გაფრთხილება კაცობრიობას – რა ემუქრება დედამიწას

„პოლიტიკოსებს სამოქმედოდ დრო აღარ რჩებათ“- ეს სტრესულ მდგომარეობაში ჩააყენებს კაცობრიობას“

„კაცობრიობა სხვა კლიმატზეა შეგუებული, კლიმატი იცვლება, აცივება იქნება, თუ დათბობა, ამას მნიშვნელობა არ აქვს – ფაქტია, რომ პირობები იცვლება, შესაბამისად ეს გარკვეულწილად სტრესულ მდგომარეობაში ჩააყენებს კაცობრიობას” – ასე ეხმიანება „რეზონანსთან” გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე მსოფლიო კლიმატის ცვლილების მოსალოდნელშედეგებს, რომელსაც მეცნიერები „წარმოუდგენელ ტანჯვას” უწოდებენ.

მსოფლიოს მასშტაბით 11 000-მა მკვლევარმა მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნავენ, რომ თუ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გზები არ შეიცვლება, ეს კაცობრიობის „წარმოუდგენელ ტანჯვას” გამოიწვევს .

„პოლიტიკოსებს სამოქმედოდ დრო აღარ რჩებათ. შთამომავლობა მათ არ აპატიებს, რომ ასეთი სერიოზული საფრთხე შეექმნა ჩვენს ცივილიზაციას” – აცხადებს CNN- თან, მოხსენების ერთ-ერთი ავტორი და მეცნიერი ფობი ბერნარდი.

მეცნიერებმა ანგარიშში ექვსი ძირითადი ასპექტი ჩამოთვალეს, რომელიც მსოფლიოს საშუალებას მისცემს თავიდან კატასტროფული სცენარი აირიდოს, ექვსივე პუნქტი „რეზონანსს” ნინო ჩხობაძემ განუმარტა.

1. წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება – „ეს არის ჩვეულებრივი საწვავის ჩანაცვლება, ბენზინის, სალიარის და სხვა დღეს მოქმედი საწვავის მაგივრად, რომ გამოვიყენოთ მაგალითად ელექტრო საწვავი, მზის ენერგია და ა.შ., ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაზეც მთელი კაცობრიობა ნელ-ნელა გადავა.

„ამის გარდა, საუბარია იმაზე, რომ თბური სადგურები, რომლებიც წიაღისეულ საწვავს გამოიყენებენ, ნელ-ნელა შემცირებულ იქნეს და მაქსიმალურად მოხდეს ჰელიუმ სისტემებზე გადასვლა.

2. დამაბინძურებელი ემისიების შემცირება – „მეორე პუნქტის შემთხვევაში იგივე საკითხს ვუბრუნდებით, საწვავის გამონაბოლქვისა და წარმოების გამონაბოლქვების შემცირებაზეა საუბარი.

3. ნაკლები ხორცის ჭამა – „ეს პუნქტი გარკვეულად გარემოსდაცვითი კუთხითაა, რომ ცხოველური საკვები მაქსიმალურად შემცირებულ იქნეს, თუმცა, ეს პირობითი მცნებაა, აქ საუბარია იმაზე, რომ კაცობრიობამ ის, რასაც ცილის მიღება ჰქვია, სხვა საშუალებებითაც შეძლოს.

4. ეკოსისტემების აღდგენა და დაცვა – „ეს არის ის, რასაც დეგრადირებული ეკოსისტემების აღდგენა ჰქვია, სადაც სახეცვლილი ეკოსისტემაა, ამაზე თანხის დახარჯვა მოხდეს, რომ ხელოვნური ეკოსისტემები ბუნებრივით ჩაენაცვლოს, იმიტომ, რომ ბუნებრივ ეკოსისტემებს რეალურად უფრო მეტად შეუძლიათ, რომ შთანთქმელად იყოს გამოყენებული.

ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ეს მეტი დაცული ლანდშაფტებისა და დაცული სისტემების შექმნაა, ანუ მეტი ეროვნული პარკი და ნაკრძალის შეიქმნას.

5. ნახშირბადისგან თავისუფალი ეკონომიკის მშენებლობა – „ეს ისეთი ტიპის ეკონომიკის განვითარებაა, რომელსაც ცირკულარული, მდგრადი ეკონომიკა ჰქვია, ეს ახალი უნარჩენო ტექნოლოგიების დანერგვაა, და ისეთი შესაფუთი მასალია გამოყენება, რომელიც მრავაჯერადია.

6. მოსახლეობის ზრდის სტაბილიზაცია ოჯახის დაგეგმვის სერვისის დახმარებით და გოგონათა განათლება – „ეს ყველაზე რთული მომენტია იმიტომ, რომ მაგალითად ჩვენი ქვეყანა თავისი ტრადიციიდან გამომდინარე 90-იანი წლებიდან ოჯახს ეყრდნობოდა, დღეს კი კაცობრიობა ისევ ოჯახს, როგორც სოციალურ ფაქტორს უბრუნდება, იმ ყველაზე მნიშვნელოვანს, რომელიც სახელმწიფოს ქმნის, ბევრი ახალგაზრდა იფიქრებს, რომ ჩვენ უკან ვბრუნდებით, თუმცა კაცობრიობა უბრუნდება იმ აზრს, რომ სახელმწიფო იქმნება ოჯახით” – აცხადებს ჩხობაძე.

თამთა ჩაჩანიძე

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.