ბანკების უპასუხისმგებლო, აგრესიულმა პოლიტიკამ აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანა საბანკო ომამადე მიიყვანა – კვლევა

რეალური ომიდან 10 წლის თავზე მოსახლეობა საბანკო ომის პირისპირ აღმოჩნდა. ადამიანები დღეს ბანკების ვალის გამო კარგავენ სახლებს, ქონებას და რაც მთავარია, ხშირად სიცოცხლესაც.

არადა აგვისტოს ომმა ყველა  ერთნაირად დააზარალა – ქვეყნა, ეკონომიკა, ბიზნესი, ბანკები, მოსახლეობა.

5-დღიანი ომის შემდეგ საბანკო სექტორმა კრიზისი საერთაშორისო დახმარებების შედეგად დაძლია. საქართველოსთვის გამოყოფილი 4,5 მლრდ. დოლარიდან 850 მილიონი დოლარი სწორედ ქართულ ბანკებს მოხმარდა.

ბანკები ფეხზე დადგნენ და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო კიდევ უფრო დაზარალებული ბიზნესის და მოსახლეობის ქონების მასიური დასაკუთრებაც.

თუ 2008 წლის პირველ  კვარტალში ორი ლიდერი ბანკის ბალანსზე თუ 3,3 მლნ ლარის უძრავი ქონება ირიცხებოდა,  2012 წლის პირველ კვარტალში ბანკების  ბალანსებზე 116,2 მილიონ ლარზე მეტი დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება დაფიქსირდა. ბანკების მიერ ქონების ჩამორთმევის ფაქტები (გამოხატული ფინანსურად) 2008 წელთან შედარებით 37-ჯერ გაიზარდა.

იმის მაგივრად რომ, ომის შემდეგ მომხდარიყო ვალების რესტრუქტურიზაცია, როგორც ცივილურ ქვეყნებში ხდება, საბანკო სექტორმა უპასუხისმგებლო, აგრესიული პოლიტიკა აირჩია ( რა თქმა უნდა, ხელისუფლების ხელშეწყობით) და ეს პოლიტიკა დღემდე გრძელდება. საბოლოოდ კი მივიღეთ ჭარბვალიანობა, რომლეიც ჭამს ქვეყანას, ანადგურებს ბიზნეს და თვითმკვლელობამდე მიჰყავს მოსახლეობა.

სტატისტიკით თუ სოციოლოგიური კვლევებით დადასტურებული ფაქტია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში სოციალური ფონი დამძიმდა. ამ აზრს ამაყარებს საბანკო სექტორის მიმართ ფიზიკური პირების დავალიანებაც. 2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით ფიზიკური პირების ვალმა  16 კომერციული ბანკის მიმართ 12,5 მილიარდი ლარი შეადგინა.

სტატისტიკა აჩვენებს იმასაც,  რომ  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ  ბანკების მოვალეთა რაოდენობა და დასაკუთრებული ქონების მოცულობაც განუხრელად იზრდება. მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა 2008-2012 წლებში.

„კომერსანტი“ სვამს კითხვას,  არის თუ არა  ეს არაეთიკური და სოციალურად უპასუხისმგებლო ნაბიჯი ბანკირების მხრიდან? 

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა  ამ ფაქტზე პასუხისმგებლობას კომერციულ ბანკებთან ერთად ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს აკისრებს:

„საქართველოში არის დიდი მოთხოვნა ფულზე, რადგან ჩვენი ქვეყანა არის განვითარებადი. კომერციული ბანკები ამას ხელიდან ვერ გაუშვებენ. საუბარი იმაზე რომ ეს დაკრედიტება არის უპასუხისმგებლო არ შეიძლება, რადგან ნებისმიერი ბიზნესი არის უპასუხისმგებლო თუ მას არ არეგულირებს  კანონმდებლობა.“

ელიავას შეფასებით,  თუ ეროვნული ბანკი არ  აუკრძალავს კომერციულ ბანკებს უპასუხისმგებლო სესხების დარიგებას ან კრიზისის დროს არ გამოსცემს სპეციალურ ნორმატიულ აქტს, რომ მოვალეებს სესხები გადაუვადდეს მაშინ მოვლენები განვითარდება ისე, როგორც განვითარდა:

„კომერციული ბანკები არასდროს იტყვიან უარს დამატებით შემოსავალზე.  ბანკებს შეუძლიათ რომ უძრავი ქონება უცებ არ გაუყიდონ კრედიტორს, მაგრამ ამას არ აკეთებენ, რადგან ურჩევნიათ რისკიანი სესხი გადაფარონ“ – ამბობს ელიავა.

ექსპერტის შეფასებით, იმისათვის, რომ საზოგადოება ქონების დაკარგვის რისკებისგან დაცული  იყოს, კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს:

„პირველ რიგში, უცხოეთში იპოთეკურ  სესხს არავინ გასცემს,  თუ  სესხის აღების მსურველის  კუთვნილი სახლი არის ერთადერთი საცხოვრისი. არ შეიძლება ერთადერთი საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთვა. არის გამონაკლისი,იპოთეკით იტვირთება მშენებარე ბინა.“

2008 წლის ომიდან და ფინანსური კრიზისიდან  ზუსტად  10  წლის  შემდეგ  ვითარება არ შეცვლილა.  2018 წლის პირველ კვარტალში  ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მაჩვენებელი 160,2 მლნ ლარია.  „საქართველოს ბანკის“ მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 102,9 მლნ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე – 58 მლნ ლარით არის „თიბისი ბანკი“. სამეულში შედის „ბანკი ქართუ“, რომლიც ანგარიშზეც 37,5 მლნ ლარიც დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება.

მდგომარეობა არც 2018 წლის მეორე კვარტალში შეცვლილა. საქართველოს , ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 96,2 მლნ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე – 57,7 მლნ ლარით არის „თიბისი ბანკი“. სამეულშია „ბანკი ქართუ“, რომლიც ანგარიშზეც 36,5 მლნ ლარიც დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება. მეორე კვარტალში ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულებამ 211, 8 ლარი შეადგინა.

ნინო ნატროშვილი

commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.