“გაგიჟდა ეს ხელისუფლება? თავის მომხრეებს როგორ დაერია? ხალხის ეშინიათ!”

თებერვალში დაიბეჭდა წერილი, გაზეთ „ალიაში“, სადაც, ყოფილი პოლიტ.პატიმარი გიორგი გაბედავა, პირდაპირ ადებდა ხელს ძალოვან მაღალჩინოსნებს.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სოზარ სუბარმა, რომლის ძმაც „ოცნების“ მოსვლის მეორე დღესვე გამოუშვეს, უდოთი გამოშვება შესთავაზა, პოლიტ. პატიმრის სტატუსით გამოსაშვებ ადამიანებს, ადამიანებს, რომლებიც არაერთხელ იყვნენ ნაცემნი და ნაწამებნი.

  •     უდოთი ხომ სააკაშვილიც გამოგვიშვებდა – ის რომ გვეღიარებინა, რაც არ ჩაგვიდენია და შეწყალება გვეთხოვა, ხომ ისიც გამოგვიშვებდა? – კითხვა დაუბრუნეს ბიჭებმა!

უფრო სწორედ, მოდი, გულახდილად ვთქვათ, იმ ბიჭებმა, ვისაც საკუთარი სიმართლის კანონით დამტკიცება შეეძლო, თორემ, რამდენი იყო უპატრონო, რამდენს არ შეეძლო საკუთარი თავის დაცვა, რამდენს არ ჰყავდა ადვოკატი? რამდენს მოაწერინეს აღიარებაზე ხელი, ათხოვნინეს შეწყალება და ისე გამოუშვეს.

იყვნენ ძალიან პატრონიანებიც, არავის რომ არ უწამებია და უცემია და მაინც პოლიტ. პატიმრებად გამოვიდნენ გარეთ და იყვნენ უპატრონოებიც, ტყუილად რომ ისხდნენ, ცემით რომ ყური დაუზიანდათ, მხედველობა დააკლდათ, ხეიბრად იქცნენ და მაინც არავინ სცნო პოლიტ. პატიმრად.

რას ნიშნავს ამდენი პოლიტ.პატიმარი?

ავტომატურად ნიშნავს გაყალბებულ საქმეებს. რამდენი პოლიტ.პატიმარიც გყავს, იმდენი საქმეა გაყალბებული და შენ თუ  ამბობ, რომ ესა და ეს ადამიანი არის პოლიტ.პატიმარი, აპრიორი – უნდა ამტკიცო ისიც, რომ ამ ადამიანის საქმე შეკერეს და უნდა დაიწყო გარკვევა – ვინ შეკერა? ვის გაისვარა ხელი? ვინ აიღო ქრთამი? ვინ სცემა და აწამა ადამიანები?

მეტყვით ახლა, რომ ბევრი პოლიტ.პატიმარი ჰყავდა სააკაშვილის რეჟიმის შემდეგ ქვეყანას და ამდენ საქმეს ვერ გადახედავდნენ, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული და კონკრეტული პირების პასუხისგებას ვერ მოახერხებდნენ.

ათეულობი წლების მანძილზე მიდიოდა პროცესები, ათეულობით წლების მანძილზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ეძებდნენ და ასამართლებდნენ ფაშისტებს, ათეულობით წლების მანძილზე ცდილობდნენ, გარდაცვლილი ადამიანების სახელების რეაბილიტირებას! ამიტომ, შეუძლებელი, დამიჯერეთ, არაფერია.

კარგი, ვერ შეძლო ჩვენმა მთავრობამ იმ საქმეების გამოძიება, რომელ საქმეთა გამოძიებასაც დაგვპირდა – ვერ შეძლო და რა გააკეთა? დაიწყო ყოფილ პოლიტ.პატიმართა დევნა, რადგან ისინი ბედავდნენ და საქმის გამოძიებას ითხოვდნენ, მათ ჰქონდათ კითხვები, როგორ დაწინაურდნენ ის ძალოვნები, რომლებმაც მათი საქმე შეკერეს.

გიორგი გაბედავას შემთხვევაში, ორი პროკურორი: გიორგი მიქაიია და დავით ხიზანაიძე, გიორგი მიქაია, რომელიც გ. გაბედავას, სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში,  საქმის შეკერვის დროს პროკურორის თანაშემწე იყო, 2013 წელს დაინიშნა მთაწმინდის რაიონის მთავარ პროკურორად, მალევე დააწინაურეს პროკურორი დავით ხიზანაიძეც, ერთ-ერთი რაიონის მთავარი პროკურორია დღეს.

აღარ ვსაუბრობთ მოსამართლეებზე – ისინი ყოფილან მსხვერპლი, თუ ყოფილან! ამიტომ უვადოდ ვნიშნავთ. დაე, სულ თავში გვირტყან აწი ჩაქუჩი, ღირსნი ვართ!

2013 წელს, ძალოვანი სისტემის თანამშრომელმა წიფურიამ დაადასტურა, რომ გ. გაბედავა 2009 წელს, გიორგი სამუშიამ და ზაზა კვარაცხელიამ სცემა – დაზარალებულად სცნეს გაბედავა, მაგრამ ახლა 2019 წელია და საქმე ისევ თაროზეა.

არც პროკურატურას, არც შსს-ს პასუხი არა აქვს.

2012 წლის 5 სექტემბერს, ციხეში მჯდომ გ. გაბედავას, ბაბუას მეგობარი უცხოეთიდან უგზავნის დედის სახელზე 50 დოლარს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი ლევან კაკავა იბარებს მოტივით, რომ აინტერესებს, ვინ გამოაგზავნა ეს 50 დოლარი.

სადმე გინახავთ, კაცმა, რომელსაც ამხელა რეგალია აქვს – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი – ვინმე დაიბაროს 50 დოლარის გზავნილის გამო???

ლევან კაკავა ემუქრება გაბედავას დედას, ეუბნება, რომ „ქართული ოცნება“ მაინც ვერ გაიმარჯვებს და ურჩევნია შვილი ჰყავდეს ცოცხალი.

სად არის დღეს ლევან კაკავა? – ციხეში? – არა! სახლში – არა!

შს მინისტრის, გიორგი გახარიას ერთ-ერთი მოადგილეა!

არათუ საქმე არ აღძრულა, შიდა მოკვლევა თუ დაიწყეთ საქმეზე-თქო, ვკითხე შსს-ს და პასუხი არ მაღირსა. შიდა მოკვლევა მაინც ჩაგეტარებინათ, ისე, ზრდილობისთვის, ისე, ტყუილად მაინც, ის მაინც დაგედგინათ, ახლაც იგივე მეთოდებით ხომ არ მუშაობს?

იტყვის ახლა მავანი, იტყუები, ლევან კაკავა არ დაემუქრებოდა გაბედავას დედასო, კარგი, ამიხსნას და მითხრას, ლევან კაკავამ – თუ დასაშინებლად არა, მაშ, რისთვის დაიბარა პატიმრის დედა?

ვინმეს იცნობთ, ვისაც 50 დოლარის გზავნილის მიღების გამო ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის რაიონული სამმართველოს უფროსი იბარებს და დაკითხვას უწყობს?

ლოგიკური კითხვა ჩნდება ამასობაში, გაგიჟდა ეს ხელისუფლება? თავის მომხრეებს როგორ დაერია? არ სჭირდება მომხრეები? ვერ გამოიყენებდა ამ ხალხს?

ვერ გამოიყენებდა! ეს ხელისუფლება ხომ არ აპირებდა სამართლიანობის აღდგენას, შესაბამისად, არაფერში სჭირდებათ ადამიანები, რომლებსაც ბრძოლის უნარი და ძალა შესწევთ, ბრძოლისუნარიანი ხალხის ეშინიათ. რამდენჯერმე დაიჭირეს გაბედავა ისევ, ისევ სცადეს, ამ ხელისუფლების დროსაც იარაღის ჩადება. ერთ-ერთი დაკავების დროს, გაბედავამ მოახერხა ტელეფონის ჩართვა – საუბარისას, პოლიციელი ეუბნება, დილიდან გიმეორებ, ვერ დარეკავ ოჯახში, სანამ არ მოვა ის კაცი, რომელმაც დაგიჭირაო, არა, მე კი არ ვიცი, ვინ დაგიჭირა, არც ვიცნობო, მაგრამ, მოვაო. არა, არც ის ვიცი, როდის მოვა, მაგრამ მოვაო. არა, არც ის ვიცი, რა დააშავე, ოქმი არაა შედგენილი, მაგრამ, ალბათ დააშავებდიო. კაი, ახლა, რატომ ირღვევა შენი უფლებები, იმიტომ რომ დარეკვის უფლებას არ გაძლევთ, იმიტომ რომ ადვოკატთან არ დავრეკეთ, იმიტომ რომ შენმა ოჯახმა არ იცის სად ხარ, იმიტომ რომ სამოქალაქო ფორმიანმა ადამიანებმა დაგაკავეს და ბრალი არც წაგიყენეს, იმიტომ რომ საათობით ზიხარ და არ გეუბნებით – რატომ ზიხარ? – ამიტომ ირღვევა შენი უფლებები? – სიგარეტი რომ მოგაწევინეთო? ეო, სიგარეტი რომ მოგაწევინეთო?

უდევს ამ საუბრის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გ. გაბედავას.

ისევე როგორც უდევს ვიდეო – სადაც, ასევე ძალოვანი სისტემის თანამშრომელი, იმაზე ჰყვება როგორ აწამებდა ადამიანებს, როგორ იქცეოდა უკანონოდ.

ფეხმძიმედ ჰყავდა მაგ დროს მეუღლე, ბოლოს უთხრეს, შენი მეუღლე წაიქცევა და რამე დაემართებაო და წავიდა ქვეყნიდან, სადაც არ დააყენეს.

წავიდა ქვეყნიდან  და არ წასულა თან, თან სულ, როგორც კი დროს იპოვნის, ქართულ პოლიტიკაზე და უსამართლობაზე წერს. არც ის ვიდეოები წაუშლია სოციალური ქსელიდან და ღიადაც ჩაგვაწერინა ინტერვიუ, სახელები და გვარები დაასახელა, შს მინისტრის მოადგილეს ჩათვლით, ყველას სახელები დაასახელა.

გიორგი გაბედავას დედა:

იმ ინტერვიუს დაბეჭვდის მერე, რაც „ალიაში“ გამოქვეყნდა, ჩემს ტელეფონზე ზარები შემოდის, ეწერება რომ კონფედენციალურია ზარი – კითხულობენ გიორგის, მეკითხებიან როდის ჩამოდის, მერე ამბობენ: გადაეცით წაშალოს ის ვიდეოებიო და მითიშავენ, ან, გადაეცით, ჭკვიანად იყოს და მითიშავენ. ხან ხმას არ იღებენ.

–         ერთი და იგივე ადამიანი გირეკავთ?

–         არა, არ ვფიქრობ, რომ ერთი და იგივე ადამიანის ხმაა. ერთხელ იყო მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცის ხმა, დანარჩენ შემთხვევებში, საშუალო ასაკის ადამიანის ხმას ჰგავს. არ ვიცი, რა უნდათ ჩემს შვილთან. გავწყდით წელში ჯერ მარტო ჯარიმებით, ამ ბოლოსაც მომივიდა ადმინისტრაციული ჯარიმა 450-ლარიანი, აღარც ვიცი, უკვე რომელი დაკავებისას გამოწერილია. რას აშავებს? მითხრან მაშინ რას აშავებს. რა ვიდეოები, მე ვერ ვერკვევი სოციალურ ქსელში, არც ვიცი, რა ვიდეო უდევს პოლიციელებზე, გჯერათ? არც ვიცი, რა ვიდეოების აღებას ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ სული მძვრება, ისე მენატრება ჩემი შვილი და მისი ოჯახი – არ მინდა, რომ დაბრუნდნენ, მეშინია, რომ დაბრუნდეს. ზუსტად ვიცი, კარგი არაფერი დაემართება. ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი, არავინ დასდევს, არავინ დაიჭერს, არავინ სცემს. რამდენიმე დღის წინ, დედაჩემთან იყვნენ მისულნი, პოლიციის ფორმა ეცვათ, დაუბარეს: – გიორგიმ ენას კბილი დააჭიროს, პოლიციელებზე ვიდეოები აიღოს, თორემ, ჩამოვათრევთ ყურებით და რაც მოუვა თავს დააბრალოსო.  აღარ შეგვიძლია მეტი, არ დასრულდა ჩემი შვილის დევნა.

გიორგი გაბედავას ბებიამ, განცხადება დაწერა სახლში, სადაც აღწერდა მომხდარს და ფაქტის გამოძიებას ითხოვდა. გამოგვიგზავნა ეს განცხადება პოლიციაში წაღებამდე.  წაიღო მერე ეს განცხადება პოლიციაში, შეიყვანეს განყოფილების უფროსის მოადგილესთან, „აუხსნა“ და „დააკვალიანა“ მოადგილემ, როგორც გვიყვება, რომ „ენას კბილი დააჭიროს, თორემ, ყურებით ჩამოვათრევთ და რაც მოუვა, ნახავს“ – მუქარა არ არის და ჰკითხეს – სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ? – არაო, უპასუხა ბებიამ პატიოსნად. ხოდა, ეს არ არის მუქარა და თუ მუქარა არ არის, რა გამოვიძიოთო, ამიტომ, ახალი განცხადება დავწეროთ, სადაც დავწერთ, ვიდეოების წაშლას რომ ითხოვდა პოლიციის ფორმიანი ხალხიო, დააწერინეს ახალი განცხადება, ბოლოში მიაწერინეს, რომ გამოძიებას კი არ ითხოვს, ისე, ფაქტის გასაცნობად დაწერა ეს განცხადება და გამოუშვეს.

მიხვდა, სახლში დაბრუნებული ბებია, რომ მწარედ გააცურეს და ორშაბათს ისევ წავა პოლიციაში ავდოკატთან ერთად, მაგრამ…

ეს საყოფაცხოვრებო დავაა? წყალი ჩაუვიდა მეზობელს და ერთი მეორეს ყურის ახევით დაემუქრა?

როცა სამი მამაკაცი, პოლიციის ფორმით, მიკაკუნებს და მეუბნება რომ ჩემს შვილიშვილს, რაც მოუვა – ნახოს – რაზე მიმანიშნებს? კანფეტს უყიდის? თავში წამოუთაქებს?

სულ რომ არაფერი დაებარებინათ, კარზე ხომ დააკაკუნეს? სამი ადამიანი პოლიციის ფორმით დაძრწის ქუჩებში, კარებებზე აკაკუნებს და შენ, სახელმწიფოს, არ გინდა გამოიძიო, ვინ არიან?

არ გაინტერესებს, ვინ დადის ქუჩაში შენი ფორმით?

არ არის სხვა ახსნა – შენი ხალხია ე.ი.

რა კარგი ჰქნა გიორგის ბებიამ, განცხადება რომ გამომიგზავნა, საუბარი ვერ მოვახერხეთ და ამ განცხადებაში წერია, რაც მოხდაო, ამიტომ გამომიგზავნა და გამოგზავნის დრო აწერია განცხადებას.

რატომ შეაცვლევინეს პოლიციაში განცხადება? რატომ არ უნდა პოლიციას გამოიძიოს ვინ სამი ადამიანი დაადგა პოლიციის ფორმით ასაკოვან ადამიანს სახლში, რომელმა სამმა ადამიანმა, ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა, იმ ფორმაში ჩაცმულმა, რომელი ფორმითაც უნდა გვიცავდეს, გაბედა დამუქრებოდა ასაკოვან ქალბატონს შვილიშვილის სიცოცხლით, თავისუფლებით და ჯანმრთელობით?

კი, მუქარაა ეგ და გაურკვეველი მუქარა, ყველაზე სახიფათოა, თორემ, თუ გაგაფრთხილეს, რომ თავში აგურს ჩაგარტყამენ, სპეციალური ქუდი ივლი, მაგრამ როცა არ იცი, საიდან დაგარტყამენ, ეგ – ყველაზე ცუდი მუქარაა!

მოკლედ, ასეა, დაძრწის ქალაქში პოლიციის ფორმით სამი უცხო ადამიანი, პოლიციამ მე არ გამომიგზავნიაო, აპ, აპ, აპო, მაგრამ – არც გამოვიძიებ ვინ არიან, ჯერ სიცოცხლის ხელყოფით არ დაგმუქრებიანო!

პოლიციის ფორმის გამოყენება მოქალაქისთვის და პოლიციის ფორმით ადამიანების საკუთარ სახლებში შეშინება, როდიდან აღარ ისჯება?

რა გამოდის? ხვალ რომ პოლიციამ გამაჩეროს, იქნებ, პოლიციელი სულაც არაა და იმ სამიდან ერთ-ერთია?

რა გამოდის, ქუჩაში დადის სამი უცხო ადამიანი, მოდი, სახელი დავარქვათ, სამი კრიმინალი, ისეთი კრიმინალი, ასაკოვანი ქალის დაშინებას რომ არ ერიდება – სამი ასეთი კრიმინალი დადის პოლიციის ფორმით და პოლიციას გამოძიება არ უნდა?

ხოოო!

უფრთხილდით მეგობრებო პოლიციის ფორმას!

სადღაც გადაცმული კრიმინალები დადიან პოლიციის ფორმით.

გაიგე, ახლა, რომელმა მიუგზავნა ეს სამი ადამიანი გაბედავას, სააკაშვილის დროინდელმა გამომძიებელმა, პროკურორმა, მოსამართლემ, თუ სააკაშვილის დროინდელმა ამჟამინდელმა შს მინისტრის მოადგილემ, თუ ყველამ ერთად.

ხო, რა იყო, როცა კითხვებზე პასუხებს არ გვცემთ, როცა ძაღლად არ გვაგდებთ, როცა არც გამოძიებას აწარმოებთ, არც შიდა მოკვლევას, პოლიტ. პატიმრებად ადამიანებს აღიარებთ და მათ საქმეს ვინც კერავდა – აწინაურებთ, როცა პოლიციის ფორმიანთა მუქარა – მუქარად არ მიგაჩნიათ და სურვილიც არ გაქვთ, ფორმალურადაც არ გაქვთ სურვილი, დაადგინოთ, ვინ დაძრწის ქუჩაში თქვენი ფორმით – კი, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი.

ასე ხდება, ქვეყანაში, სადაც სამართალი არავის ადარდებს,სადაც წინა ხელისუფლების რეჟიმი  – სისხლიან რეჟიმად ვაღიარეთ და ახლა გვიხარია, რომ სისხლიანი რეჟიმის მეთაურნი დაწინაურებულნი გვყავს.

როდის ყოფილა, მგელი და კრავი ერთად სძოვდეს ბალახს.

ორი მგელი კი, ბატონო. ორი მგელი – უპრობლემოდ, ბალახსაც მოძოვს და სახელმწიფოსაც ზედ მიაყოლებს.

პ.ს. უფლებადამცველი, ადვოკატი მამუკა ტუსკაძე, გვიყვება, რომ  გ. გაბედავას სარჩელი უკვე მზადაა და მალე სტრასბურგის სასამართლოს ჩაბარდება:

მამუკა ტუსკაძე: სტრასბურგი იხილავს დასრულებულ საქმეებს, მაგრამ, კონვენციის 47-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, სტრასბურგი განიხილავს, იმ საქმეებსაც, რომელთა გამოძიება არ დასრულებულა – ეს არის დროებითი ღონისძიების განხილვა. მსგავსი სარჩელი შეგვაქვს მაშინ, როცა საქმე  ეხება, სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის უფლებას, გადაადგილების თავისუფლების დაცვას და ასე შემდეგ.

სარჩელი კარგა ხანია მზად გვაქვს, თუმცა, ჩემი კლიენტი ჯერ გამოძიების პასუხებს ელოდა, როგორც ხედავთ, საქმე უკეთესობისკენ კი არა, უარესობისკენ მიდის და უკვე იძულებულნი ვართ, სტრასბურგს მივმართოთ, რომელიც მსგავს საქმეებს სწრაფად, დაახლოებით ორ კვირაში განიხილავს და როგორც წესი, სახელმწიფოს ავალდებულებს, მოსარჩელის ყველა საქმე, დროულად და ამომწურავად იქნეს გამოძიებული.

რედაქციის შენიშვნა: სტატიის დაბეჭდვიდან რამდენიმე დღეში, გიორგი გაბედავამ ჩააბარა სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში.

თამო კეშელავა

გაზეთი „ალია“, N32

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.