აქვს თუ არა გამოსხივება მობილურ ტელეფონებს და რამდენად საშიშია ის?

თანამედროვე ადამიანები დროის დიდ ნაწილს მობილური ტელეფონებით ურთიერთობაში ატარებენ, მაგრამ ცოტამ თუ იცის როგორ მუშაობს ისინი და აქვთ თუ არა გავლენა ჩვენს ორგანიზმზე. რამდენად მავნეა მობილური ტელეფონების გამოსხივება? იწვევს თუ არა ტელეფონის მუდმივი გამოყენება სიმსივნეს? რის გაკეთება შეიძლება მავნე ზემოქმედებისგან თავის დაცვისათვის? BBC ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შეეცადა.

მეცნიერებს პასუხი არ აქვთ?

მეცნიერები ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მრავალი წლის განმავლობაში ცდილობენ, მაგრამ დღემდე არ გამოქვეყნებულა არცერთი დამაჯერებელი კვლევა, რომელიც ამ საკითხზე კამათს წერტილს დაუსვამდა. ცნობილია ის, რომ მობილური კავშირი რადიოსიხშირულ დიაპაზონში ელექტრომაგნიტურ ტალღებს წარმოქმნის, რასაც არაიონზებულ გამოსხივებას მიაკუთვნებენ.

ეს ტალღები ბევრად სუსტია, ვიდრე იონიზებული გამოსხივება, რომელიც რენტგენული სხივების (ინფრაწითელი და გამა-გამოსხივების) მსგავსია. მათ ორგანიზმის ქსოვილებში შეღწევა და დეენემის სტრუქტურის შეცვლით უჯრედების დაზიანება შეუძლია. მაგრამ ამ ტიპის გამოსხივების ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე დღემდე შესწავლილი არ არის.

გარემო გაჟღენთილია ათასგვარი რადიოტალღით: ულტრამოკლე ტალღებით, რომელზეც ადგილობრივი რადიოსადგურები მუშაობენ, მიკროტალღური გამოსხივებით, რომლებსაც მაღალი სიხშირეების ღუმელები წარმოქმნის, სითბური გამოსხივებით და ხილული სინათლით.

ცნობილია, რომ არაიონიზებულ გამოსხივებას არ აქვს საკმარისი ენერგია იმისთვის, რომ დეენემის სტრუქტურას უჯრედის დონეზე ზიანი მიაყენოს.

ექიმები რას ამბობენ?

მიუხედავად მყარი სამეცნიერო დასკვნების არარსებობისა, ამერიკის ონკოლოგიური საზოგადოება (ACS) ამტკიცებს, რომ არსებობს საკმაოდ რეალისტური საფრთხე იმისა, რომ ტელეფონებს შეუძლია ტვინის სიმსივნის და თავის და კისრის მიდამოებში სხვადასხვა სახის სიმსივნეების წარმოქმნის რისკის გაზრდა.

ძალიან მაღალი ინტენსივობის შემთხვევაში რადიოტალღებს შეუძლია სხეულის ქსოვილის გაცხელება. ამ პრინციპზეა დაფუძნებული მიკროტალღური ღუმელების მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ენერგია, რომელსაც მობილური ტელეფონები ასხივებს შეუდარებლად მცირეა და ის არ არის საკმარისი ადამიანის ორგანიზმში ტემპერატურის გაზრდისათვის, ACS-ის მკვლევრები ამბობენ, რომ მკაფიოდ არ არის გარკვეული აყენებენ თუ არა ისინი ზიანს ადამიანს, ამიტომ მათი რეკომენდაციაა ადამიანებმა მობილურებით სარგებლობის დრო შეამცირონ.

ტელეფონების გამოსხივების დონეს როგორ ზომავენ?

ჯანმრთელობისთვის გამოსხივების პოტენციური რისკების შესაფასებლად, მეცნიერებმა შექმნეს საზომი ერთეული – ელექტრომაგნიტური ენერგიის შთანთქვის კუთრი კოეფიციენტი (Specific Absorption Rate – SAR). ეს ელექტრომაგნიტური ენერგიის მაჩვენებელია, რომელსაც მობილურის გამოყენების დროს ადამიანის სხეულის ქსოვილები შთანთქავს.

ეს მაჩვენებელი დამოკიდებულია ტელეფონის მოდელსა და ნიშანზე და მწარმოებლები ვალდებულები არიან მომხმარებელს მათი პროდუქციის მიერ გამოსხივებული SAR-ის მაქსიმალური დონის შესახებ აცნობონ. ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინტერნეტში ან მითითებული უნდა იყოს ტელეფონის ინსტრუქციაში. თუმცა, მას მომხმარებლების დიდი ნაწილი ყურადღებას არ აქცევს.

გერმანიის რადიაციისგან დაცვის ფედერალურმა უწყებამ (BfS) შექმნა მონაცემთა ბაზა, რომელშიც ერთმანეთთან შედარებულია ახალი და ძველი სმარტფონები იმისთვის, რომ მომხარებლებმა ნახონ, რომელს უფრო მეტი გამოსხივება აქვს და რომელს – ნაკლები.

რომელ ტელეფონს აქვს მეტი გამოსხივება და რომელს – ნაკლები?

პირველ ადგილზე, ყველაზე მაღალი გამოსხივების დონით, ჩინური ბრენდები აღმოჩნდა, მაგალითად OnePlus-ი და Huawei-ი, ასევე კომპანია Nokia-ს Lumia 630.

ცნობილია ასევე iPhone 7-ის (მეათე ადგილი) iPhone 8-ის (მეთორმეტე ადგილი) და iPhone 7 Plus-ის (მეთხუთმეტე ადგილი) მონაცემები, ასევე Sony Experia XZ1 Compact-ის (მეთერთმეტე ადგილი), ZTE Axon 7 mini-ის (მეცამეტე ადგილი) და Blackberry DTEK60-ის (მეთოთხმეტე ადგილი).

სამწუხაროდ, არ არსებობს რაიმე უნივერსალური რჩევა მობილურის გამოსხივების “უსაფრთხო” დონის შესახებ, თუმცა გერმანიაში, მაგალითად, არსებობს სამთავრობო ორგანო Der Blaue Engel (“ლურჯი ანგელოზი”). ის აწესებს ეკოლოგიურ სტანდარტებს, რომლებიც მომხმარებლებისთვის სანდო გზამკვლევადაა მიჩნეული.

უწყება უსაფრთხოდ მიიჩნევს მხოლოდ იმ მობილურ ტელეფონებს, რომელთა SAR-ის მაჩვენებელი არ აჭარბებს 0,60 ვატს 1კგ-ზე. ყველა იმ ტელეფონის SAR-ის მაჩვენებელი, რომელიც მათ სიაში მოხვდა, ამ მაჩვენებელს ორჯერ აჭარბებს. სიის სათავეში კი არის მოდელი OnePlus 5T (1,68 ვატი/კგ).

ყველაზე ნაკლები გამოსხივება აქვს ისეთ სმარტფონებს, როგორებიცაა Sony Experia M5 (0,14), Samsung Galaxy Note 8 (0,17) და S6 edge+ (0,22), Google Pixel XL (0,25) Samsung Galaxy S8 (0,26) და S7 edge (0,26).

ტელეფონის გამოსხივების დონის შემოწმება მომხმარებელს მოწყობილობის ინსტრუქციაში ან მწარმოებლის ვებგვერდზე შეუძლია, ასევე აშშ-ის კავშირგაბმულობის ფედერალური სააგენტოს ვებგვერდზე.

როგორ დავიცვა თავი ტელეფონის გამოსხივებისაგან?

ყველაზე მძლავრი რადიოსიგნალი გადამცემ ანტენას აქვს. ასეთი ანტენები თანამედროვე სმარტფონების კორპუსებშია მოქცეული. რაც უფრო შორს ვართ ტელეფონისგან, მით უფრო სუსტდება ტალღების ენერგია. მომხარებლების უმრავლესობას ტელეფონზე ლაპარაკის დროს აპარატი ყურთან აქვს მიტანილი, მაგრამ ACS-ის თანახმად, რაც უფრო ახლოსაა ანტენა თავთან მით უფრო მაღალია გამოსხივებული ენერგიის შესაძლო ზეგავლენა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის ქსოვილები, რომლებიც ახლოსაა ტელეფონის კორპუსთან, უფრო მეტ ენერგიას შთანთქავს. მავნე ზეგავლენის მაქსიმალურად შემცირებისათვის რეკომენდაციები ასეთია:

– შეამცირეთ ტელეფონით სარგებლობის დრო;
– გამოიყენეთ ტელეფონის დინამიკები ან გარნიტური, რომლითაც ტელეფონს თავისგან შორს მოათავსებთ;
– შეძლებისდაგავარად ახლოს იყავით მობილური კავშირის ანძასთან: მობილური ტელეფონები ისეა მოწყობილი, რომ კარგი სიგნალის მისაღებად ნაკლები ენერგია დახარჯოს. ამიტომ, რაც უფრო შორს ხართ ანძისგან (ან შენობის შიგნით ან ადგილზე, სადაც სიგნალს ცუდად იჭერს), მით მეტი ენერგია დასჭირდება თქვენს ტელეფონს კარგი სიგნალის მისაღებად.
– აირჩიეთ აპარატები, რომლებსაც SAR-ის დაბალი მაჩვენებელი აქვთ.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.