აფხაზი და ოსი პაციენტების მკურნალობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 17 მლნ ლარი დაიხარჯა

სამედიცინო მომსახურება სულ 6,188-მა პაციენტმა მიიღო.

ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს პოლიტიკის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამშვიდობო პროცესის საინიციატივო წინადადებები და ფორმატები, წარმართოს სამშვიდობო პროცესები და მონაწილეობა მიიღოს მათში. აღნიშნული პოლიტიკა ასევე გულისხმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე (დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ა/ო) მცხოვრები პაციენტების მკურნალობის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას. უფრო ზუსტად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები არა-საქართველოს მოქალაქეების (შემდგომში, აფხაზი და ოსი პაციენტების) სამედიცინო მომსახურება, რაც ხორციელდება „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, IDFI-მ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014-2017 წლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონალური მომსახურებით მოსარგებლეთა სტატისტიკური მონაცემების მოთხოვნით მიმართა.

IDFI-ის მიერ გმოქვეყნბული ინფორმაციით 2014-2017 წლებში, აფხაზი და ოსი პაციენტების სამედიცინო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვის პროგრამის ფარგლებში სულ დაიხარჯა 16,935,074.81 ლარი, ხოლო სამედიცინო მომსახურება სულ 6,188-მა პაციენტმა მიიღო. ამავე წლებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პაციენტებს შორის უფრო მეტი იყო აფხაზი (3,595), ვიდრე ოსი (2,650), შესაბამისად, აფხაზი პაციენტების სამედიცინო მომსახურებაზე უფრო მეტი თანხა დაიხარჯა (აფხაზ პაციენტებზე – 9,759,689 ლარი, ოს პაციენტებზე – 8,098,078 ლარი).

2014-2016 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლე პაციენტების რაოდენობა 2.4-ჯერ გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თითქმის გაორმაგდა.

ასევე გამოიკვეთა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს ყველაზე ხშირად ონკოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის დაავადების შემთხვევაში  და მედიკამენტების მოთხოვნით მიმართავენ.

მარიამ აბრამიშვილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.