გარევაჭრობის პრობლემა – მძიმე გასაჭირის მარადიული სიმბოლო

ოზურგეთში გარემოვაჭრეთა პრობლემა, სულ ცოტა, 20 წელია აქტუალობას არ კარგავს და როგორც გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ეს პრობლემა გასაჭირის სიმბოლოდაც კი იქცა საქართველოში.

დღეისთვის ოზურგეთის აგრარულ ბაზრის ირგვლივ, აბაშიძისა და გურიის ქუჩების ტროტუარებზე სოფლებიდან ჩამოსული ადამიანები არიან განლაგებული, რომლებიც, ძირითადად, შინამეურნეობაში მოწეული პროდუქციით ვაჭრობენ. ისინი ამბობენ, რომ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების ყოველ ჩამოვლაზე (რაც ბოლო პერიოდში ძალზე გახშირდა), იწყება დავა, რომ ტროტუარები გაათავისუფლონ.

_ მოდიან და გვიყვირიან, თბილისში რომ აყარეს ხალხი ტროტუარებიდან, ისე გიზამთ თქვენც, თუ ბაზარში არ შეხვალთო. როცა შრომის ბაზარი დაურეგულირებელია, ბუნებრივია, არ გვჯერა, რომ იმ პირობას, რასაც გვთავაზობენ _ ალტერნატიულ ფართს, უფრო კარგ სანიტარულ პირობებს, შეასრულებენ. თანაც იქ გადასახადი უფრო მეტია, ვიდრე სავაჭროდ შემომსვლელი ადამიანი, _ ამბობენ ისინი.

ქეთინო რუსიეშვილი, ქ. ოზურგეთის გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრები:

_ რომ არ მიჭირდეს, აქ დავდგები და ასე ვიწვალებ? რას დაგვდევენ _ სად შევიდე, რომელ ბაზარში? განა თქვენ არ გახსოვთ, წლების წინ როგორ გამოგვყარეს ოზურგეთის ძველი ბაზრიდან ახალ, დახურულ ბაზარში, გურიის ქუჩაზე? სად ვარ დღეს? ისევ ქუჩაში, იმიტომ რომ იქიდანაც გამოგვყარეს! ხომ წერდით ამის შესახებ. აი, ნახეთ ახლა, იქ თუ არის ბაზარი. ამ ამბების შემდეგ რამდენი ათასი ლარის საქონელი ვიზარალე… იქ მოვაჭრეებიდან ზოგი სახლში წავიდა, ზოგიც მოკვდა _ სამი ადამიანი გადაჰყვა მაგ ამბავს. ახლა აგერ ისევ თეთრების გამო ვდგავარ. შეგვიწყონ ხელი ან ისე მოაგვარონ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე იყიდებოდეს, მაგალითად, კარტოფილი _ ერთგან, ყველი და ნადუღი _ მეორეგან, მწვანილი კიდევ ცალკე და ასე შემდეგ. 

ზაირა ვაშაყმაძე, სოფელ ნაგომრის მცხოვრები:

_ დიაბეტით დაავადებული ვარ. აფთიაქის პირდაპირ იმიტომ ვჯდები და ვყიდი ცოტა რაღაცეებს, ცუდად რომ გავხდე, წამალი აქვეა და ვიყიდი,-მეთქი. თუ არადა, ვის აქვს წამლის ფული? პურის ფულისთვის ვწვალობ. პენსია მაინც რომ მქონდეს, აქ არ ვივლი. 8 წელი მიკლია პენსიამდე. შემომხედეთ, გაცილებით უფროსი ასაკის ვგონივარ ყველას. მივაღწევ კი იქამდე? ამ მთავრობას, მგონი, არ სჯერა, როგორ უჭირს ხალხს! სამუშაო რომ იყოს, რა გვიჭირს, ვის უხარია მათხოვარივით ქუჩაში დგომა? და აქაც რომ დაგდევენ.

ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები ნანული ზაქარიაძე ამბობს, რომ 20 წელი ბუღალტრად მუშაობდა ერთ-ერთ პრესტიჟულ ორგანიზაციაში. თუმცა, დღეს დამლაგებლის ადგილიც ვერსად იშოვა.

_ ესაა საქმე? ჩემს მოწეულს და გაკეთებულს თუ რამეს გავყიდი, ხომ შეიძლება, ხელი შეგვიწყონ? მაშინ ისე მოაწესრიგონ საქმე, რომ ელემენტარული პირობები შეგვიქმნას ხელისუფლებამ, ხალხს პურის ფულის საშოვნელად ქუჩაში წანწალი არ ჭირდებოდეს. სახლი კარგი მაქვს, კომუნისტების დროს აშენებული, მაგრამ კედლებს ხომ ვერ მოვხრავ?! ორშაბათიდან აქ არ დაგინახოთო, _ გვითხრეს. რა ვქნათ? არც შაბათს მოვალთ და კვირასაც ვერ გვნახავენ, მაგრამ პირობები შეგვიქმნან მაშინ, დაგვასაქმონ. ვის ეზარება მუშაობა? დამლაგებლის ადგილიც რომ იყოს, არ დავიძინებ, ისე ვიმუშავებ.

ლალი კვაჭანტირაძე, გარემოვაჭრე:

_ 30 ათასი ლარი მქონდა ბანკში შენახული, შევარდნაძის დროს რომ შეგვიჭამეს და რამდენ ხანს გვპირდებოდნენ, აგინაზღაურებთო. ახსოვს ვინმეს ეს ამბავი? რაიმე გააკეთა რომელიმე ხელისუფლებამ, რომ ცოტა კომპენსაცია მიგვეღო? სხვა ქვეყნებმა როგორ შეძლეს? ამათ ის შეძლეს, რომ თვითონ გახდნენ მილიონერები.

ახლა გვეუბნებიან, აქ ნუ დგახართო… ვის უხარია აქ დგომა, მაგრამ მაშინ ჩვენს შვილებს გამოუგზავნონ პური! აქ თუ ვდგებით, მოვდივართ, ვგვით და ვალაგებთ, მივდივართ, კვლავ ვალაგებთ. თქვან ერთი, ვანაგვიანებთ აქაურობას? სააღდგომოდ თუ რამე არ ვივაჭრეთ, რა ვქნათ? ბაზარში რომ შევიდეთ, თვეში 30 ლარი მაინც უნდა გადავიხადოთ, რის შესაძლებლობაც ჩვენ არ გვაქვს.

ნორა თავდიშვილი, პენსიონერი:

_ დიდი ხანია, აქ ვვაჭრობ. ხან კი მეუბნებიან, რომ ადგილი შევიცვალო, მაგრამ არ ვეწინააღმდეგები. ხელს მიწყობენ. სახლში არავინ მაგდებს. ახლა ბაზარში რომ ვიყავით, ვინც შიგ ვაჭრობდა, იმათაც დააშავეს _ წყალში ჩაყარეს მწვანილეულის ნარჩენები, ნაგავი… დახლებს ქვემოთ დამპალი ნარჩენებიც ხშირად ეყარა. სუნი იდგა… არა ერთხელ ვთქვი, ცოტა მივხედოთ, ასე არ შეიძლება,-მეთქი. ზოგმა შემომიყვირა, რა გენაღვლება და ვინ გკითხავს, შენი ხომ არ არისო? ამიტომ გაუქმდა ის დახურული ბაზარი და ახლა იქ სუპერმარკეტია. მე არ ვარ უკმაყოფილო _ ზოგი რამ ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ, ზოგი პრობლემა მთავრობამ უნდა მოაგვაროს. ამ ხელისუფლების, როგორც ღმერთის, ისეთი მადლობელი ვარ _ ჩემი ჯარისკაცი შვილიშვილი სიკვდილს გადამირჩინეს, ისე უმკურნალეს ავადმყოფობისას… კი შეიძლება, რომ ადამიანებმა და ხელისუფლებამ ერთმანეთს ყური ვუგდოთ და მუდამ დავა და ჩხუბი არ იყოს.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შუქრი გაბრიჩიძეგარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს:

_ გარევაჭრობის პრობლემა ახალი არ არის. ჩვენი უპირველესი საზრუნავია ტროტუარების გათავისუფლება. არ გამოვა ასე! ვის მოსწონს, როცა პირდაპირ ტროტუარზე იყიდება ყველი, ნადუღი, მწვანილი. ოდნავ ყურადღება თუ მოადუნე, უკვე ისე იხერგება ტროტუარები, ადამიანი ვერ გაივლის. გასავლელი გზა უნდა იყოს გახსნილი! ამას წინათ სამ ადამიანს მოვკიდეთ ხელი და შევიყვანეთ ბაზარში, მივეცით დახლი, ადგილი მივუჩინეთ. თან ვუთხარით, რომ ორი-სამი თვე გადასახადს არ გადავახდევინებდით. გამოიქცნენ. არ უნდათ ბაზარში შესვლა. ეს ნორმალურია?

_ ისინი ამბობენ, რომ არა ერთი სახეობის პროდუქცია, რომელსაც თავად ყიდიან, აქვს ყველა მაღაზიას, რომელიც აღნიშნულ ქუჩებზეა ჩამწკრივებული. ამიტომ მომხმარებელი ბაზარში არ შედის ან ნაკლებად შედის…

_ და ამიტომ ტროტუარზე, ფეხებთან უნდა დაუჯდე გამვლელს? რა ვქნათ? მაღაზიებიც ყიდიან შერეული სახის საქონელს. მეც რომ მკითხო, წესით, ერთად არ უნდა იყიდებოდეს პლასტმასის ნივთები და ყველი ან რძე, მაგრამ ჯერ ამ ყველაფერს კანონი არ არეგულირებს.

რას ჰგავს აბაშიძის და გურიის ქუჩები _ პირდაპირ ტროტუარებზე ზის ხალხი! ასე რომ არ დავრბოდეთ, უკვე გამვლელ-გამომვლელები მოგვივარდებოდნენ, დაიცავით წესრიგიო. საზოგადოებას სჭირდება ელემენტარული რამ _ ტროტუარზე გადაადგილება! ვიცით, რომ ხალხს უჭირს და არც ჩვენ ვექცევით ვინმეს სასტიკად, თუმცა, ადრე თუ გვიან, ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას. აღდგომის დღესასწაული მოდის და ვეცდებით, ძალიან არ შევავიწროვოთ. მალე კი აქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება, მასშტაბური პროექტების გახორციელება იგეგმება და ისედაც არავის გააჩერებენ.

გარდა იმისა, რომ ტროტუარი ხალხის სამოძრაო ადგილია და არა სავაჭროდ დასაჯდომი, უდიდესია ანტისანიტარიის და აქედან გამომდინარე, ინტოქსიკაციის საფრთხე. ადამიანები სავაჭროდ უნდა შევიდნენ ბაზარში. იქ კი აუცილებლად შევუქმნით კარგ პირობებს, _ გვითხრა გაბრიჩიძემ.

წყარო: gurianews.com

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.