“ბიძინა გასაშვებია, მიშა არ არის მოსაშვები”

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა სწორი ნაბიჯია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები კონსტიტუციაში აისახოს. მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტში ხარვეზებია, მაგრამ დღეს აქ განვაცხადე, რომ მზად ვარ, თვალი დავხუჭო ამ ხარვეზებზე, რადგან თავად სისტემა გვაქვს კონსტიტუციურად გასამაგრებელი, – ამის შესახებ თელავში, კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის შემდეგ „შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მან „ქართულ ოცნებას” შესთავაზა, რომ სერიოზულად მოეკიდონ მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებს.

ამასთან, დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს” მიმართვას ოპოზიციური პარტიებისადმი, რომ „ქართულ ოცნებასთან” კოალიციური მთავრობის შექმნაზე უარი თქვან.

„ჩვენი, „შენების მოძრაობის” პოზიცია ძალიან მკაფიო იყო საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის წინ. ჩვენ ვამბობთ, ივანიშვილის ხელისუფლება შესაცვლელია, მაგრამ არა სააკაშვილის გუნდის უკან მობრუნებით. ანუ ბიძინა გასაშვებია, მიშა არ არის მოსაშვები. ჩვენი პოლიტიკური კონცეფცია ამ ფორმულაშია. ასე მოვიქცევით არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. ძალიან ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ქვეყანას სიახლე სჭირდება და არა ის, თუ რომელი ყოფილი, თუ დღევანდელი ხელისუფლება უნდა დარჩეს ისევ ამ ქვეყანაში სამუდამოდ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.