“ბოლო ერთი თვის განმავლობაში მედიკამენტები დაახლოებით, 15%-ით გაძვირდა”

ლარის გაუფასურების მთავარი ზეწოლა სამომხმარებლო ფასებზე მოდის. საკვებთან ერთად პრაქტიკულად ყოველდღიურად ძვირდება მედიკამენტები. „კურიერის“ ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, წამლები საერთო ჯამში დაახლოებით 15 პროცენტითაა გაძვირებული.

ყველაზე მეტად ფასები ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა სამკურნალო, წნევის მარეგულირებლებსა და ტკივილგამაყუჩებლეზე გაიზარდა. მედიკამენტებზე ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ლარის კურსის გაუფასურებაა. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ლარის გაუფასურება მედიკამენტების ფასების ზრდის პირდაპირპროპორციულია. პრეპარატებზე ფასების ზრდა ჯერ კიდევ 2014 წლიდან, ლარის დევალვაციასთან ერთად დაიწყო. „ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში, წამლებზე ფასი, 60%-თაა გაზრდილი.

გაერთიანებული ოპოზიციისათვის წამლით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც 20 მილიონია, საერთოდ გაუგებარია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავრობამ ამ დრომდე მხოლოდ 2 მილიონი გახარჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფულს მიზანმიმართულად ვერ ხარჯავს.

ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ფარმაცევტული კომპანიები იმდენად მაღალ მოგებაზე მუშაობენ, რომ ფასის შესანარჩუნებლად სავსებით საკმარისი რესურსი აქვთ, თუმცა ამას არავინ აკეთებს. დევალვაციის ფონზე კი სწორედ ის წამლები ძვირდება, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია.

წამლები საქართველოში 2013 წლიდან საშუალოდ, 80 %-ით გაძვირდა. სინამდვილეში კი გარკვეულ მედიკამენტებზე ფასი 200%-ით და მეტადაც არის მომატებული. 

სპეციალისტები ამბობენ, წამლის ფასი საქართველოში მონოპოლიური ფაქტორითაცაა განპირობებული და ამ პროცესს მხოლოდ ლარის კურსი არ განსაზღვრავს.  

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.