აშშ-ის ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შეიძლება საქართველოში დაბინავდნენ?! – რას იხეირებს ამით ქვეყანა

„აშშ-ის ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შეიძლება საქართველოში გაგზავნონ“,- ამის შესახებ ტვიტერზე ამერიკელი ანალიტიკოსი ლუკ კოფი წერს.

მართალია ეს ამერიკის საახელმწიფოს პოზიცია არ არის, თუმცა ქართველი ანალიტიკოსები“ რეზონანსთან“, ამბობენ, რომ მედიაში მსგავსი ინფორმაციების გამოტანა წინასწარ ხდება, რათა შემდეგ ქვეყნები კონკრეტული სიტუაციისთვის მომზადებულები იყვნენ. ამიტომაც არ გამორიცხავენ, რომ დახურული მსჯელობა ამერიკელი სამხედროების საქართველოში გადმოყვანაზე უკვე მიმდინარეობდეს. 

ანალიტიკოსები ამ ფაქტის რეალობად  ქცევის შემთხვევაში, როგორც დადებით, ასევე უარყოფით გარემოებებზეც საუბრობენ. თუმცა თუ კი ასეთი წინადადების საქართველოსთვის ღიად შემოთავაზება მოხდება, მაშინ ჩვენს ქვეყანასაც შეუძლია შემხვედრი წინადადებები დაახვედროს, რომელიც საქართველოსთვის ხეირის მომტანი იქნება.  

„შემოთავაზება: აშშ-ის ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შეიძლება საქართველოში გაგზავნონ. ისინი გახდებიან „ჰორიზონტს გადაღმა“ ძალა, რომელსაც შეეძლება „ისლამურ სახელმწიფოს“ სწრაფად უპასუხოს, თუკი ის ხელახლა მოიკრებს ძალას.

აშშ-ს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში, რომელიც მხოლოდ 460 მილით (740 კმ-ით) არის დაშორებული რაქალ რაყას. ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“, – წერს ანალიტიკოსი. 

ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი ვასილ პაპავა „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მსგავსი წინადადების გაჟღერება საკმაოდ საინტერესოა, თუმცა რამდენად რეალურია, ჯერჯერობით გაურკვეველია. წინასწარი ზონდირებისთვის, ხშირად ასეთ მეთოდს იყენებენ. ერთ დღეში არ შეიძლება გავიღვიძოთ და ამერიკის ჯარი საქართველოში იყვნენ. მისი აზრით, ეს უფრო ნიადაგის მოსინჯვას გავს, რაც გეოპოლიტიკური განლაგებიდან გამომდინარე საკმაოდ მიმზიდველ წინადადებად გამოიყურება. 

„როგორც ეს ამერიკელი ანალიტიკოსი წერს, თუ ისლამური სახელმწიფო კვლავ აღორძინდა, მაშინ საქართველოდან ამ მობილური ძალების რეგიონში გადასროლა მოხდება. ანუ გამოდის, რომ ამ ანტიტერორისტულ კამპანიაში საქართველოც უშუალოდ ჩაერთვება. ახლოაღმოსავლეთში მოვლენების ასე რადიკალურად განვითარების ფონზე ყველაფერია მოსალოდნელი. ეს კი თავის მხრივ, რისკებს საქართველოსთვისაც გაზრდის. ჩვენი ქვეყანა ტერორისტების სამიზნე შეიძლება გახდეს. 

ახლა სირიის კონფლიქტში ჩართულები უშალოდ არ ვართ. მართალია ამერიკის და დასავლეთ ევროპის პარტნიორებად ვითვლებით, მაგრამ ჩვენ სამხედრო კუთხით კონფლიქტში არ ვერთვებით. მაშინ ასეთი წინადადება თუ ამერიკისგან წამოვა, ჩვენმა ხელისუფლებამაც სამხედრო დახმარება უნდა მოითხოვოს. ანუ აქედან ჩვენც ხეირი რაღაც  უნდა ვნახოთ“, – აცახდებს პაპავა „რეზონანსთან“.  

მისივე თქმით, რაც შეეხება რუსეთის პოზიციას ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნეგატიური დამოკიდებულება იქნება. ამ იდეის ირგვლივაც კი ათასი ტროლი ამუშავდება, რათა ჩვენი საზოგადოების შეშინება მოხდეს. დაგვიცავს თუ არა ეს სამხედრო ბაზა, ანალიტიკოსისი აზრით, რთული სათქმელია, თუმცა ეროვნული უსფრთხოების თვალსაზრისით გარკვეული რისკები შემცირდება.  

პაპავა ფიქრობს, რომ ამერიკის მხრიდან თუ ამ წინადადებას რეალური გაგრძელება ექნება, მაშინ საქართველომაც თავის მხრივ საკუთარი პირობები უნდა წამოაყენოს. მოხდეს სამხედრო ხელშეკრულების გაფორმება და იარაღის მიწოდებაზე შეთანხმება, ეს კი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას უფრო გააძლიერებს. რაც შეხება იმას, რომ ამის გამო რუსეთი ომს დაიწყებს, არარეალურია, რადგანაც ეს ორი სუპერ სახელმწიფო საქართველოს  გამო ერთმანეთს არ შეებრძოლება. 

ახლოაღმოსავლეთის საკითხებსი კიდევ ერთი ანალიტიკსოი ზურაბ ბატიაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს არის ორგანიზაციის  მიერ გაჟღერებული წინადადება, სადაც იდეების გენერირება ხდება. ბატიაშვილი აცხადებს, რომ ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსება ხვალ და ზეგ არ მოხდება, თუმცა  ფაქტია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწვერიანების სხვადასხვა გეგემებზე საუბარი მიდის. მისი თქმით, ეს კი საქართველოსთვის სააკმაოდ დადებითი  მოვლენაა. 

„თუ საქართველოს შესახებ  პოლიტიკურ და  ანალიტიკურ წრეებში საუბარი მუდმივად იქნება, რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენაა. ამით საქართველო მუდმივად დღის წესრიგში იქნება და ეს საკამოდ კარგი ფაქტია. ამასთან ერთად ჩვენ შეგვიძლია, რომ შემხვედრი წინადადებები შევთავაზოთ. მაგალითად სამხედრო ბაზების განთავსება რატომ ახალქალაქში და არა თბილისში ვაზიანის ბაზაზე. დედაქალაქის დაცვა საქართველოსთვის ფიზიკურად უფრო მნიშვნელოვანია.  თუმცა არც ეს ვარიანტია ცუდი. ასევე, შეგვიძლია შავი ზღვის პირეთის ნატოს წევრი ქვეყნების, რუმინეთის ბულგარეთის, თურქეთის სამხედრო ხომალდების  საქართველოს კორტებში მორიგეობით როტაცია შევთავაზოთ.  ასეთი ვარიანტები ბევრი შეგვიძლია განვიხილოთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კარგი იქნება“, – აცახდებს ბატიაშვილი „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება საფრთხეს, რომელიც საქართველოს შესაძლოა ამერიკული ბაზების ქვეყანაში შემოყვანის შემდეგ  შეექმნას, ბატიაშვილი ამბობს, რომ არაპირდაპირი წესით სირიის კონფლიქტში მაინც ჩართულები ვართ. მისი თქმით, აისის-ის მებრძოლები ქართველებიც იყვნენ და ჩვენი თანამოქალაქეებიც იბრძოდნენ, ამიტომ  მათი სამშობლოში დაბრუნების რისკი ყოველთვის არსებობს. მეორეს მხრივ კი ბატიაშვილს ჩატაევის მაგალითი მოჰყავს, როელმაც საქართველოს საზღვრის გადმოლახვა უპრობლემოდ შეძლო. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ  ამაზე მეტი გააქტიურება ტერორისტების მხრიდან გამორიცხულია. 

„ტერორიზმის საფრთხე საქართველოში იმ დონემდე არ გაიზრდება, რომ ამერიკის ბაზების საქართველოში შემოყვანა გადაწონოს. რაც შეეხება რუსეთს, ის ახალს ვეღარაფერს მოიგონებს, რაც აქამდე არ გაუკეთებია ან არ აკეთებს. ის ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას არც ისე შეწყვეტს და ამის გამო ჩვენთვის სასარგებლო და დადებით მოვლენებზე უარს ვერ ვიტყვით“, – აცახდებს ბატიაშვილი „რეზონანსთან“. 

ელზა პაპოშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.