აქამდე ბიუროკრატიულ პრობლემებზე იმიტომ არ ვსაუბრობდით, რომ ერთმანეთის გვერიდებოდა – დეპუტატების შეფასება ივანიშვილის განცხადებაზე საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით

აქამდე ბიუროკრატიულ პრობლემებზე იმიტომ არ ვსაუბრობდით, რომ ერთმანეთის გვერიდებოდა – ასე პასუხობენ ქართული ოცნების დეპუტატები კომერსანტის შეკითხვას – როგორ აფასებენ  მმართველი გუნდის საკადრო პოლიტიკას, რომელმაც 6 წლის განმავლობაში ქვეყანაში უამრავი პრობლემა, მათ შორის სიღარიბის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. 

სხვათა შორის, ამ შინაარსის აღიარება გუშინ მოსახლეობამ ტვ. იმედის გადაცემა იმედი LIVE-ის ეთერიდან თავად პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისგან მოისმინა. მან  ღიად ისაუბრა მმართველი გუნდის ბიუროკრატიული აპარატის პრობლემებზე და საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით დაშვებულ შეცდომებზე. სწორედ აქედან გამომდინარე, პარტიის ლიდერმა რიტორიკული შეკითხვაც დასვა: „ამას ვეკითხები ჩემი გუნდის წევრებსაც — როგორ მოვახერხეთ, რომ ასეთი მაქსიმალური ნდობა, ასეთ დონეზე მივიყვანეთ?“

კომერსანტმა“ დღეს ივანიშვილის განცხადებები მმართველი გუნდის დეპუტატებს შეაფასებინა. როგორც აღმოჩნდა, დღეს უკვე ყველა ეთახმება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბრალდებებს და აღიარებებს, რომ ქართულ ოცნებაში პროფესიონალი საკადრო არსენალი კვლავ გამოწვევად რჩება.

 

გედევან ფოფხაძე

-ბიძინა ივანიშვილმა სიღარიბისა და ზოგადად არსებული პრობლემების ერთ-ერთ მთავარ საფუძველად ბიუროკრატია და ქართული ოცნების მიერ დაკომპლექტებულ სახელმწიფო აპარატი დაასახელა. თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას ?

— სულ მაგას ვამბობ, რომ რიგითი ჩინოვნიკიც კი, რომელიც ზის პირველ ინსტანციაში და სახელმწიფოს ყველაზე  ქვედა რგოლში  იღებს მოქალაქეს, გულგრილად არ უნდა მოეკიდოს თავის საქმიანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, ეს გამოიწვევს  მთლიანად ვერტიკალის მოშლას. არ არის აუცილებელი მაინცდამაინც კორუფცია იყოს სისტემის გაუმართაობის საფუძელი. არაპროფესიონალიზმიც და გულგრილობაც ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა.

— როგორც მთავრობის წარმომადგენელი, რას უპასუხებთ ივანიშვილის რიტორიკული შეკითხვას – „როგორ მოვახერხეთ რომ ასეთი მაქსიმალური ნდობა, ასეთ დონეზე მივიყვანეთ?“

— ყოველთვის გულწრფელი ვიყავი ბატონ ბიძინასთან და არასდროს არ გავქცეულვარ კრიტიკული შეფასებებისგან. ჩემს სათქმელს ყოველთვის ვამბობდი.

 

— ანუ პირდაპირ ეუბნებოდით  ივანიშვილის , რომ გუნდურობა დაიკარგა და „ქართული ოცნებისადმი“ უნდობლობა გაჩნდა საზოგადოების მხრიდან; რატომ დაიკარგა ეს ნდობა?

— ალბათ, ერთი მხრივ, არიან ადამიანები, რომელთაც პოლიტიკური ხელისუფლება და საჯარო სტატუსი თავისთვის, პირადი ინტერესებისვის სჭირდებათ და მეორე მხრივ, არიან ადამიანები,  რომელთაც ეს ყველაფერი უნდათ ქვეყნისთვის. მთავარია, იმ ადამიანების ხელში არ ჩავაგდოთ ეს ქვეყანა, ვინც მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს.

— შეგიძლიათ დაასახელოთ ასეთი  ადამიანები?

— კი და ძალიან ბევრი. ასეთი ყოველთვის იქნება ზოგადად.

— ყველა ამ პრობლემაზე აქცენტი სწორედ წინასაარჩევნოდ გაკეთდა, ანუ აქამდე ხელისუფლებამ არ იცოდა თავისი მინუსების შესახებ?

— ამაზე სულ ვსაუბრობთ გუნდის შიგნით…

— გუნდის შიგნით გასაგებია, მაგრამ ჩვენ -საზოგადოება გუნდის გარეთ ვართ და  როგორ უნდა გავიგოთ შიგნით რა ხდება?

— როცა ხალხმა  ამოიღო ხმა და თქვა მოგვხედეთო , ეს იყო სასოწარკვეთილი შეძახილი. ამის შემდეგ უფრო აქტიურად დაიწყო საუბრები. რა თქმა უნდა, ჯობდა აქამდე არ მიგვეყვანა სიტუაცია, თუმცა აუცილებლად დავიბრუნდებთ კეთილდღეობას.

— თქვენ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი თუ გრძნობთ პირად პასუხისმგებლობას ამ ვითარებაში?

 

— ბუნებრივია ვგრძნობ და თუ ვინმეს აქვს ისეთი განცდა, რომ თავად არის კარგი და სხვები ცუდები, მე ნამდვილად არ ვარ მათ შორის. არ გავურბივარ არც კრიტიკას, თუმცა არის შემთხვევები, როცა ადამიანს გევალება რომ გარკვეულ პრობლემაზე ყურადღება გაამახვილო, გინდა საუბარი, მაგრამ თავს იცავ თუ უფთხილდები. აქამდე ბიუროკრატიულ პრობლემებზე იმიტომ არ ვსაუბრობდით, რომ ერთმანეთის გვერიდებოდა  – არ ვიცი ამას რა დავარქვა. ფიქრობ, რომ შენი განცხადების მერე კონკრეტულ პირთან ჩხუბი მოგიწევს და კონფლიქტში შეხვალ, რასაც ხშირად თავს არიდებ. საბოლოოდ საქმეც ფუჭდება. ალბათ ჯობია არ მოგვერიდოს ერთმანეთის  და ღიად ვისაუბროთ პრობემებზე.

 

 

ნუკრი ქანთარია

როგორც მე ვუსმინე საკმაოდ თვითკრიტიკული იყო ივანიშვილი და ზუსტად გამოკვეთა ის მიზეზები რამაც მიიყვანა ამ მდგომარეობამდე ქვეყანა. მე სულ იმას ვამბობ, რომ ბევრი მოხერხება უნდოდა მივუსლიყავით იქამდე, რომ ალტერნატივა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილიყო. ამიტომ ზუსტი შეფასებების გაკეთდა და პერსპექტივებიც გამოიკვეთა, რომ საჭიროა გარკვეული ცვლილებები.

— ბიუროკრატიის ნაწილში თუ ეთანხმებით?

კადრებში რომ შეცდომები იყო, ამას შიგნითაც ვამბობდი და გარეთაც მითქვამს. იდგა გუნდურუობის პრობლემაც, კომუნიკაციის პრობლემა. არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე კადრებიც იყვენენ.

— არასახელმწიფოებრივ  კადრებში ვის და რას გულისხმობთ?

სახელმწიფოებრივად მოაზროვნე რომ არ არის ისეთი ადამიანები შეინიშნებოდა. მოდიოდნენ თანამდებობებზე პირები,  რომელთაც მანამდე გუნდთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ. ზოგჯერ იბარებდნენ იდოლოგიასაც და მერე სად მიდიოდნენ არ ვიცით…

ვინ არიას ასეთი ადამიანები?

— გადახედეთ და თავად მიხვდებით.  თუნდაც განათლების მინისტრი, თუნდაც სხვა. არ არის სწორი ჩემი მხრიდან გვარების დასახელება. ვინც იყო და უცბად გაქრა, ან საიდან მოვიდა ეგეც არ ვიცოდით…

— ესე იგი, პრობლემის შესახებ თავის დროზეც იცოდით, მაგრამ ზუსტად ახლა რატომ დაიწყო ამ თემაზე ასე ღიად საუბარი?

— ეს  წვრილმანები დაგროვდა ნელ-ნელა. ამასობაში გუნდში დაირღვა ბალანსი.

როცა გუნდში მიმდინარეობდა განხეთქილების პროცესი და იყო ბზარი, ამ დროს დაბრუნდა ივანიშვილიც და შეამცირა ეს დაბრკოლება. ახლა სხვა ეტაპია გასაკეთებელი. ამ ყველაფერმა უბრალოდ მოუსწრო არჩევნებსაც, რომელიც მეორე ხარისხოვნად ჩაითვალა. მკაფიო გზავნილიც წამოვიდა საზოგადოებიდან ცივი შხაპის სახით.

— და ბოლოს, მედია, მათ შორის  კომერსანტიც, არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია ხშირად საუბრობს ბიუროკრატიულ პრობლემებზე მიუხედავად ამისა, თქვენი გუნდით თითქმის ყველა წევრი მათ შორის თქვენც იყავით ის ადამიანი, ვინც ამ პროცესებში იცავდა თივოეულ მათგანს. დღეს მაინც, თუ გრძნობთ პირად პასუხისგმებლობას?

— მე ვიცავდი კონკრეტულ საკითხებს. ბუნებრივია, მწარე ოპოზიციაში ვერც ჩავდგებოდი, თუმცა, შიგნით სულ იყო საუბარები. პასუხისმგებლობა ეხება ყველას და მათ შორის მეც. დოზები და ხარისხი –  ვის რამდენად – არ ვიცი, მაგრამ ყველას გვეხება.

 

გია გაჩეჩილაძე

 

ვუსმინე ივანიშვილს და ასე არ უთქვამს, რომ  მაინცდამაინც ბიუროკრატიის ბრალია პრობლემები და სიღარიბეო.  ეს არის უფრო წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა. მსგავსი შთაბეჭდილება არ დამრჩენია. ზოგადად სიღარიბის დაძლევისათვის გარკეული დროა საჭირო და ამას უფრო ორგანიზებული და კვალიფიციური ბიუროკრატია სჭირდება, ეს იყო კონტექსტი.

— ბიძინა ივანიშვილმა  პირდაპირ თქვა, რომ ბზარი გაჩნდა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. დაიკარგა ნდობა, ხალხი გაჭირვებულია და ჩინოვნიკები მათ არარ უსმენდნენ..

— მეც ვარ მაგის მოწმე და ეს ეხება კვირიკაშვილის მთავრობას. ეს ამბავი ძრითადად მას ეხება.

— კარგი მაშინ, როგორც მთავრობის წარმომადგენელი, რას უპასუხებთ ივანიშვილის რიტორიკული შეკითხვას – „როგორ მოვახერხეთ რომ ასეთი მაქსიმალური ნდობა, ასეთ დონეზე მივიყვანეთ?“

— თავადვე უპასუხა ამ კითხვას, რომ არებული პოლიტიკური სიტუაცია, როცა ალტერნატივად გყავს დისკრედიტირებული ნაც მოძრაობა, ამან მოადუნა ხელისუფლება და ბიუროკრატია – მთავრობას ეგონა, რომ კარგად ყოფნის გარანტია ჰქონდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. აღნიშნულმა გამოიწვია სწორედ ის, რომ საზოგადოება და ხელისუფლება დაშორდა ერთამენთს.

— ახლა  წინასაარჩევნოდ რომ დაიწყო ამ საკითხზე საუბარი, აქამდე რატომ არ კეთდებოდა აქცენტები?

— ივანიშვილს არც დაუმალია, როცა ჯერ კიდევ უმრავლესობის დახურული სხდომა იყო და კვირიკაშვილის საკითხი იდგა; მაშინაც საყვედურებით ისაუბრა დღევანდელ ვითარებაზე. ასევე მაშინაც აღინიშნა  ჭარბვალიანობის პრობლემა და კვირიკაშვილის გადადგომის ერთ-ერთი საკითხიც ეს იყო.

— თავად თუ გრძნობთ პასუხიმგებლობას?

— მე წარმოვადგენ მწვანეთა პარტიას. ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებზე ბევრის თქმა შემიძლია.

— პირადად თქევნ თუ მოგწონთ დღევანდელი ხელისუფლება ?

ადეკვატურია იმ თვალსაზრისით, როცა სოციალურ პრობლემებზე საუბრობს. თუნცაც დავალიანებების საკითხი, 6 ათასი კაცი რომ დიდი პრობლემისგან გათავისუფლდება….თქვენ კი,  რუსთავი 2-ის ენით ნუ მელაპარაკებით …

— თავად ბატონმა ბიძინამ დასვა ეს აქცენტები და, ფაქტობრივად, იმავეს გეკითხებით მეც, ანუ ივანიშვილიც რუსთავი 2-ის ენით საუბრობს?

— ხელისუფლებას აქვს თავის პრობლემები, მაგალითად ეს ეხება ბიუროკრატიულად გაჭიანურებულ გადაწყევტილებებს. დროულად არ მიმდინარეობს პროცესები და დროში იწელება, თუმცა თქვა ადამიანმა ერთ წელში შეიცვლებაო ყველაფერი…

სალომე ლემონჯავა

commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.