აშშ-ს ახალი რევოლუციური პროექტი – უნიკალური სისტემა “ფეიქნიუსთან” საბრძოლველად

„ყალბი ამბების” გავრცელების ტენდენცია მატულობს, რაც დღეს უკვე, მსოფლიოში საკმაოდ სერიოზულ პრობლემად და გამოწვევად არის აღქმული. ევროკავშირის მსგავსად, საინფორმაციო პროპაგანდისტული ომისა და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას ამჯერად აშშ იწყებს. სააგენტო „ბლუმბერგი” იუწყება, რომ აშშ-ის თავდაცვის უწყების ახალი პროექტი მიზნად ისახავს „ფართომასშტაბიან ავტომატურად გენერირებულ საინფორმაციო შეტევებთან დაპირისპირებას”.

„ევროკავშირმა დაახლოებით 400 მილიონი დოლარი გამოყო „ყალბ ამბებთან,” ე.წ. ფეიქნიუსებთან საბრძოლველად. აშშ-ც იწყებს მსგავს პროგრამას. სიახლე იქნება იმ შემთხვევაში, თუ ახალი, კონკრეტული მეთოდოლოგია დაინერგება, რომელიც ყალბ ამბებს და დეზინფორმაციას შეებრძოლება,” – აცხადებს „რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე.

პენტაგონი ახალ პროექტს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაიწყებს, რომლის მიზანიც საარჩევნო პროცესებზე ზეწოლისა და ჩარევის შესაძლო შემთხვევების თავიდან არიდება იქნება. „ბლუმბერგის” ცნობითვე ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის სამხედრო უწყება შეისყიდის პროგრამებს, რომელიც საშუალებას იძლევა ე.წ. ყალბი ამბები გამოავლინოს, როგორც ტექსტის სახით, ისე აუდიოვიზუალურ ფორმატშიც.

ამით აშშ ცდილობს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გარკვეული ზეგავლენის თავიდან აცილებას, რაც ახალი მექანიზმის შემუშავებით შესაძლოა უფრო გაუმარტივდეს კიდევაც.

ამ კუთხით რუსეთის როლი მიმდინარე წლის ივლისის თვეში კვლავ განხილვის საკითხი გახდა. ვაშინგტონი აცხადებს, რომ სანქციების მიუხედავად კრემლი, 2016 წლის მსგავსად, აშშ-ის საარჩევნო პროცესებში ჩარევას განაგრძობს. ამის შესახებ აშშ-ის სენატის იურიდიულ კომიტეტში მოსმენისას გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა კრისტოფერ ვრეიმ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მიზანს მესამე ქვეყნების საშუალებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს. ინფორმაციას ტელეკომპანია სი-ენ-ენი ავრცელებს.

ცნობისათვის, 2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რის შემდეგაც კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, „ეფბიაის” ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.

რუსულ საქმეზე გამოძიება კი მხოლოდ 22 მარტს დასრულდა. დასკვნის მიხედვით, არ იკვეთება შეთქმულებისა, თუ კონსპირაციის არცერთი ფაქტი. აგრეთვე, არ დგინდება ტრამპისა და მისი გარემოცვის რომელიმე წევრის მხრიდან სახელმწიფოს ღალატის არცერთი შემთხვევა.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პენტაგონის ახალმა წამოწყებამ შესაძლოა რევოლუციური ცვლილება შეიტანოს მსოფლიო ასპარეზზე.

სისტემა რამდენიმე წლის განმავლობაში სატესტო რეჟიმში იმუშავებს, რომ დადგინდეს მისი ეფექტურობა. გამოცდის დროს სოციალურ ქსელში 250 ათასი საინფორმაციო პუბლიკაცია და 250 ათასი პოსტი გავრცელდება, რომელთა შორისაც 5000-ზე მეტი ე.წ. ყალბი ახალი ამბავი იქნება.

პენტაგონი ასევე მუშაობს ალგორითმზე, რომელიც ამერიკელ სამხედროებს საშუალებას მისცემს ე.წ. ყალბი ახალი ამბები მანამდე გამოავლინოს, ვიდრე ისინი სოციალურ ქსელში პოპულარობას მოიპოვებენ. საუბარია ისეთი დეტექტორების შექმნაზე, რომლებიც სენამტიკურ შეუსაბამობებს გამოავლენენ.

ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ 2020 წელს აშშ-ს ყოველგვარი ჩარევის გარეშე არჩევნების ჩატარებას ვერ შეძლებს.

„ბოლომდე აშშ მაინც ვერ აიცილებს თავიდან ყალბი ამბების გავრცელებას მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, თუმცა, ამერიკის ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, შესაძლებელია ყალბი ამბების გავრცელება თავიდან იქნას არიდებული,” – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ევროკავშირმა ე.წ. ყალბ ამბებთან ბრძოლა გასული წლის დასაწყისში დაიწყო და შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც სწორედ ამ კუთხით იმუშავებდა. ევროკომისარმა ციფრული ეკონომიკის საკითხებში მარია გაბრიელმა განაცხადა, რომ „ყალბი ცნობები” შესაძლოა კანონს არ არღვევდეს და არც სიახლეს წარმოადგენდეს, თუმცა ისინი „შემაშფოთებელი სისწრაფით ავრცელებს ინფორმაციას, საფრთხეს უქმნის მედიის რეპუტაციას და ჩვენი დემოკრატიის წარმატებას”.

ჯგუფი 40 წევრისგან დაკომპლექტდა და მათ შორის არიან ფეისბუქის, გუგლის და ტვიტერის წარმომადგენლები.

მიმდინარე წლის დასაწყისში ციფრულ საკითხებში ევროკომისარმა, მარია გაბრიელმა ასევე განაცხადა, რომ ტექნოლოგიურმა კომპანიებმა „ყალბ ამბებთან” საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ. მისივე თქმით, ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა ტვიტერი, გუგლი, ფეისბუქი, მოზილლა და სხვ. უკვე აამოქმედეს თვითრეგულირების მექანიზმი, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლას ისახავს მიზნად, თუმცა როგორც ევროკომისარი ამბობს, უამრავი ხარვეზია გამოსასწორებელი.

რაც შეეხება საქართველოს, ეს საკითხი საკმაოდ აქტუალური თემა გახლდათ მიმდინარე წლის დასაწყისში. 11 იანვრის პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცილისწამებაზე და მის შესაძლო რეგულირებაზე ისაუბრა. პირველი ინიციატივა სწორედ ამ დროს გაჩნდა.

პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცილისწამებაზე გაამახვილა. როგორც პრეზიდენტის, ასევე „ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან, საკითხის დარეგულირების საჭიროებისა თუ შესაძლებლობის არგუმენტად, საფრანგეთის მიერ მიღებული „ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ კანონი” დასახელდა.

გარკვეულწილად კანონი „ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ” საქართველოში სპეციალისტების მიერ ცენზურის ერთგვარ დაკანონებად იქნა აღქმული, რომელიც საქართველოს კანონს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” ეწინააღმდეგება.

ცნობისათვის, საფრანგეთში ყალბი ახალი ამბების საწინააღმდეგო კანონი გასულ წელს მიიღეს. კანონპროექტის ინიციატორი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია, რომელიც ამ გზით წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჭორებისა და ყალბი ახალი ამბების გავრცელების აღკვეთას ისახავს მიზნად.

თამარ შუკვანი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.