განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის, რომან გოცირიძის მიერსაკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილეს.

ინიციატორის განმარტებით, კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების წესში ცვლილებების შეტანა. კერძოდ, ინიციატივის თანახმად, უქმდება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ისა. „ნორმის დატოვების შემთხვევაში, 2018 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 5,7 მილიონი ლარით იზრდება. დაფინანსების ეს წესი შემდგომში მხარჯავი დაწესებულების მიერ საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვის მიზეზი შეიძლება გახდეს. საერთაშორისო პრაქტიკაში არ გვხდება არცერთი შემთხვევა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება დამოკიდებული ყოფილიყო ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაზე“, -განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს კანონის დროებით ნორმას, რომელიც უკვე 8 წელია მოქმედებს და დღემდე არ დასმულა საკითხი მისი გადახედვის შესახებ. იგი თავის მხრივ, ასევე აბრკოლებს ძირითადი ნორმის ამოქმედებას, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი უნდა იქმნებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასახდელიდან.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გუგული მაღრაძის მოსაზრებით, შესაძლოა კანონში გაკეთდეს დათქმა, რომელიც 2018 წლის შემდეგ ამოქმედდება. დეპუტატს მიაჩნია, რომ 2018 წლის ბიუჯეტი უკვე შემუშავებულია, თუმცა შემდეგი წლებისთვის კანონპროექტის აღნიშნული ნორმა უნდა მოწესრიგდეს.

კომიტეტის თავმდჯომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლის საშუალება წლების განმავლობაში არ ჰქონია მას. „საზოგადოებრივი მაუწყებელი არის განსაკუთრებული უწყება არა მხოლოდ იმიტომ , რომ 60-წლიანი ისტორია აქვს და არის ჩვენი ტრადიციის ნაწილი, არამედ ჩვენ კონსტიტუციაში გავაძლიერეთ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი. ამ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია მისი სტაბილური დაფინანსება“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და ტექნიკური აღჭურვილობის ინვესტიცია სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებლობას, რომ გახდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შეძლოს საქმიანობის განხორციელება.

კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს.

დღესვე განიხილეს კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროქტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმხლებ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად. კანონს ემატება ნორმა, რომელშიც მოცემულია მედიაწიგნიერების განმარტება.

წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობის, ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან დაახლოებას. მარიამ ჯაშის განმარტებით, მრავალფეროვანი მედია საშუალებების და ციფრული ტექნოლოგიების, ასევე ინტერნეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სულ უფრო მზარდი მონაწილეობის პირობებში, როცა სუსტდება რეგულირების არსებული, ძირითადად მაკონტროლებელ-საზედამხედველო მექანიზმების ეფექტურობა, წინა პლანზე გამოდის მედიაწიგნიერების განვითარების ამოცანა, რათა საზოგადოებასა და ადამიანს ჰქონდეს თანამედროვე და განახლებული ცოდნა, უნარჩვევები დამოუკიდებლად მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები. „მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში მარეგულირებელი ორგანოები აღიარებული არიან, მედია და ციფრული წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის პროცესის საუკეთესო ფასილიტატორებად. ისინი ხელმძღვანელობენ და ქმნიან ქვეყანაში მედია წიგნიერების განვითარების ერთიან მიდგომას და ახორციელებენ მას. მარეგულირებელი ორგანოები შეიმუშავებენ მედიაწიგნიერების განვითარების სტრატეგიას, ხელს უწყობენ მედიაწიგნიერების პოლულარიზაციას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში, სხვადასხვა თაობებს შორის არსებული მედია და ციფრულ უნარ-ჩვევებს შორის განსხვავებების აღმოფხვრას“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.