ბიზნესმენ თემურ ჭყონიას პროკურატურა თაღლითობაში ადანაშაულებს

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მთავარი საგამოძიებო უწყება თაღლითობაში ადანაშაულებს.თაღლითურ სქემაში პროკურატურის დადგენილების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორიაც ფიგურირებს.  ინფორმაციას  1tv.ge   ავრცელებს.

დანაშაული მძიმე კატეგორიისაა და ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უცხოელი ინვესტორის ადვოკატის მტკიცებით, მათ მიერ 2009 წელს შეტანილი საჩივარი პროკურატურიდან გაქრა.

თურქი ბიზნესმენი ალი ტურგაი იეტიში ამბობს, რომ ჭყონიამ მას ბანკის წილები თაღლითურად წაართვა და დოკუმენტების გაყალბების გზით, უცხოელი ინვესტორების საკონტროლო პაკეტს, 65 %-ს დაეუფლა. მისივე მტკიცებით,დანაშაულში ჭყონიას ქართველი პარტნიორი მურთაზ კიკორიაც მონაწილეობდა, რომელიც  ამჟამად, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტია.

„თემურ ჭყონია კორუპირებულია. დიდი ოდენობით თანხა მიითვისა. მხოლოდ წილები კი არა, დიდი ფული დამაკარგვინა, რომელიც მე საერთო ბიზნესში ჩავდე.დოკუმენტები კიკორიამ და ჭყონიამ გააყალბეს. მე ვითხოვ ჩემს ფულს“-აცხადებს თურქი ბიზნესმენი.

/

ფაქტი, რომელზეც  ჭყონიას თურქი პარტნიორი საუბრობს, 2000 წელს მოხდა, თუმცა, მთავარმა პროკურატურამ გამოძიების შედეგები 5 თვის წინ დადო. საგამოძიებო ორგანოს დადგენილება სკანდალურია: დოკუმენტში პირდაპირაა მითითებული, რომ ჭყონიამ დოკუმენტი გააყალბა  და მისი უცხოელი პარტნიორების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, დანაშაულებრივი გზით მიითვისა.

პროკურატურის დადგენილების მიხედვით, თაღლითურ სქემაში მურთაზ კიკორიაც მონაწილეობდა, რომელიც მაშინ ჭყონიას ბანკის, სს „ექსპორტ-იმპორტ ბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი 2000 წელს განხორციელდა „ექსპორტ იმპორტ ბანკი“ კი  1995 წელს დაფუძნდა და წერეთლის #114-ში მდებარებდა, სადაც ახლა „კოკა კოლას“ შენობაა. მაშინ წილები ასე ნაწილდებოდა: ალი ტურგაი იეტიში -25%,შერეფ დოღან ერბეკი -25%, ვერნერ მეტცი-15%, დანარჩენ 35%-ს კი ჭყონია და მისი ქართველი პარტნიორები, მათ შორის, მურთაზ კიკორიაც ფლობდნენ.

ვინაიდან, ჭყონიას ბანკის საკონტროლო პაკეტის მფლობელები, შვეიცარიელები და თურქი ბიზნსმენები იყვნენ, საწესდებო კაპიტალშიც 2 მილიონიდან მათი შენატანი ყველაზე მეტი, 1.3 მილიონი ლარი იყო. 1999 წელს კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხდევითაც, კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალი 5 მილიონამდე  უნდა გაზრდილიყო.  მაში ნ ჭყონიამ და კიკორიამ  სს „ექსპორტ-იმპორტ ბანკის“ სხვა  საბანკო დაწესებულებასთან გაერთიანების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღეს. პროკურატურის მტკიცებით, ჭყონიამ უცხოელ პარტნიორთა აქციების დაუფლების მიზნით მოლაპარაკებები სს „დისკონტ ბანკთან“  მათ გარეშე აწარმოა.

ორი ბანკის გაერთიანების შემდეგ უცხოელი პარტნიორები აღარ ფიგურირებდნენ. როგორც „დისკონტ ბანკის“ მაშინდელი ხელმძღვანელი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში უთითებს, წილების თაობაზე პირობები მურთაზ კიკორიამ  განსაზღვრა. ალი ტურგაი იეტიშის ადვოკატ  ალექსანდრე ალადაშვილის თქმით,ორი ბანკის გაერთიანების ხელშკრულება,სადაც უცხოელი პარტნიორები მათი თანხმობის გარეშე ამოიღეს, ხელი კიკორიამ მოაწერა. ორი ბანკის გაერთიანების შემდეგ, საფინანსო ორგანიზაციას „ აბრეშუმის გზა“  , შემდგომ კი – „სილქროუდ ბანკი“ დაერქვა.

მას შემდეგ რაც ალი ტურგაი იეტიშმა მეწილეებში საკუთარი თავი ვეღარ აღმოაჩინა, სასამართლოს სამოქალაქო წესით მიმართა და საწესდებო კაპიტალში შეტანილი თავისი წილის დაბრუნება მოითხოვა. ხანგრძლივი დავის შემდეგ სასამართლომ მისი უფლებების დარღვევის ფაქტი დაადგინა. თუმცა, მოთხოვნილი თანხიდან ჭყონიას მხოლოდ 250 000 ლარის გადახდა დაეკისრა, რომელიც მან გადაიხადა.

დაზარალებულმა,2009 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განცხადება შეიტანა და დავა უკვე სისხლის სამართლის წესით გადაწყვიტა. თუმცა, მაშინ გამოძიება არ ჩატარებულა.

ალი ტურგაი იეტიში ფიქრობს, რომ ჭყონია წინა ხელისუფლების მფარველობით სარგებლობდა და ამიტომ მის წინააღმდეგ 2009 წელს საქმე არ გამოიძიეს. 2012 წელს ტურგაის ადვოკატმა პროკურატურას მიმართა და საქმის გამოძიება კვლავ მოითხოვა. პროკურატურის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები, ჭყონიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საფუძველს იძლევა. თუმცა, საქმე უკვე ხანდაზმულია და ბიზნესმენეს ბრალს ვერ წაუყენებენ.

საგამოძიებო ორგანოში განმარტავენ, რომ ხანდაზმულობის ვადა თავად ადვოკატმა დაარღვია, რადგან განცხადება 2012 წელს შეიტანა, თუმცა, ადვოკატ ალექსანდრე ალადაშვილის თქმით,მან თავდაპირველად პროკურატურას 2009 წელს მიმართა.

ადვოკატი პროკურატურის მხრიდან დანაშაულის დაფარვაზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ მის მიერ 2009 წელს საგამოძებო ორგანოში შეტანილი განცხადება, გააქრეს.

თემურ ჭყონიამ ამ საკითხზე „პირველ არხთან“ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. „ქვეყანაში უამრავი საინტერესო თემაა, რაში გაინტერესებთ ეს თემა, ეს არის ჭორიკნობა… არასწორი მენტალიტეტი გაქვთ. რა არის ეს, რა უბედურებაა“, – განუცხადა ჟურნალისტს სატელეფონო საუბარში. აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს მურთაზ კიკორიაც.

 

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.