აფხაზური კომპანიები თანამშროლობისთვის მეტ მზაობას გამოთქვამენ, ვიდრე ქართული მხარე – ახალი კვლევის შედეგები

„ენგურის კარიბჭის“ კანონიერი ბიზნესისთვის გახსნა  (ქართული და აფხაზური კერძო კომპანიების ხედვა), სწორედ ასე ეწოდება კვლევას, რომელიც ბრიტანულმა არასამათავრობო ორგანიზაცია International Alert -მა ჩაატარა.  კვლევის მიხედვით გამოვლინდა, რომ  აფხაზური კომპანიებისათვის  ქართულ მხარესთან ლეგალური ბიზნეს ურთიერთობები გასაღების დამატებით ბაზართან ასოცირდება.  ქართული კომპანიებისთვის კი ოკუპირებული აფხაზეთი დანაშაულებრივი ბიზნეს კულტურის მატარებელი უმნიშვნელო ბაზარია და უფრო მისი ტრანზიტული შესაძლებლობებით არიან დაინტერესებულნი.

რაც შეეხება დამატებით დეტალებს, როგორც კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი ვახტანგ ჭარიაია „კომერსანტთან“ აცხადებს, ორივე მხრიდან (ქართული და აფხაზური) თანამშრომლობის მოწინააღმდეგე კომპანიის რაოდენობა საკამოდ მცირეა და  ნეგატიური დამოკიდებულების მთავარი მიზეზი პოლიტიკური და იდოლოგიური პოზიციებია.

„ძალიან მცირეა ისეთი კომპანია, რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგება ბიზნეს თანამშრომლობას, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე მხარისთვის პოლიტიკა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ეკონომიკა.  რაც შეეხება თავად კომპანიებს, გამოიკვეთა რომ ურთიერთობის მზაობა აქვთ უფრო მეტად წვრილ ბიზნესებს, ვიდრე მსხვილს. ასევე კვლევამ აჩვენა ისიც, რომ რაც უფრო ახლოსაა კონკრეტული ბიზნესი კონფლიქტის ზონასთან, მით უფრო მზადაა ვთქვათ, იგივე ვაჭრობისთვის. მაგალითად, თბილისზე მეტად ზუგდიდში არსებული კომპანია უფრო გამოთქვამს მზაობას. იგივე შეიძლება ითქვს აფხაზური მხარეზეც“,- განმარტავს ჭარაია.

როგორც ვახტანგ ჭარაია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ქართული კომპანიები სავაჭრო ურთიერთობების დამაბრკოლებელი  ფაქტორდ აფხაზეთში არსებული კრიმინალის მაღალი დონეს ასახელებენ. აღსანიშნავია, ისიც რომ საერთო ჯამში რისკების გათვალისწინებით ქართული მხარე თანამშრომლობაზე თავს უფრო იკავებს, ვიდრე აფხაზური კომპანიები.

„ქართული კომპანიების შემთხვევაში მსგავსი ტიპის ბიზნეს ურთიერთობა დიდი სიახლე აღმოჩნდა და რისკების გამო , ისინი უფრო საინტერესო მეზობელ ქვეყნებში გასვლას, ვიდრე ე.წ აფხაზეთსა და  ე.წ. სამხრეთ ოსეთში. შესაბამისად ცალსახა პასუხი საკითხთან დაკავშირებით  (რა ტიპის თანამშრომლობა შეიძლება დაიწყოს, რა მოცულობის პროდუქცია გაიტანონ აფხაზეთში), არ ჰქონიათ. რაც შეეხება აფხაზურ მხარეს,  მათთვის მსგავსი ტიპის ურთიერთობა უფრო რეალურია. ამ შემთხვევაში კითხვებს ბადებს ვთქვათ, საზღვრის კვეთისა და საზღვარზე პროდუქციის გადატანოს საკითხი. ასევე მათთვის რთულია საზოგადოებრივი აზრის გადალახვაც.  საბოლოოდ კი კვლევამ აჩვენა, რომ  აფხაზების მხრიდან თანაშრომლობის დაწყება უფრო მისაღებია,  ვიდრე ქართული მხარისთვის“,- განმარტავს ჭარაია.

მისივე თქმით, არაოფიციალურ დონეზე ვაჭრობა მხარეებს შორის დღესაც მიმდინარეობს და მისი მოცულობა რამდენიმე ათეული მლნ. ლარია, თუმცა ამ ყველაფრისათვის ლეგალური ფორმის მიცემა  ახალ შესაძლებლობებს გააჩენდა.

„მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ კონფლიქტში მყოფ მხარეებს შორის ვაჭრობა აპრობირებული მეთოდია. ჩვენთან ეს არაფორმალურად ხორციელდება, არადა კანონიერი საფუძველი ბევრად მეტ ახალ შესაძლებლობას გააჩენდა. თანაც ეკონომიკურად ეს ყველაფერი საკმაოდ მომგებიანი შეიძლება იყოს“,- განმარტავს ჭარაია.

ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია International Alert- ის  კვლევა ქართული და აფზახი მკვლევარის ერთობლივი ნამუშევარია. კვლევის ფარგლებში დაახლოებით დარგის წამყვანი 25 კომპანია გამოიკითხა. საერთაშორისო მეთოდოლოგიით შედგენილი კითხვარი, რომელიც კონფლიქტურ რეგიონებში ვაჭრობის  თვალსაზრისით გამოიყენება, ინტერპრეტირებულ იქნა შემდეგნაირად: თუ ხართ მზად თანამშრომლობისთვის და რა გიშლით ხელს?

 

კვლევაში ვკითხულობთ, რომ გამოკითხულ კომპანიებს  ბიზნესურთიერთობის დამარეგულირებელ  სამართლებრივ რეჟიმთან დაკავშირებით შემდეგი კითვები გაუჩნდათ:

  • როგორ შეიძლება აფხაზური კომპანიის, როგორც კლიენტის, ჩართვა საქართველოს საგადასახადო სისტემაში და როგორ შეიძლება იმის დადასტურება, რომ გადარიცხული თანხა გაწული მომსახურების საზღაურია?
  • რომელმა ორგანომ უნდა გასცეს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატები და რა ადგილმდებარეობის მიხედვით მოხდება სახელდება („დამზადებულია აფხაზეთში“,  „დამზადებულია საქართველოში“) თუ რამე სხვა?
  • როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი ადამიანების, საქონლისა და კაპიტალის გადაადგილების თავისუფლება?
  • როგორ მოხდება ინვესტიციების უსაფრთხოების გარანტირება ? და ა.შ.

 ავტორი : სალომე ლემონჯავა

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.