰერცი სიხშირის დიაპაზონში, რაც 200 მეგაჰერცით დაბალია ამ დრომდე დაფიქსირებულ სხვა ნებისმიერ სწრაფ რადიოსიგნალს შორის.

სულ რაღაც მილიწამების განმავლობაში, მათ შეუძლიათ გამოიმუშაონ იმდენი ენერგია, რამდენის გამომუშავებსასც 500 მილიონი მზე დასჭირდებოდა. გარდა ამისა, ამ სიგნალების წარმოქმნა ყოველ წამშია შესაძლებელი. პრობლემა იმაშია, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა წარმოქმნის მათ.

მეცნიერთა მიერ ამ დრომდე დაფიქსირებული ერთ-ერთი ასეთი სიგნალი განმეორებადია და ერთი და იგივე ადგილიდან მრავალ FRB-ს ასხივებს. შედეგად, ასტრონომებმა მათი წარმომქმნელი წყაროს ადგილმდებარეობის განსაზღვრა შეძლეს.

მიუხედავად ამისა, ამ დრომდე დაზუსტებით არ არის ცნობილი სიგნალების გამომწვევი მიზეზი, უცნობია ისიც, მოედინება თუ არა სხვადასხვა წყაროებიდან სხვადასხვანაირი FRB-ები. სიგნალთა აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ ერთხელ არის დაფიქსირებული, რაც საქმეს კიდევ უფრო ართულებს.

ამჯერად, მეცნიერებს შესასწავლი აქვთ კიდევ ერთი სხვა ანომალია.

პორტალ Astronomer’s Telegram-ზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, 2018 წლის 25 ივლისის დილას, კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში განლაგებულ რადიოტელესკოპთა წყებამ ძალიან უცნაური სწრაფი რადიოსიგნალი (FRB) დააფიქსირა.

აღმოჩენის თარიღის მიხედვით, სიგნალს FRB 180725A უწოდეს.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ინტენსიური სიგნალი გადაიცემა ძალიან დაბალ რადიოსიხშირეში, 580 მეგაჰერცზე. შედეგად, ის პირველი FRB-ია, რომელიც 700 მეგაჰერცზე დაბალ სიხშირეზე დააფიქსირეს.

ეს ყოველივე ალბათ უცნაურად ჟღერს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს 1998 წლის შემთხვევა, როცა მკვლევრებმა ჩათვალეს, რომ აღმოაჩინეს კოსმოსიდან მომდინარე რადიოსიგნალის ახალი ტიპი, მაგრამ მხოლოდ 17 წლის შემდეგ გაირკვა, რომ სინამდვილეში, სიგნალი ობსერვატორიაში განთავსებული მიკროტალღური ღუმელიდან მოდიოდა.

მაგრამ ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ახალ და საინტერესო FRB-ის აღმოჩენასთან.

საინტერესოა, მეცნიერთა აზრით, რა შეიძლება იყოს ეს უცნაური სიგნალები?

განმეორებადი FRB-ების ბოლო კვლევა მიუთითებს, რომ მათი წყარო ნეიტრონული ვარსკვლავია, მაგრამ სხვა ჰიპოთეზები მათ მიაწერს შავ ხვრელებს, კომპანიონი ვარსკვლავის მქონე პულსარებს, ფეთქებად პულსარებს, ვარსკვლავის ტიპს — სახელად ბლიცარს, უკავშირებენ გამა-გამოსხივების აფეთქებებს (რომლებიც წარმოიქმნება ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახების შედეგად) და მაგნეტარებს, რომლებიც წარმოქმნიან გიგანტურ ანთებებს.

გარდა ამისა, სულ უფრო მეტად სავარაუდო ხდება, რომ ამ ფეთქებად მოვლენებს ერთზე მეტი ახსნა ექნება.

მეცნიერთა ერთი ნაწილი აზრით, არ არის გამორიცხული ისიც, რომ სწრაფი რადიოიმპულსები შესაძლოა, არამიწიერ ცივილიზაციათა გიგანტური კოსმოსური ხომალდებისგან მოდიოდეს.

ასტრონომთათვის დანამდვილებით ცნობილია, რომ FRB-ები სიხშირეთა ფართო დიაპაზონს ფარავენ. როგორც ეს ახალი აღმოჩენა აჩვენებს, იმაზე უფრო ვრცელსაც კი, ვიდრე თავდაპირველად მიაჩნდათ. გარდა ამისა, ჩანს ისიც, რომ ისინი ძალიან შორიდან მოდის, სავარაუდოდ მილიარდობით სინათლის წლის მანძილიდან. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ რაც არ უნდა იყოს მათი წყარო, ის უკიდურესად ენერგიულია.

წყაროს მიუხედავად, უდავოა, რომ ამ სიგნალთა წარმომავლობის უკეთესად შესწავლა მეცნიერებს ბევრ ახალ ამბავს უამბობს სამყაროს წარმოშობისა და იდუმალებით მოცული რეიონიზაციის ეპოქის შესახებ. სამყაროს სწორედ ამ ძალიან ადრეულ ეპოქაში მოხდა ვარსკვლავთშორისი სივრცისა და პირველადი წყალბადის იონიზება.

„სავარაუდოდ, FRB-ები უკიდურესად მძლავრი ანთებებია, რომლებიც ჩვენი აზრით, აღწევენ ვარსკვლავთშორის ნისლში და ჩანან ძალიან დიდი მანძილიდანაც. მათი საშუალებით, შეგვიძლია შევისწავლოთ სამყაროს ძალიან ადრეული ეტაპი“, — აღნიშნავს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის წარმომადგენელი ანასტასია ფიალკოვი.

მეცნიერებას ყოველდღიურად ემატება ახალი, უმძლავრესი ხელსაწყოები, რომლებიც FRB-ებს გაცილებით მარტივად აფიქსირებენ. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მათი წყალობით, ბევრი აღარ დარჩა იმ დრომდე, როცა საბოლოოდ გავარკვევთ, თუ საიდან მოდის ეს იდუმალი სიგნალები და რაც მთავარია — რა არის მათი წყარო.

მომზადებულია astronomerstelegram.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.