აფბა: მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა კერძო საკუთრებას ზღუდავს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“, აგრძელებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე (მგგ) მუშაობას და საზოგადოებას შუალედურ ანგარიშს სთავაზობს. კერძოდ, ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტის“ მიერ, მერიისთვის წარდგენილი მგგ-ს განახლებული მასალებიდან ირკვევა, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციების ახლებურად მოწყობისა და რელოკაციის ფინანსური და ეკონომიკური საკითხები კვლავ ბუნდოვანია. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის SWOT ანალიზის ნაწილში,  საფრთხეებად ავტორები თავად ასახელებენ მგგ-ს გადაწყვეტების ფინანსურ უზუნველყოფას და კერძო და საჯარო ინტერესების შეუთანხმებლობას, რაც ცალსახად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან კვლევის პროცესში ორგანიზაციას მომართა უამრავმა მოქალაქემ, რომელთა საკუთრების უფლება უკვე ხელყოფილია, რადგან მგგ-ს არსებული ვერსიით სახეზეა უამრავი კერძო საკუთრების შეზღუდვის ფაქტი, იმის გამო, რომ ყოველგვარი წინასწარი ინფორმირებულობის და კონსულტაციების გარეშე ხდება მოქალაქეთა კერძო საკუთრებაში არსებული ქონებისთვის დღეს მოქმედი ზონალობის შეცვლა.

მაგალითად ერთ-ერთი მოქალაქე გვატყობინებს: – „მოქმედი კანონით ავშნიანის მოსახლეობის ნაკვეთებს აქვს მინიჭებული რეკრიაციული ზონა #3 . ამ ზონაში დასაშვებია დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი    შენობა – ნაგებობების განლაგება.  ახალი გენერალური გეგმის თანახმად კი ჩვენი ნაკვეთების ფუნქციურ ნაწილში იგეგმება ცვლილება. როგორც მერიაში განგვიმარტეს  იგეგმება რომ  ჩვენი ნაკვეთები მოექცეს ლანდშაპტურ ზონაში, რის გამოც  მოსახლეობა ვერ განახორციელებს ვერანაირი სახის მშენებლობას. ეს ინფორმაცია სრულიად შემთხვევით გავიგეთ,  როდესაც მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით მივმართეთ თბილისის მერიას და მერიიდან მივიღეთ უარი სწორედ ზემოაღნიშნული მიზეზის გამო. გაკვირვებულები ვართ  რომ მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული განსახორციელებელ ცვლილებებზე. გარწმუნებთ მოსახლეობასთან არ ქონია კომუნიკაცია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ არცერთ  თანამშრომელს“.

სწორედ ამიტომ, დედაქალაქის მერიამ მგგ-ს დამტკიებამდე აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას პრიორიტეტული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს, ვინაიდან გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მგგ-ში უფლებრივი  საკითხების უგულებელყოფა სოციალური მღელვარების საფუძველი გახდება.

რაც შეეხება მგგ-ს არსებული ვერსიის მიღების შემმთხვევაში წარმოშობილ ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებს:

მგგ-ს მიხედვით სანაპიროს გასწვრივ, უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი საფეხმავლო ქსელი, საველოსიპედო-საფეხმავლო ხიდებითა და უწყვეტი ბილიკებით, ქალაქის მთელ სიგრძეზე. მდინარეზე განთავსებულმა საფეხმავლო კავშირებმა, მტკვრის ერთმანეთისგან იზოლირებული, მარჯვენა და მარცხენა სანაპირო ერთიან სარეკრეაციო სივრცედ უნდა აქციოს. გარდა იმისა, რომ აღნიშნული მოწყობის ფინასურ ნაწილზე პასუხისმგებელ ორგანოს, ან შესაბამის ფინანსურ ხარჯებს და სავარაუდო გათვლებს ვერ ვხედავთ, აგრეთვე არ არის შესაბამისი ეკონომიკური ანალიზი,  რომლის მიხედვითაც გავიგებდით თუ რა სოციალურ-ეკონომიკური ზიანი შესაძლოა მიადგეს ქალაქს სხვადასხვა ეკონომიკური ზონების სარეკრეაციო სტატუსად გადაკეთების შემთხვევაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ყოველგვარ ფინანსურ ანალიზს არის მოკლებული, არის გვირაბების სისტემა. კონკრეტულად მგგ-ს მიხედვით საპარკო ზონის, უშუალოდ მდინარესთან გასვლის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, იგეგმება აღნიშნულ მონაკვეთზე სანაპირო ავტოსატრანსპორტო მაგისტრალის მიწისქვეშ ჩატანა. აღნიშნული პროექტის ფინანსური ღირებულებაც არ არის დათვლილი, შესაბამისად ვერ ვიგებთ თუ რამდენად არის ეკონომიკურად მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურის გადაკეთება მიზანშეწონილი, რაც თავის მხრივ სათუოს ხდის პროექტის რეალურობას. მგგ-ში ასევე არაფერია ნათქვამი იმ საკომპენსაციო თანხაზე, რომლის გაღებაც მოუწევს დედაქალაქის ბიუჯეტს, სხვადასხვა ეკონომიკური ზონების რელოკაციის შემთხვევაში და რომელთა რელოკაციაც აუცილებელი გახდება მგგ-ს მიხედვით მოწყობის შემთხვევაში. აგრეთვე გაუგებარია, თუ რის საფუძველზე ეცვლება ასობით ათას კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს იურიდიული სტატუსი? თუ გენ გეგმის ავტორები რეკრეციულ ზონებზე აკეთებენ აქცენტს და ამისთვის არსებული ეკონომიკური ზონების გადატანას არ ერიდებიან, რომელიც პირველადი გათლებით კოლოსალურ თანხებს უკავშირდება, მაშინ ამავე მგგ-ს მიხედვით რატომ ხდება ასეულობით კვადრატული მიწის რეკრეაციული სტატუისის შეცვლა.

აფბა აგრძელებს გენ გეგმის შესწვლას და უახლოეს მომავალში საზოგადოებას დასკვნით დოკუმენტს შესთავაზებს, სადაც იქნება ასახული ის სავარაუდო ხარჯები რის გაღებაც მოუწევს დედაქალაქის ბიუჯეტს, ასევე ის რისკები, რის წინაშეც შესაძლოა აღმოვჩნდეთ მგგ-ს არსებული სახით დამტკიცების შემთხვევაში.

წყარო: commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.