აშშ გერმანიას უპირისპირდება რუსული „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მხარდაჭერის გამო

„ამერიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსულ გაზზე ევროპა არ იყოს დამოკიდებული”

„ტრამპის ადმინისტრაციის ასეთმა მიდგომამ შესაძლოა გამოიწვიოს გერმანია-ამერიკის ეკონომიკური ომი. ფაქტია, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა დაველოდოთ ევროკავშირის ქვეყნების პოზიციას. ამ პროცესის სხვაგვარად განვითარებაზე აშშ-მა შესაძლოა გერმანია დაიყოლიოს, რათა ევროატლანტიკური სოლიდარობა შენარჩუნდეს,” – ამბობს ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია აშშ-ს მხრიდან, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2″-ის თანადამფინანსებელი კომპანიებისთვის სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ.

აშშ ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას აპირებს, რომლებიც რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2″-ის თანადამფინანსებლები არიან, რამაც შესაძლოა ახალი გეოპოლიტიკური და გეოეკონიმიკური რეალობა წარმოშვას, – მიიჩნევენ ექსპერტები.

მაისაია აცხადებს, რომ აშშ ცდილობს პოზიციები განიმტკიცოს და შესაბამისად, გაზის წარმოების კუთხით, ლიდერი სახელმწიფო გახდეს.

„ამერიკა გაზის მწარმოებელი წამყვანი ქვეყანა გახდა. ადრე აშშ არ შედიოდა იმ ოთხეულში, რომელიც გაზს აწარმოებს, – ყატარი, რუსეთი, ირანი და თურქმენეთი. ძირითადად, სწორედ ეს ოთხეული იყო წარმოდგენილი, როგორც ყველაზე მსხვილი მოთამაშეები.

„ახლა აშშ გაზის წარმოებაში ლიდერი გახდა; საუბარია ფიქლური გაზის წარმოებაზე, – დამატებით საუბარი შეეხება თხევადი გაზის მიწოდებას. აქ შეიძლება კერძო ეკონომიკური ინტერესები არსებობდეს. თავისი გაზის მიწოდების ამ ვარიანტის განხორციელებით, იგი შესაძლოა გახდეს საკმაოდ მსხვილი გაზის მწარმოებელი და შესაბამისად, მიიღოს შემოსავალი,” – აცხადებს მაისაია „რეზონანსთან” საუბრისას.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანათან” საუბრისას აღნიშნავს, რომ „ჩრილოდეთ ნაკადი 2″-ის პროექტზე მსჯელობა საკმაოდ აქტუალურ თემას წარმოადგენს. მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეძლო და „ტემპერატურას აუწია.”

„კამათის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ რუსული გაზის, უკრაინის მეშვეობით, ტრანზიტულად ევროპაში ექსპორტის პერსპექტივები წარმოადგენს. ამერიკასა და გერმანიის ცალკეულ კომპანიებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს იმის თაობაზე, „ჩრდილოეთ ნაკადი 2″ უნდა განხორციელდეს თუ არა. თუ აშენდება, რა პირობები წაეყენება რუსეთს, – დიდი ხანია აქტიურად მიდის მსჯელობა.

„ამ საკითხის ტემპერატურა მაქსიმალურ მაჩვენებლამდე აწეულ იქნა ტრამპის მიერ. ამ დისკუსიაში კიდევ ერთი კომპონენტი გაჩნდა, – აშშ-ს ტერიტორიაზე ნავთობის წარმოების ზრდა და ამასთან ერთად ე.წ. ფიქალის გაზი,” – ამბობს მენაღარიშვილი.

როგორც ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით წერს, სანქციები ასევე შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც ბალტიის ზღვაში მილსადენების განთავსებაში მონაწილეობენ. ამასთანავე, აღნიშნულია, რომ სანქციებმა, შესაძლოა, ბერლინსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა გაზარდოს.

იმ შემთხვევაში თუკი, „ჩრდილოეთ ნაკადი 2″-ის პროექტი განხორციელდება, ეს მოხდება ისეთი სატრანზიტო ქვეყნების გვერდის ავლით, როგორიც არის უკრაინა, პოლონეთი და ბელაურის.

შედეგად, რამდენად რეალურია, რომ უკრაინამ დაკარგოს სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია,

„ამერიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსულ გაზზე ევროპა არ იყოს დამოკიდებული, რომელსაც გეოპოლიტიკური ინტერესები გააჩნია. საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ის სასანქციო პოლიტიკა სრულად შეასრულონ, რაც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს ეხება სწორედ რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ სასანქციო პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას.

„მხოლოდ და მხოლოდ დანიამ გამოხატა სრული მხარდაჭერა, რომ არ მიიღოს მონაწილეობა „ჩრდილოეთ ნაკადი 2″-ის პროექტში, დანარჩენ ქვეყნებს რატომ უკავიათ ასეთი განსხვავებული მიდგომები ამ სპეციფიკურ პროექტთან დაკავშირებით, არ ვიცი.

“ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ გამკაცრებულ სანქციებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ასეთი სპეციფიკური პროექტების კონტექსტში, ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო ფეხს ითრევს და ცდილობს რაღაცნაირად არ მოახდინოს ჩართულობა. რამდენიმე ქვეყანამ ისიც კი განაცხადა, რომ დროა სანქციურ პოლიტიკას წერტილი დაესვას, ამასთანავე, აღნიშნავს, რომ ეს არ არის ევროპისათვის მომგებიანი.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2″ პირდაპირ ეხება უკრაინას, რადგან უკრაინის როლი, როგორც სატრანზიტოსი, დაეცემა. უკრაინისათვის „ჩრდილოეთ ნაკადი 2″ საკმაოდ სერიოზულ გეეპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ გამოწვევას წარმოადგენს,” – განაცხადა მაისაიამ.

მენაღარიშვილის აზრით, იმ შემთხვევაში თუკი „ჩრდილოეთ ნაკადი 2″-ის პროექტი განხორციელდება, უკრაინის როლი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, არ უნდა იქნეს მივიწყებული, რა ხერხსაც, ზოგადად, რუსეთი მიმართავს.

„ერთ-ერთი უმთავრესი, რასაც გერმანული კომპანიებისგან და საერთოდ ევროპელებისგან ითხოვს ყველა, ეს არის ის, რომ თუკი პროექტი დაიწყება, რუსეთმა ყველა შემთხვევაში უნდა გაითვალისიწინოს გაზის გარკვეული რაოდენობის ტრანზიტი უკრაინის მეშვეობით, – უკრაინა არ უნდა დარჩეს მთლიანად რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის ფუნქციის გარეშე” – განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

თამარ შუკვანი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.