“გამოუვალ მდგომარეობაში ვართ, ქვეყნის ბედი ასეთი განწირული, როგორიც ახლაა, არასოდეს არ ყოფილა”

“ეს არის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასა და ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ბრიუსელში სამუშაო ვიზიტისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს პოლიტიკა 2013 წელს პარლამენტის დეკლარაციის მიხედვითაა მიღებული და საქართველო ამ პოლიტიკის ფარგლებში მუშაობს.

“კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ყველა ამ შეხვედრაზე ჩვენ ვსაუბრობთ იმ სტრატეგიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, 2012 წლიდან, ეს არის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა.

“მე ამ წლების განმავლობაში არ მინახავს ვითარება, სადაც ვინმეს კითხვის ნიშანი დაესვა, რომ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არ ვითარდება სწორად ან რომ ამ პოლიტიკის შორს მიმავალი შედეგი არ დადგება. ეს პოლიტიკა 2013 წელს პარლამენტის დეკლარაციის მიხედვითაა მიღებული და ჩვენ ვმუშაობთ ამ პოლიტიკის ფარგლებში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამართლებს თუ არა რუსეთთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა? – ეს კითხვა “მთელმა კვირამ” საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

რეზო მიშველაძე (მწერალი):“პრეზიდენტის ეს განცხადება კატის მიერ დაჭერილი თაგვის განცხადებას წააგავს. პრეზიდენტი თავის ხალხს ამ ტრაგიკული ვითარებიდან გამოსასვლელად, რაშიც ახლა საქართველო იმყოფება, ვერაფერს სთავაზობს და ამიტომ მორიგი საოქმო განცხადებით გამოვიდა, ეს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკააო.

“გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. პატარა ქვეყნის ბედი ასეთი განწირული, როგორიც ახლაა, არასოდეს არ ყოფილა, ამიტომ დადანაშაულებით – ისე, როგორც ოპოზიცია ჩხავის, უფრო მეტი უნდა გააკეთონო – ვერც პრეზიდენტს და ვერც პრემიერ-მინისტრს ვერ დავადანაშაულებ. თუმცა მათი შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების გამო იმის ნახევარსაც არ აკეთებენ, რათა მსოფლიოს საქართველოს ტრაგედია უკეთ გააგებინონ, ვიდრე უნდა აკეთებდნენ ნამდვილი პოლიტიკოსები.”

ირმა სოხაძე (მომღერალი):”ზუსტად რას ნიშნავს, არ ვიცი, არ ვარ ამაში გათვითცნობიერებული. მაგრამ, ზოგადად, რაიმე ფორმით ურთიერთობა რომ საჭიროა, ამაზე ყველა ვთანხმდებით. მაგალითად, არც კვირიკაშვილის განცხადებამ აღმაშფოთა და გამაღიზიანა, როგორც ამას ოპოზიცია აღიქვამს, რომ თურმე ღირსება დავკარგეთ და ერი აღარ ვართ. პირიქით მგონია, რადგან როდესაც რაღაცაშია საქმე და ვიღაც ძალით გერევა, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ სამართალი დადგეს. ყველანაირი ზომა უნდა მივიღოთ.

“მოთმინებაში ჩუმად ყოფნა და თავის დახრა თუ იგულისხმება, რა თქმა უნდა, არ ვამართლებ. არ ვიცი, ეს რა არის, პირველად გავიგე, რომ სტრატეგიული მოთმინება ლამის კონსტიტუციაში გვიწერია. მოთმინება არ უნდა ამას, ამას უნდა დიალოგი.”

თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):“არავინ არ არის გიჟივით მივარდნის მომხრე, მაგრამ არ მომწონს, რომ საქართველო თავდაცვის პოლიტიკას არ ატარებს. ხელისუფლება არ აქტიურობს იმ დოზით, როგორც უნდა აქტიურობდეს, როდესაც ხალხს გიხოცავენ და ცხედარსაც კი არ გაძლევენ. რა გონივრულ ურთიერთობაზე არ წავიდა სამივე პრეზიდენტი – გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი. სამივეს დასაწყისი იყო რუსეთთან ურთიერთობა.

“კაპიტულანტურს ჰგავს ეს დამოკიდებულება. რის დათმობას აპირებს საქართველო? თუკი დასავლეთის კურსის ცვლაზეა საუბარი, ეს არის დანაშაული და კატასტროფა, რომელსაც საქართველოს მომავალი თაობა არ დაუშვებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ ვემხრობი ამ კაპიტულანტურ დამოკიდებულებას.

“პუტინი არ მალავს, მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. მათი კინკლაობის შუაში ადამიანები დგანან, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობას არავის არ აპატიებენ. ქვეყანაში დენთის სუნია. ესენი ქვეყანას ვერ მართავენ და რუსეთთან ურთიერთობას მოაგვარებენ? თავზე ჩამოგვემხო სახელმწიფო ინსტუტუციები.”

წყარო: guriismoambe.com

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.