გამალებული შეიარაღება აფხაზეთში – რუსი სამხედროების და უშიშროების ოფიცრების რიცხვმა 6000-ს მიაღწია

ოკუპირებულ აფხაზეთში განლაგებულ მე-7 რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობა 600 რუსი კონტრაქტორით გაიზარდა და ამჯერად, ამ რუსულ ბაზაზე 4600 რუსი ჯარისკაცია. ამ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქეებმა, მათ შორის წვევანდელებმა, თავად გამოხატეს სურვილი აფხაზეთში გაევლოთ სამხედრო სამსახური და ყველა კანდიდატი გადამზადების შემდეგ შეირჩა იმის გათვალისწინებით, ვის შეეძლო უკეთ აფხაზეთის კლიმატურ პირობებში სამსახური.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დრომდე აფხაზეთში განლაგებული მე-7 რუსული სამხედრო ბაზაზე რუსული ჯარის რაოდენობა 4 ათასს შეადგენდა, შესაბამისად მათი რაოდენობა 4 600-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება შეიარაღებას და მძიმე ტექნიკას. ღია წყაროებში შემდეგი მონაცემებია მითითებული: 40 ერთეული ტანკი T-90A, 210 ჯავშანტრანსპორტიორი – 80A, 18 თვითმავალი ჰაუბიცა 2C3 „აკაცია”, 12 ნაღმმტყორცნი 2C12 „სანი”, 18 რეაქტიული სისტემა ბმ-21 „გრადი”, ბუქსირებადი ჰაუბიცა დ-30, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი – C-300.

კონფლიქტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, კარგია, რომ ზუსტი რიცხვი მოგვაწოდეს, თუმცა აქ არ შედიან უშიშროების თანამშრომლები და მესაზღვრეები.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ კოტრაქტორების რაოდენობა 600 კაცით გაიზარდა. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ამით მე-7 რუსული არმიის სრული შემადგენლობა გაიზარდა თუ სრულ შემადგენლობაში კონტრაქტორებმა ჩაანაცვლეს ისინი, ვინც გაწვევით მსახურობდა. დაზუსტებით რაიმეს თქმა შეუძლებელია, ვინაიდან ჩვენ მხოლოდ მათი საჯარო ინფორმაცია გვაქვს და ამას ვერ გადავამოწმებთ. აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზა საჩვენებელია. საუკეთესო ტექნიკა, რაც რუსეთს გააჩნია, აფხაზეთში ამ ბაზაზეც აქვთ. საერთოდ, სამხრეთ-სამხედრო ოლქი პრივილეგირებული დაჯგუფებაა რუსეთის ჯარში შეიარაღების თვალსაზრისით, პირობების თვალსაზრისით. ამ დღეებში აფხაზეთში ახალაშენებული ბინებიც გადასცეს რუს სამხედროებს და თქვეს, რომ ბინებს კიდევ უშენებენ. ამ ბაზაზე ხდება კიდეც რუსული ახალი ტექნიკის გამოცდაც. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი ჯავშანმანქანები ჩადის აფხაზეთში და მათი გამოცდაც იგეგმება. ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ რუსული ჯარის გაძლიერების პროცესი მიდის, რაც ფაქტობრივად დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ,” – ამბობს ცქიტიშვილი.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში დაახლოებით 6 000 რუსი სამხედრო თუ უშიშროების ძალების წარმომადგენელია.

„მე-7 სამხედრო ბაზის შემადგენლობაში, ოფიციალური მონაცემებით, 4 000 რუსი სამხედროა, თუმცა აფხაზეთში სხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებიც არიან. იგივე ფედერალური უშიშროების სამსახურის შემადგენლობა, ასევე რამოდენიმე სხვა სტრუქტურის წარმომადგენლებიც არიან და მთლიანად მათი რაოდენობა შეიძლება 6000-მდე იყოს. ამას ემატება ე.წ. აფხაზური შეიარაღებული ძალების კონტიგენტიც, რომელიც რუსეთის ოპერატიული მმართველობის ეგიდით მოქმედებს. ორი დღის წინ რუსებმა აღადგინეს 464-ე სარაკეტო ბრიგადა და ის მე-8 საარმიო შემადგენლობაში განათავსეს, რომელიც აღჭურვილია „ისკანდერ-ემების” ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსებით და ესეც საგულისხმო მომენტია. მე-7 არმიაში კი 600 კონტრაქტორი გაგზავნეს. როგორც ჩანს, რუსები ცდილობენ გააძლიერონ სამხედრო შენაერთები უშუალოდ საქართველოს მიმართულებით. 600-მა კონტრაქტორმა თავად როგორ გამოხატა სურვილი მაინცდამაინც აფხაზეთში ემსახურა, ეს ცალკე საუბრის თემაა. შეიძლება ამ კონტრაქტორების უკან იდგნენ სპეცდანიშნულების რაზმები და აფხაზეთში მათი ფარული კონცენტრაცია ხდებოდეს. საინტერესოა, რას უკავშირდება ამ დაჯგუფების გაძლიერება. რუსები ოჩამჩირის სოფელ კინდღში ატარებენ სიღრმისეული სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის ერთეულის მშენებლობას, სავარაუდოდ კიდევ ერთ ბაზაზეა საუბარი და შესაძლებელია კონტრაქტორების გაზრდა ამასაც უკავშირდებოდეს. ასევე შესაძლოა უკავშირდებოდეს ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებს. რუსებს ჰგონიათ, რომ საქართველოში ნატო-ს შენაერთები განთავსდება,” – ამბობს მაისაია.

ეკატერინე ბასილაია

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.