ახალი რეგულაციების გამო, ტექნიკის მაღაზიები იკეტებიან

მიმდინარე წლის 7 მაისიდან ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ტექნიკის მაღაზიებს ვაჭრობა გაუნახევრდათ, – ამის შესახებ bm.ge-ს თავად მაღაზიის მფლობელებმა განუცხადეს.

პირებს, რომლებსაც შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ შეუძლიათ, სესხსა და განვადებაზე უარს ეუბნებიან. ტექნიკის მაღაზიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაყიდული საქონლის დიდი ნაწილი სწორედ განვადებებზე მოდიოდა. როგორც ნავარაუდევი იყო, აღნიშნულმა რეგულაციებმა გავლენა ბაზარზე უკვე იქონია. საუბარია როგორც ბრენდულ ისე არაბრენდულ მაღაზიებზე.

Bm.ge-მ სავაჭრო ცენტრ კიდობანში მდებარე მაღაზიების ნაწილი გამოკითხა:

სალომე მზარეულიშვილი – ტექნიკის მაღაზიის მეპატრონე:

“ძალიან შემცირდა გაყიდვები. ხალხს, რომელსაც არ აქვს ნივთის ყიდვის საშუალება, მოდის, რომ განვადება გააკეთოს, ბანკები კი არ აძლევენ სესხს. მივდივართ ხან ერთ ბანკთან, ხან მეორესთან და შედეგი არ არის. თავიდან, როცა არ იცოდნენ ამ რეგულაციების შესახებ მოდიოდნენ მაღაზიაში, ახლა აღარც მოდიან. დაახლოებით 60%-ით არის შემცირებული გაყიდვები”.

ნაზი ჭოხონელიძე – ტექნიკის მაღაზიის კონსულტანტი:

“ხედავთ, რომ ყველა ტელეფონს ჯამურ ფასთან ერთად, აწერია განვადების ფასიც, რადგან მომხმარებელი ვერ ყიდულობს, სრულ თანხას ვერ იხდის. 200-ლარიანი ტელეფონიც კი ზოგიერთ კატეგორიას განვადებით მიაქვს. ასეთ პირს თუ ბანკი არ დაუმტკიცებს სესხს ვერ იყიდის, შესაბამისად, ჩვენც ვერ ვყიდით პროდუქციას.
რაც ეს კანონი შევიდა ძალაში, ძალიან აისახა ჩვენს გაყიდვებზეც, შეიძლება თვის ბოლოს დავიკეტოთ. მომხმარებლის ძირითადი პროცენტი მაინც განვადებით ყიდულობს ტექნიკას, შესაბამისად, გაყიდვებმაც იკლო ძალიან, მარტო ტელეფონებზე არა, ყველანაირ ტექნიკაზეა საუბარი”.

ია მაღრაძე – ტექნიკის მაღაზიის კონსულტანტი: 

“საგრძნობლად არის შემცირებული გაყიდვები. არავის აწყობს ირბინოს ცნობებზე. სწრაფ განვადებას იმიტომ აკეთებს ადამიანი, რომ 10 წუთში უნდა წაიღოს პროდუქცია და ეს დამატებით დისკომფორტს უქმნის. ცოტა სხვანაირი რეგულაცია უნდა გატარებულიყო. მაგალითად კლიენტებს, რომლბსაც კარგი ისტორია აქვთ, დამატებითი ინფორმაციის მიტანა არ უნდა სჭირდებოდეთ.  სახელფასო ბარათი ყველას ვერ ექნება, თუნდაც ძიძას, ტაქსს და ა.შ. ნახევარი საქართველო ტაქსაობს და ნახევარი ძიძაა და რა უნდა გააკეთონ ამ ადამიანებმა? მათაც ხომ სჭირდებათ მაცივარი, ტელეფონი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ.  ეს რეგულაცია ძალიან ცუდია საშუალოზე დაბალი ფენისთვის, რომელთა რაოდენობა საქართველოში ძალიან დიდია”.

სალომე მეცხვარიშვილი, bm.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.