გაეროს უმაღლესი კომისარი: უშიშროების საბჭო სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო პარალიზებულია

გაეროს უშიშროების საბჭო  ქვეყნების მიერ ვეტოს გამოყენების გამო “პარალიზებულია”,-ამის შესახებ გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიო რეაქცია მასობრივი განადგურების იარაღის, მათ შორის სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით “ცარიელი სიტყვები” იყო. ალ-ჰუსეინის განცხადება კომისრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“მსოფლიომ, უშიშროების საბჭომ უნდა გაიღვიძოს, და სწრაფად გააცნობიეროს ეს გამოუსწორებელი ზიანი”, – ნათქვამია განცხადებაში.
ალ-ჰუსეინის შეფასებით, „ათწლეულების მანძილზე მსოფლიო მიიჩნევდა, რომ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება კანონის ფარგლებს მიღმაა, ახლა კი მიაჩნიათ, რომ ასეთი იარაღის გამოყენება სირიაში ჩვეულებრივი პრაქტიკაა”.
კომისარი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზოგიერთი “ძალიან ძლიერი ქვეყანა” უშუალოდ მონაწილეობს სირიის კონფლიქტში, მაგრამ მათ არაფერი გააკეთეს ქიმიური იარაღის გამოყენების თავიდან ასაცილებლად.
„ამან შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს“,- ამბობს ალ-ჰუსეინი.

მან გაიხსენა, რომ 192-მა ქვეყანამ, მათ შორის სირიამ, ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, მაგრამ ამის მიუხედავად, არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ 2013 წლის დასაწყისიდან სირიის კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა ეს იარაღი 35-ჯერ მაინც გამოიყენეს.

წყარო: ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.