ბოლო ორ წელში სკოლებიდან 176 ბასრი საგანი და დანაა ამოღებული

2017-2018 სასწავლო წლების განმავლობაში, სკოლებიდან 176 ერთეული მაღალი რისკის შემცველი ნივთია ამოღებული, მათ შორის დანა და სხვადასხვა ბასრი საგნები. სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურზე დაყრდნობით ინფორმაციას „ინტრეპრესნიუსი“ ავრცელებს.

მანდატურის სამსახურის ცნობით, სულ, 2017-2018 სასწავლო წლებში სკოლებში 96 084 დარღვევა გამოვლინდა.

„96 084 დარღვევიდან 83 066 არის ისეთი დისციპლინური გადაცდომა, როგორიცაა: მოსწავლის დილის დაგვიანება, გაკვეთილის ჩაშლა, გაკვეთილის ჩაშლის მცდელობა, გაკვეთილიდან გაპარვა, მობილური ტელეფონით სარგებლობა. ამასთან, 2017-2018 სასწავლო წლის მანძილზე, ამოღებულია 176 ერთეული მაღალი რისკის შემცველი ნივთი, მათ შორის დანა, ბასრი საგანი და კასტეტი. საგულისხმოა, რომ თითოეული მსგავსი შემთხვევის თაობაზე ეცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს”, – აცხადებენ მანდატურის სამსახურში.

2 სექტემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა. კომისიამ გაანალიზა სტატისტიკა, რაც ადასტურებს სკოლებში უსაფრთხოების კუთხით სერიოზულ პრობლემებს.

სტატისტიკის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ საგრძნობლად მომატებულია ქვეყნის მასშტაბით მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები: მაგალითად 2015-16 წლებში 2582 შემთხვევა იყო, ხოლო 2017-18 წლებში- 3673.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.