აუქციონზე შეძენილი ქონების შესახებ განკარგულების მიღება ელექტრონულადაა შესაძლებელი

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე შეძენილი ქონების შესახებ განკარგულების ელექტრონული სახით გაცემა დაიწყო.

პირი, რომელიც ელექტრონულ აუქციონზე eauction.ge შეიძენს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარდგენილ ქონებას, გამარჯვებისთანავე მიიღებს შეტყობინებას, განკარგულების და სხვა თანდართული დოკუმენტის ელექტრონულად მიღებისა და ჩამოტვირთვის შესაძლებლობის შესახებ.

მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება, რომ დაეთანხმოს დოკუმენტის ელექტრონული წესით მიღებას ან კვლავ მიბრძანდეს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და იუსტიციის სახლებში დოკუმენტის ხელზე მისაღებად. მომხმარებელი, დოკუმენტის ელექტრონულად მიღების შესახებ შეტყობინების დათანხმების შემთხვევაში, მიიღებს ინფორმაციას მობილური შეტყობინების სახით, მოგებულ ლოტზე დოკუმენტაციის ატვირთვის შესახებ.

მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, Eauction.ge-ს პირად გვერდზე ჩამოტვირთოს/გახსნას დოკუმენტაცია, რომელიც ჩამოტვირთვისთანავე მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება. ასევე, დოკუმენტის ელექტრონულად მიღების შესაძლებლობაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, მომხმარებელს კვლავ რჩება საშუალება, შეცვალოს არჩევანი და მოითხოვოს დოკუმენტის ელექტრონულად მიღება.

აღნიშნული სერვისი ნოვაციაა და აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი უწყებაა, რომელმაც აუქციონზე ქონების შეძენის შემთხვევაში განკარგულების ელექტრონულად მიღების წესი დანერგა.
პროექტი აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით განხორციელდა.

ახალი სერვისით იზოგება მოქალაქის დრო და ხარჯები. მას დოკუმენტის მიღებისთვის არ დასჭირდება აღსრულების ეროვნულ ბიუროსა თუ იუსტიციის სახლში მისვლა. ამავდროულად, სერვისი მოახდენს აღსრულების ეროვნული ბიუროს კანცელარიის თანამშრომლებისა და აღმასრულებლების დამატებითი სამუშაოსაგან განტვირთვას.

წყარო: ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: