ბანკების მოგება ჯარიმების და ეროვნული ვალუტის დევალვაციის შედეგად იზრდება

აგვისტოში საბანკო სექტორის წმინდა მოგება 125%-ით გაიზარდა

საკომისიო და საპროცენტო შემოსავლები, იქნება ეს იურიდიული თუ ფიზიკური პირებიდან, შემოსავლები სესხებიდან, ვალუტის გადახურდავებიდან, დასაკუთრებული ქონება – ეს ის მცირერიცხოვანი ჩამონათვალია იმ კომპონენტებისა, რომლის საშუალებითაც ბანკები წმინდა მოგებაზე გადიან. კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ კი აგვისტოს თვეში 110.1 მილიონი ლარი შეადგინა.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 125%-ით. წინა წლის აგვისტოში, კომერიცული ბანკების წმინდა მოგება 48.9 მილიონს შეადგენდა. წლევანდელი მაჩვენებელი, ჩავარდნილი ტურისტული სეზონის ფონზე კი საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება.

სოლიდურად გამოიყურება დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების მაჩვენებელიც.

კომერციული ბანკების ანგარიშგების მონაცემების მიხედვით, 2019 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე  174 338 357 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული.

დასაკუთრებული ქონების მოცულობით მეორე კვარტალში „საქართველოს ბანკი“ ლიდერობს. ბანკის ანგარიშზე თითქმის 76 მილიონი ლარის დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონებაა. მეორე ადგილზეა „თიბისი ბანკი“ თითქმის 55 მილიონი ლარით.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, „იშ ბანკი საქართველოს“, „პროკრედიტ ბანკსა“ და „პაშა ბანკს“ დასაკუთრებული ქონება არ აქვთ.

ტოპ ხუთი ბანკის მონაცემები დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება.

ტოპ 5 ბანკი დასაკუთრებული ქონების მიხედვით კი შემდეგნაირად გამოიყურება:

„საქართველოს ბანკი“ – 75 910 291 ლარი; „თიბისი ბანკი“ – 54 830 348 ლარი; „ქართუ ბანკი“ – 24 630 937 ლარი; „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ – 8 471 699 ლარი; „ბაზის ბანკი“ – 8 048 350 ლარი

რაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობებს, მათი მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

„სილქ როუდ ბანკი“ – 674 409 ლარი, „კრედო ბანკი“ – 315 380 ლარი, „ფინკა ბანკი საქართველო“ – 132 030 ლარი, „ხალიკ ბანკი საქართველო“ – 451 898 ლარი, „ტერაბანკი“ – 726 177 ლარი, „ლიბერთი ბანკი“ – 59 635 ლარი, ხოლო „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 87 248 ლარი.

კომერციული ბანკების მიმართ ხშირია კრიტიკა იმის თაობაზე, რომ ისინი გაცილებით მეტ შემოსავლებს იღებენ ფიზიკური პირებისგან, ვიდრე იურიდიული პირებისგან. თუ გადავხედავთ აგვისტოს თვეში ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მიღებულ შემოსავლებს, დავინახავთ, რომ ეს კრიტიკა არც თუ უსაფუძვლოა.

მიმდინარე წლის აგვისტოში ბანკებმა ფიზიკური პირების სესხებიდან 165.5 მილიონი ლარი მიიღეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.7 მილიონი ლარიტ მეტია. წინა წლის აგვისტოში ბანკებმა ფიზიკური პირების სესხებიდან 161.8 მილიონი ლარის მიიღეს.

რაც შეეხება იურიდიული პირების სესხებიდან მიღებულ თანხებს, მიმდინარე წლის აგვისტოში ბანკებმა იურიდიული პირების სესხებიდან ჯამში 99.1 მილიონი ლარი მიიღეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13 მილიონი ლარით მეტია. გასული წლის აგვისტოში იურიდიული პირების სესხებიდან მიღებულმა თანხამ 86 მილიონი ლარი შეადგინა.

მართალია, ბანკების ძირითადი საქმიანობა სესხების გაცემა და ეკონომიკის დაკრედიტებაა, თუმცა ხშირია საუბრები იმის თაობაზეც, რომ საქართველოში სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთია, რასაც თავისი მიზეზები გააჩნია, ვისთვის ობიექტური და გასაგები, ხოლო ვისთვის კი საპირისპიროდ.

ამის გათვალისწინებით, აღსანიშნავია, რომ კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლებიც სოლიდურად გამოიყურება. აგვისტოში ბანკებმა ჯამში 299.8 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავლები მიიღეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.9 მილიონით მეტია. წინა წლის აგვისტოში ბანკებმა 281.9 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავლები მიიღეს.

გაზრდილია ბანკების შემოსავლეები საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებიდანაც. მიმდინარე წლის აგვისტოში ბანკებმა აღნიშული მონაცემებიდან ჯამში 32.2 მილიონი ლარი მიიღეს. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 3 მილიონით მეტია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 29.2 მილიონ ლარს შეადგენდა.

თუმცა, შემცირებულია შემოსავლები ჯარიმებიდან და საურავებიდან 1.7 მილიონი ლარით. გასული წლის აგვისტშოი აღნიშნული მაჩვენებელი 7.4 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოში კი 5.7 მილიონი ლარია.

თითქმის სამჯერ გაიზარდა ვალუტის გადახურდავების მეშვეობით მირებული შემოსავლები ბანკებისთვის, რაც გაცვლითი კურსის მიმართ ეროვნული ვალუტის გაუფასურებით შეიძლება აიხსნას. მიმდინარე წლის აგვისტოში ბანკემბა ვალუტის გადახურდავებით 46.9 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33.2 მილიონი ლარით მეტია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკებმა ვალუტის გადახურდავების ოპერაციის შედეგად 13.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

სანდრო პირველი

წყარო: bfm.ge/

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.