აშშ-ი საქართველოსა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ზრდის

აშშ-ი საქართველოსა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ზრდის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გზით აშშ-ი საქართველოსა და უკრაინას ეხმარება, რათა მათ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლონ.

ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„ჩვენ ვეხმარებით საქართველოსა და უკრაინას, რომელთაც რუსეთი ცოტა ხნის წინ ძალის გამოყენებით ემუქრებოდა. ვზრდით ამ ქვეყნებისთვის სამხედრო საშუალებების მიწოდებას, რაც აუცილებელია მათი თავდაცვისთვის. ჩვენ მოვხსენით აშშ-ის წინა მთავრობის მიერ ამ ქვეყნებისთვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვა და ვეხმარებით ორივე სახელმწიფოს თავდაცვითი პოტენციალის გაზრდაში“ – განაცხადა უეს მიტჩელმა.

მან ასევე ისაუბრა ტრამპის ადამინისტრაციის მიერ ევროპისთვის გაწეულ დახმარებაზე. მისი თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა ევროპის უსაფრთხოების დაცვის პირობა 2017 წელს ვარშავაში ვიზიტისას დადო.

„აშშ-მა არაერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ევროპის მოკავშირეა. ეს დავადასტურეთ ნატო-ს მეხუთე მუხლისადმი ერთგულებით, რაც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს. ჩვენ ასევე ჩავდეთ რეალური რესურსები ევროპის თავდაცვის გაძლიერებაში. სამხედრო დახმარებას ვაწვდით უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ევროპის სხვა სახელმწიფოებს. 2018-2019 წლისთვის ტრამპის ადმინისტრაციამ მოითხოვა 11 მილიარდი დოლარი, რაც ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებას უნდა მოხმარდეს”, – განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

მიტჩელმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკაზე. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომ აშშ-ის “რბილი პოლიტიკა” რუსეთი მიმართ დასრულებულია.

მისივე თქმით, ვაშინგტონი მზად არის რუსეთთან დიალოგისთვის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი აგრესიული პოლიტიკას შეწყვეტს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.