აჯანყება, რომელსაც ყველა ელოდა: აჯანყების წინაპირობები და მიზანი

28-29 აგვისტოს 95 წელი შესრულდა 1924 წლის სახალხო აჯანყებიდან, რომელშიც მთელი საქართველო იყო ჩართული და რომელსაც ბოლშევიკებმა მასობრივი „უდიერი ჟლეტით“ უპასუხეს. საბჭოთა პროპაგანდის მიხედვით, დახვრეტილ იქნა 800-მდე ადამიანი, თუმცა რეალურად დახვრეტილთა რაოდენობამ 5-6 ათასს მიაღწია. აჯანყების ჩახშობას მოჰყვა რეპრესიებისა და წითელი ტერორის რამდენიმე ტალღა, რამაც, საერთო ჯამში, 60 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. „სისხლი მთელ საქართველოში სდიოდა, რაც უფლებას გვაძლევს ვსთქვათ, რომ აჯანყებაც საერთო ქართული იყო. მან გადაიარა მთელ საქართველოზედ და აგვისტოს აჯანყება ნამდვილ და ერვონულ აჯანყებად იქცა“, – წერდა შალვა ამირეჯიბი, დამფუძნებელი კრების წევრი და აგვისტოს აჯანყების ერთ-ერთი მოთავე.

აჯანყების წინაპირობები და მიზანი

1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთის წითელი არმიის საქართველოს შეჭრის შედეგად შეცვლილი ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მხოლოდ ძალაუფლება შეიცვალა, რომ ერთი პარტია შეცვალა მეორემ, ბურჟუაზიის მაგიერ ქვეყნის სათავეში ჩადგნენ ქართველი მუშები და გლეხები, საქართველოს დამოუკიდებლობა კი დარჩა კვლავინდებურადო. ტყუილის შესაფუთად ბოლშევიკებმა 26 მაისიც კი აღნიშნეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, თუმცა, როგორც

საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის („დამკომი“) თავმჯდომარის მოადგილე იასონ ჯავახიშვილი შენიშნავდა, “ბოლშევიკების დეკლარაციის შინაარსი და მოქმედება იმთავითვე ვერ შეეგუენ ერთმანეთს”:„ჯერ გააერთიანეს რკინის გზა რუსეთთან; ამას მოჰყვა შემდეგი მოვლენები: გამოიწერეს რუსის მუშები როსტოვიდგან და დააყენეს ქართველი მუშების ადგილას; დაჰკეტეს 1500-მდე ქართული ეკლესია; შეურაცხჰყვეს საფლავი დავითისა და კონსტანტინესი მოწამეთში, რომელნიც იყვნენ ეროვნული გმირები; ამით შეაგინეს ჩვენი ეროვნული გრძნობა. შემდეგ ჯერი მიდგა საქართველოს ტერიტორიაზე: რუსეთმა დაუთმო ანგორას ბათუმის ოლქის ნაწილები და ართვინი, სომხებს მისცა ბორჩალოს მაზრის ნაწილი, აზერბაიჯანს – ზაქათალის, სიღნაღისა და თბილისის მაზრების ნაწილები. ამგვარად, დედა აზრი ამ ცვლილებათა, რომელიც მოხდა თებერვლის შემდეგ, ფაქტობრივად მდგომარეობს არა ხელისუფლების შეცვლაში (ქართველი მენშევიკებისა ქართველ კომუნისტებზე), არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობაში. ამ გარემოებამ თვით ქართველი კომუნისტების რიგებში გამოიწვია გადახრები, ე.წ. „უკლონიზმი“, ქართველი ერი კი აიძულა დასდგომოდა აჯანყების გზას“.

1924 წელი: აჯანყება, რომელსაც ყველა ელოდა

ნაწილი I – აჯანყების წინაპირობები და მიზანი

ნაწილი II – მზადება ახალი აჯანყებისთვის

ნაწილი III – აჯანყების დაწყება…

ნაწილი IV – აჯანყების შემდეგ

აჯანყების გზა გრძელი და სისხლიანი გამოდგა. ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანის თქმით, მალევე დაიწყო სტიქიური შეიარაღებული გამოსვლები საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე. გამოჩნდნენ მებრძოლი რაზმები, რომლებიც ტყეში იყვნენ გასული. განსაკუთრებით გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნა სოფლად. გლეხობისთვის დამოუკიდებლობის სამი წელი გახდა სანატრელი. ქართველი გლეხობა ვერაფრით ვერ ეგუებოდა ახალ პირობებს და ითხოვდა აქტიურ მოქმედებებს. ამ ფონზე 1921 წლის შემოდგომაზე პარტიები აარსებენ „დამოუკიდებლობის კომიტეტს“, რომელშიც შემდეგი პოლიტიკური პარტიები შედიან: სოციალ-დემოკრატიული პარტია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, სოციალ-ფედერალისტური პარტია, სოციალ-რევოლუციონური პარტია და სხიველები. საზღვარგარეთ, ამავე პოლიტიკური პარტიების შემადგენლობით, დაარსდა საერთო კომიტეტი, რომელსაც ევალებოდა დიპლომატიური მუშაობა უცხოეთში.

კომიტეტს თავმჯდომარეობდა ჯერ ნიკოლოზ ქარცივაძე, შემდეგში – კოტე ანდრონიკაშვილი 1924 წლამდე; ხალხის მხედრულ დარაზმვასა და აჯანყებისათვის მომზადებას კი უძღვებოდა სამხედრო ცენტრი, რომელიც ჩამოყალიბდა 1922 წლის მარტში შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე – გენერალი კოტე აფხაზი; წევრები: გენერალური შტაბის გენერალი ალ. ანდრონიკაშვილი, გენერალი ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკი გოგი ხიმშიაშვილი და პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი. პარტიზანული რაზმის უფროსად დაინიშნა კახეთში პოლკოვნიკი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, ქართლში – მიხეილ ლაშქარაშვილი.

ამბროსი ხელაია, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი
ამბროსი ხელაია, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი

საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოში შექმნილ გაუსაძლის ვითარებაზე მეტყველებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ამბროსი ხელაიას, წერილიც, რომლითაც საქართველოს ეკლესიის მწემსმთავარმა 1922 წლის აპრილ-მაისში იტალიის ქალაქ გენუაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას მიმართა: „დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილ იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან; საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ, მოაწყოს თავისი თავი ისე, როგორც ეს მას უნდა“.

1924 წლამდე იყო სხვა აჯანყებაც

რა პირობებში შეიძლეობდა დაწყებულიყო საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ორგანიზებული შეიარაღებული გამოსვლა? ირაკლი ხვადაგიანის თქმით, არსებობდა ნოე ჟორდანიას დოქტრინა, რომელიც განსაზღვრავდა საბჭოთა ოკუპაციისაგან თავის დახსნის აუცილებელ პირობებს: 1. ახალი საერთაშორისო მასშტაბის ომი, რომელშიც ჩართულ საბჭოთა რუსეთს კავკასიაში დაუდგებოდა ისეთი კრიზისული სიტუაცია, როგორიც შეიქმნა პირველი მსოფლიო ომის დროს, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შანსი მოეცა, ან 2. საბჭოთა რეჟიმის შიდა კრიზისი (მაგ. სამოქალაქო ომი), რაც ხელს შეუშლიდა დიდი ძალების დაბანდებას კავკასიაში. ამასთან, საქართველო არ უნდა დარჩენილიყო რუსეთის პირისპირ მარტო. აჯანყება უნდა დაწყებულიყო აზერბაიჯანში, საუკეთესო შემთხვევაში, ჩრდილოეთ კავკასიაშიც, თუმცა, როგორც ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, დამკომმა ეს ყველა პირობა გვერდზე გადადო, რადგან ვითარება გაუსაძლისი გახდა. შესაბამისად, დაიწყო მზადება ბოლშევიკების წინააღმდეგ მასშტაბური ორგანიზებული გამოსვლისათვის (1922 წლის აგვისტო). დამტკიცებული გეგმის მიხედვით, პირველი და მთავარი გამოსვლა უნდა მოეხდინა ქაქუცა ჩოლოყაშვილს დუშეთში. როცა თბილისიდან მის წინააღმდეგ გაგზავნილი რუსული ჯარი მასთან ბრძოლაში ჩაებმებოდა, მცხეთის მხრიდან მიხეილ ლაშქარაშვილი თავისი რაზმით ზურგში დაარტყამდა. ამით მტრის რიგებში მოახდენდნენ არეულობას და შეერთებული რაზმებით, ქაქუცას მეთაურობით, თბილისს მიადგებოდნენ. ამავე დროს აჯანყება უნდა მომხდარიყო გურიაში, სამეგრელოში, სვანეთში, ქართლსა და კახეთში.

ქაქუცა ჩოლოყაშვილს 1921 წელს, ეროვნული კატასტროფის დროს, როდესაც რუსეთის წითელმა არმიამ საქართველო დაიკავა, სამშობლო არ დაუტოვებია. ის საქართველოში დარჩა და შეუდგა საქართველოს განთავისუფლებისათვის ნიადაგის მომზადებას. ზუსტად ერთი წელიწადი მოანდომა მებრძოლი ჯგუფის შედგენას და 1922 წლის 12 მარტს, თავის „საქართველოს შეფიცულთა“ რაზმთან ერთად, ტყეში გავიდა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი თანამებრძოლებთან ერთად
ქაქუცა ჩოლოყაშვილი თანამებრძოლებთან ერთად

1922 წლის აგვისტოში აჯანყება დაიწყო კახეთსა და ხევსურეთში. მეამბოხეებმა თავი მოიყარეს დუშეთის მიდამოებში, თუმცა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ უარი თქვა ნაადრევ მოძრაობაში მონაწილეობის მიღებაზე. გავრცელდა პროკლამაციები მოწოდებით, არ გაჰყოლოდნენ კონტრრევოლციონერსა და თავად-აზნაურთა წარმომადგენელ ჩოლოყაშვილს (შ. ამირეჯიბი, „აგვისტოს აჯანყება“). და მართლაც, რაზმების ნაწილმა აღარ მიიღო აჯანყებაში მონაწილეობა. პირველ შეტაკებაში ქაქუცამ მოიგერია თბილისიდან დაძრული რუსების ჯარი. მერე ალყა შემოარტყეს. ქაქუცამ ალყა გაარღვია და კახეთისკენ დაიხია. როგორც სოლომონ ზალდასტანიშვილი, დამკომის აქტიური წევრი, იხსნებეს, თბილისში ამ გამოსვლის გამო დაჭერა და დახვრეტა დაიწყეს: დახვრეტილ იქნენ: როტმისტრი ს. ანდრონიკაშვილი, ლეიტენანტი სუმბათაშვილი ძმით, ლეიტენანტი კ. ჩოლოყაშვილი, ლეიტენანტი არჩილ ვაჩნაძე, ვახტანგ აბაშიძე, სიღნაღის სოციალ-დემკრატიული პარტიის წარმომადგენელი ს. გელაშვილი.

ღალატი…

1923 წლის თებერვალში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრმა კალე მისაბიშვილმა, რომელიც გადაბირებული ჰყავდა საგანგებო კომისიას („ჩეკა“), გასცა სამხედრო ცენტრის მთელი შემადგენლობა.

1923 წლის 19 მაისს საქართველოს საგანგებო კომისიისა და ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის კოლეგიების ერთობლივმა სხდომამ, რომელსაც ესწრებოდნენ: ეპიფანე კვანტალიანი, ლავრენტი ბერია, მამია ორახელაშვილი და შალვა ელიავა, „სამხედრო ცენტრის“ წევრებს „დაუმტკიცა“ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა, ბანდიტური მოძრაობის შექმნა და ანტანტის სასარგებლოდ შპიონაჟი და სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა, შეუფარდა.

1923 წლის 21 მაისს დილის 4 საათსა და 30 წუთზე თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, ჩეკისტებმა დახვრიტეს სამხედრო ცენტრის 15-ივე წევრი: 1. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, გენერალი კოტე აფხაზი, 2. გენერალური შტაბის წევრი გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, 3. გენერალი ვარდენ წულუკიძე, 4. პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი, 5. პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი, 6. პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი, 7. პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი, 8. პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი, 9. როტმისტრი სიმონიკა ბაგრატიონ-მუხრანელი, 10. როტმისტრი ფარნაოზ ყარალაშვილი, 11. ლეიტენანტი ლევან (ლელო) კლიმიაშვილი, 12. სამხედრო მოხელე ნიკოლოზ ზანდუკელი, 13. იასონ კერესელიძე, 14. სიმონ ჭიაბრიშვილი, 15. ივანე ქუთათელაძე.

კოტე აფხაზი, დამკომის წევრი და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი
კოტე აფხაზი, დამკომის წევრი და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი

დახვრეტის წინ კოტე აფხაზის უკანასკნელი სიტყვები ყოფილა: „ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“

სერიის სხვა ნაწილები:

ჯიმშერ რეხვიაშვილი

radiotavisupleba.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.