ახლომდებარე პლანეტურ სისტემაში აღმოჩენილია სამი სუპერდედამიწა

ამ დროისათვის, 2794 ვარსკვლავურ სისტემაში უკვე აღმოჩენილია 3741 ეგზოპლანეტა, მათგან 622 სისტემას ერთზე მეტი პლანეტა აქვს.

აღმოჩენათა უმეტესობა კეპლერის კოსმოსურ ტელესკოპს ეკუთვნის, რომელსაც ნაპოვნი აქვს 3500 პლანეტა და 4500 პლანეტის კანდიდატი. ამ აღმოჩენათა კვალდაკვალ, აღმოჩენებიდან ფოკუსმა უფრო კვლევასა და დახასიათებაზე გადაინაცვლა.

ამ ფონზე, განსაკუთრებით ღირებულია ტრანზიტის მეთოდით აღმოჩენილი პლანეტები, რადგან ეს ტექნიკა პლანეტების დეტალურად შესწავლის საშუალებას იძლევა.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ ასტრონომებმა აღმოაჩინეს სამი სუპერდედამიწა, რომლებიც ჩვენგან 100 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავ GJ 9827-ის გარშემო მოძრაობენ.ამ ვარსკვლავის შედარებითი სიახლოვე და ის ფაქტი, რომ მის გარშემო რამდენიმე სუპერდედამიწა მოძრაობს, ამ სისტემას იდეალურ ადგილად აქცევს ეგზოპლანეტათა დეტალური კვლევისთვის.

კვლევას უძღვებოდა ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის მკვლევარი ჯოზეფ როდრიგესი. ასევე მონაწილეობდნენ ოსტინის ტეხასისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების მკვლევრები, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები და NASA-ს ეგზოპლანეტათა მეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლები.

კეპლერის ყველა სხვა აღმოჩენის მსგავსად, ეს პლანეტებიც ტრანზიტული მეთოდით იპოვეს, ანუ ვარსკვლავის სინათლის პერიოდული ჩაბნელებებით.

ჩაბნელებები გამოწვეულია ვარსკვლავსა და დამკვირვებელს შორის პლანეტის ჩავლით. ეს მეთოდი იდეალურია არა მხოლოდ ეგზოპლანეტათა ზომისა და ორბიტული პერიოდის დასადგენად, არამედ მათი დახასიათების თვალსაზრისითაც.

როგორც წესი, ეგზოპლანეტათა ატმოსფეროს შესახებ გარკვეული ცნობების მისაღებად, მეცნიერები ზომავენ პლანეტის ატმოსფეროში ვარსკვლავის სინათლის გავლის შედეგად წარმოქმნილ სპექტრს.


ვარსკვლავის რადიალური სიჩქარის მონაცემებთან შეჯერებით, მეცნიერებს ასევე შეუძლიათ გამოთვალონ პლანეტის მასა, რადიუსი და განსაზღვრონ დეტალები პლანეტის წიაღის სტრუქტურის შესახებ.

კვლევის ფარგლებში, ჯგუფმა შეისწავლა კეპლერის ტელესკოპის ამჟამინდელი მისია K2-ის მიერ შეგროვებული მონაცემები. შედეგად გაირკვა, რომ ვარსკვლავ GJ 9827-თან მოძრაობს სუპერდედამიწის ტიპის სამი პლანეტა (GJ 9827 b, c და d).

თავდაპირველი კვლევა 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა. მოგვიანებით, პლანეტათა არსებობა დაადასტურა ასტრონომთა სხვა ჯგუფმაც.

„აღმოვაჩინეთ სუპერდედამიწის ტიპის სამი პლანეტა, რომლებიც ორბიტაზე ძალიან კომპაქტური კონფიგურაციით მოძრაობენ. მათი რადიუსები დედამიწისას 1,6-ჯერ, 1,2-ჯერ და 2,1-ჯერ აღემატება. ყველაზე შორეული პლანეტა დედავარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას 6,2 დღეს ანდომებს.

აქვე შევნიშნავთ, რომ ეს სისტემა ჩვენგან დამოუკიდებლად ასევე აღმოაჩინა უესლაინის უნივერსიტეტის ჯგუფმა“, — უთხრა როდრიგესმა გამოცემა Universe-ს.

სამივე ეგზოპლანეტა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან რადიუსიდან გამომდინარე, ისინი კლდოვანსა და გაზოვანს შორის უნდა იყვნენ. ამ დრომდე აღმოჩენილი გვაქვს მხოლოდ რამდენიმე ასეთი პლანეტა, რის გამოც, ეს სამი ეგზოპლანეტა განსაკუთრებით კარგი სამიზნეა კვლევებისთვის.

„სუპერდედამიწა ჩვენთვის ცნობილ პლანეტათა ყველაზე გავრცელებული ტიპია, მაგრამ იმის გამო, რომ ასეთი პლანეტები მზის სისტემაში არ არის, შეზღუდული გვაქვს მათი კვლევის შესაძლებლობა.

ისინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რადიუსიდან გამომდინარე, უნდა იყვნენ გარდამავალი კლდოვანსა და გაზოვანს შორის.

როგორც წესი, დედამიწაზე 1,6-ჯერ დიდი რადიუსის მქონე პლანეტები უფრო ნაკლებად მკვრივია და აქვთ წყალბადი/ჰელიუმის სქელი ატმოსფერო. უფრო პატარა პლანეტები ძალიან მკვრივია და ატმოსფერო ან ძალიან პატარა აქვთ, ან საერთიდ არ გააჩნიათ“, — განმარტავს როდრიგესი.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ამ სამი სუპერდედამიწის შესახებ არის მოკლე ორბიტული პერიოდი — 1,2, 3,6 და 6,2 დღე. ამის გამო, საკმაოდ მაღალი უნდა იყოს მათი ტემპერატურა.
ჯგუფის შეფასებით, სამი სუპერდედამიწის ზედაპირის ტემპერატურა უნდა იყოს 899 °C, 538 °C და 407 °C.

შედარებისათვის, მზის სისტემის ყველზე ცხელი პლანეტის, ვენერას ზედაპირის ტემპერატურა 462 °C-ია.ვენერაზე არსებული ტემპერატურა საკმარისია ტყვიის გასადნობად, პლანეტა GJ 9827 b-ს გარემო კი სრულიად საკმარისია ბრინჯაოს გასადნობად.

თუმცა, ამ აღმოჩენის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი არის ის შესაძლებლობები, რასაც იგი პლანეტათა დახასიათების თვალსაზრისით აძლევს მკვლევრებს.

ასტრონომიული თვალსაზრისით, დედამიწიდან 100 სინათლის წელი საკმაოდ ახლო მანძილია და შემდეგი თაობის ტელესკოპებისთვის (მაგალითად, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი) საკმაოდ მარტივი უნდა იყოს მათი ატმოსფეროს შესწავლა და სისტემის პლანეტების უფრო დეტალური სურათის დახატვა.

გარდა ამისა, სამივე ეს უცნაური პლანეტა ერთ სისტემაშია, რაც დაკვირვებებს უფრო აადვილებს.

„GJ 9827 სისტემა უნიკალურია, რადგან წარმოდგენილია ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული სამი პლანეტა. ანუ, ერთ სისტემაში გვაქვს პლანეტები, რომლებიც კლდოვანიდან გაზოვანში გადადიან. ეს კი მნიშნელოვანია იმ მხრივ, რომ შეგვიძლია შევისწავლოთ მათი ატმოსფერო, გავარკვიოთ განსხვავებები ატმოსფეროს შემადგენლობაში და გავიგოთ, რატომ ხდება ეს გადასვლა მაშინ, როცა რადიუსი დედამიწისას 1,6-ჯერ აღემატება“, — განმარტავს როდრიგესი.

გამომდინარე იქიდან, რომ სამივე პლანეტა გარს უვლის ერთსა და იმავე ვარსკვლავს, „ექსპერიმენტის“ ფარგლებში მუდმივი იქნება დედავარსკვლავის ეფექტები.

თუკი ეს პლანეტები სამი სხვადასხვა ვარსკვლავის გარშემო იმოძრავებდნენ, ძალიან გაგვიჭირდებოდა იმის დადგენა, როგორ მოქმედებს ან რა გავლენას ახდენს დედავარსკვლავი პლანეტათა ატმოსფეროზე. GJ 9827-ის სისტემის შემთხვევაში, მეცნიერებს ამ საკითხზე ბევრი თავის მტვრევა არ მოუწევთ.

კვლევა ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერ arxiv.org-ზე.

მომზადებულია Universe Today-ის მიხდვით

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.