აღმოჩენილია მინერალი, რომელიც ბუნებაში ამ დრომდე არასოდეს გვინახავს

ის ავსტრალიის ერთ მიყრუებულ, ოქროს მომპოვებელ ქალაქში გზის პირას აღმოაჩინეს. ძველად, პატარა ქალაქი ვედერბარნი ოქროსმაძიებელთა ერთ-ერთი ცხელი წერტილი იყო და დღემდეც ასეა. თუმცა, ისეთი თვითნაბადი მასალა, რომლის შესახებაც სტატიაში გიამბობთ, ამ ქალაქში არავის არასოდეს აღმოუჩენია.

ციმბირში ჩამოვარდნილ მეტეორიტში დედამიწაზე არარსებული მინერალი აღმოაჩინეს

მსგავსი: ციმბირში ჩამოვარდნილ მეტეორიტში დედამიწაზე არარსებული მინერალი აღმოაჩინეს

ვედერბარნის მეტეორიტი ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 1951 წელს იპოვეს. ეს იყო 210 გრამიანი საკმაოდ უცნაური ნამტვრევი, რომელიც ციდან ჩამოვარდა. მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ მისი საიდუმლოს ამოხსნას და მართლაც, ახლახან, მკვლევრებმა მის ერთ-ერთ საიდუმლოს ახადეს ფარდა.

ახალი კვლევის ფარგლებში, რომელსაც კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მინერალოგი ჩი მა ხელმძღვანელობდა, მეცნიერებმა ვედერბარნის მეტეორიტს ანალიზები ჩაუტარეს და პირველად დაადასტურეს ედსკოტიტის ბუნებრივი არსებობა — ეს გახლავთ მინერალ ცემენტიტის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ბუნებაში ამ დრომდე არასოდეს უპოვნიათ.

მას შემდეგ, რაც ვედერბარნის მეტეორიტის კოსმოსური წარმომავლობა დადასტურდა, მოშავო-მოწითალო ქვა რამდენიმე ჯგუფის კვლევის ობიექტი გახდა. თუმცა, ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატის მუზეუმის გეოლოგიურ კოლექციაში დაცული ამ ქვის დაახლოებით ერთი-მესამედი შეუსწავლელი რჩებოდა.

მეტეორიტის დანარჩენ ნაწილებში წინა კვლევების შედეგად აღმოჩენილია რკინისა და ოქროს კვალი. ასევე გამოავლინეს ისეთი უიშვიათესი მინერალები, როგორებიცაა კამაციტი, შრეიბერზიტი, ტენიტი და ტროილიტი. ამ სიას ახლა უკვე ედსკოტიტიც შეემატა.

დედამიწაზე ჩამოცვენილ მეტეორიტებში სიცოცხლისთვის საჭირო ინგრედიენტები აღმოაჩინეს

მსგავსი: დედამიწაზე ჩამოცვენილ მეტეორიტებში სიცოცხლისთვის საჭირო ინგრედიენტები აღმოაჩინეს

მინერალ ედკოსტიტს სახელი ჰავაის უნივერსიტეტის კოსმოქიმიკოსის, ედუარდ სკოტის პატივსაცემად ეწოდა. მისი აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია, რადგან მეცნიერები ამ დრომდე ვერ ადასტურებდნენ, რომ ბუნებაში არსებობდა რკინის კარბიდის (ცემენტიტი) ასეთი განსხვავებული ატომური ფორმულირება.

ამის დადასტურება მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ეს ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა მინერალებისთვის, რათა ის ოფიციალურად აღიაროს მინერალოგიის საერთაშორისო ასოციაციამ (IMA).

მინერალ ცემენტიტის სინთეტიკური ვერსია უკვე ათწლეულებია ცნობილია — ამ ფაზას რკინა დნობისას გადის.

თუმცა, ჩი მასა და მისი კოლეგის, გეოფიზიკოს ალან რუბინის ახალი ანალიზების წყალობით, ედსკოტიტი მინერალოგიის საერთაშორისო ასოციაციის მინერალთა კლუბის წევრი უკვე ოფიციალურად გახდა, რაც იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე შეიძლება წარმოგვედგინოს.

ეგვიპტის უდაბნოს უცნაური, ყვითელი მინის ქვების წარმოშობის საიდუმლო ამოხსნილია

მსგავსი: ეგვიპტის უდაბნოს უცნაური, ყვითელი მინის ქვების წარმოშობის საიდუმლო ამოხსნილია

ვიქტორიას მუზეუმის დედამიწის მეცნიერის, სტიუარტ მილსის განცხადებით, ამ დრომდე ლაბორატორიულ პირობებში აღმოჩენილია 500 000 — 600 000 მინერალი, მაგრამ ბუნებაში მხოლოდ 6000.

უცნობია, საიდან არის მოსული ეს უცნაური მეტეორიტი, მაგრამ მეცნიერთა აზრით, მასშ არსებული მინერალი ედსკოტიტი სავარაუდოდ წარმოქმნილია რომელიღაც უძველესი პლანეტის ცხელ ბირთვში.

მკვლევართა განცხადებით, დიდი ხნის წინ, პლანეტა, რომლის წიაღშიც ეს ედსკოტიტი წარმოიქმნა, სავარაუდოდ კატასტროფულად აღესრულა — შეეჯახა სხვა პლანეტას, მთვარეს ან ასტეროიდს, სრულიად დაიშალა, ნარჩენებმა კი კოსმოსში ხეტიალი დაიწყო.

მილიონობით ან მილიარდობით წლის შემდეგ კი, ერთ-ერთი ასეთი ნამსხვრევი ქალაქ ვედერბარნში ჩამოვარდა და თან მრავალი ახალი ცნობა მოგვიტანა სამყაროს შესახებ.

კვლევა ჟურნალ American Mineralogist-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Age-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.