აღმოჩენილია უცნაური კლდოვანი პლანეტა, რომლის ცაშიც სამი მზე ანათებს

ჩვენი მზე ეული ვარსკვლავია, მაგრამ სამყაროში ძალიან ბევრია შეწყვილებული ვარსკვლავები, რომლებიც გრავიტაციის საერთო ცენტრის გარშემო მოძრაობენ. ერთ-ერთ ასეთ სამმაგ ვარსკვლავურ სისტემაში ასტრონომებმა ეგზოპლანეტა იპოვეს.

მსგავსი: წარმოუდგენლად ცხელი პლანეტის ატმოსფეროში უიშვიათესი ელემენტები დააფიქსირეს

მას სახელად LTT 1445Ab უწოდეს და გარს უვლის სამი წითელი ჯუჯა ვარსკვლავისგან შემდგარი სისტემის ძირითად ვარსკვლავს. ამ სისტემას LTT 1445-ს უწოდებენ და მდებარეობს ჩვენგან 22,5 სინათლის წლის მანძილზე.

ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის ასტრონომის, ჯენიფერ უინტერსის განცხადებით, თუკი ამ პლანეტის ზედაპირზე დადგებით, ცაში სამ მზეს დაინახავთ, მაგრამ ორი მათგანი საკმაოდ შორს არის და პატარა მოჩანს. ისინი ციდან მომზირალი ორი თვალივით ჩანს.

ეგზოპლანეტა აღმოაჩინა ნასას ახალმა, პლანეტებზე მონადირე კოსმოსურმა ტელესკოპმა TESS-მა. მისი მთავარი მიზანია იპოვოს ეგზოპლანეტები, რომლებიც ჩვენსა და თავიანთ დედავარსკვლავს შორის ჩაივლიან. ამ დროს ტელესკოპი ვარსკვლავის სინათლეში მცირე ჩაბნელებას ხედავს, რადგან შუქს პლანეტა ბლოკავს. ამ ტექნიკას ტრანზიტის მეთოდს უწოდებენ.

მსგავსი: სამყაროში შესაძლოა, ძალიან ბევრია პლუნეტა, ანუ საკუთარ პლანეტას გაქცეული მთვარე – ახალი კვლევა

ჩაბნელების სიღრმითა და პლანეტის გრავიტაციის მიერ ვარსკვლავის ოდნავი მოძრაობების საფუძველზე, ასტრონომებს შეუძლიათ გამოიანგარიშონ პლანეტის ზომა და მასა.

LTT 1445Ab ძალიან განსხვავდება კიდევ ერთი სამი მზის სისტემაში 2016 წელს აღმოჩენილი კიდევ ერთი პლანეტის, HD 131399Ab-ისგან. ეს უკანასკნელი სისტემის ერთ-ერთ ვარსკვლავის გარშემო 550-წლიანი ორბიტის გარშემო მოძრაობს და მდებარეობს ჩვენგან 340 სინათლის წლის მანძილზე.

ახლად აღმოჩენილი პლანეტა დედამიწაზე ფიზიკურად 1,35-ჯერ დიდია, მასით კი 8,4-ჯერ აღემატება; შესაბამისად, ის გაცილებით მკვრივია, ვიდრე ჩვენი მშობლიური პლანეტა.

გამომდინარე ასეთი ზომისა და მასიდან, ის კლდოვანი პლანეტა უნდა იყოს, ისეთი, როგორებიც არის დედამიწა, ვენერა და მარსი. თუმცა, იქ სიცოცხლის არსებობის შანსი საკმაოდ მცირეა.

მსგავსი: ახლომდებარე ვარსკვლავთან სიცოცხლისათვის სავარაუდოდ ხელსაყრელი ორი პლანეტა აღმოაჩინეს

ეგზოპლანეტა თავის დედავარსკვლავს გარს უვლის ყოველ 5,36 დღეში ერთხელ, ანუ ძალიან ახლოდან; შესაბამისად, მის ზედაპირზე ტემპერატურა დაახლოებით 155 °C უნდა იყოს.

მიუხედავად ამისა, აღმოჩენით ასტრონომები მაინც აღფრთოვანებული არიან. LTT 1445Ab-ს შესაძლოა ჰქონდეს ატმოსფერო. კლდოვანი პლანეტა, რომელსაც ატმოსფერო აქვს და დედავარსკვლავთან ასე ახლოს მდებარეობს, ძალიან კარგი ადგილია იმ ხელსაწყოთა გასატესტად, რომლებსაც მეთანისა და ნახშირორჟანგის დასაფიქსირებლად ვიყენებთ.

ეგზოპლანეტა, რომელსაც ატმოსფერო აქვს, არა მხოლოდ უნდა აბნელებდეს ვარსკვლავის სინათლეს, არამედ ცვლიდეს კიდეც ატმოსფეროს ქიმიურ შემადგენლობაზე დაყრდნობით. ანუ, ვარსკვლავის სინათლის სპექტრის ცვლილების საფუძველზე ასტრონომებს შეუძლიათ ქიმიური შემადგენლობის გარკვევა.

მსგავსი: აღმოჩენილია დედამიწის ზომის 18 ახალი ეგზოპლანეტა

ჩვენი თანამედროვე ტექნოლოგიები ამას არც თუ ისე კარგად ახერხებს. თუმცა, მეცნიერები დიდ იმედს ამყარებენ ჰაბლის მემკვიდრეზე, ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპზე. მისი გაშვება 2021 წელს იგეგმება, მანამდე კი ასტრონომები გამალებით ეძებენ კვლევების სამიზნეებს.

LTT 1445Ab შესაძლოა ბრწყინვალე კანდიდატი იყოს. იგი დედავარსკვლავს გარს უვლის მალ-მალე და შესაბამისად, იქნება დაკვირვების არაერთი შანსი. ის ჩვენგან მხოლოდ 22,5 სინათლის წლით არის დაშორებული, რაც კოსმოსური მასშტაბით საკმაოდ ახლო მანძილია.

მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.