„გაყალბებული მინდობილობით და პასპორტით ნებისმიერი ქონების გადაფორმებაა შესაძლებელი“

„მე მაქვს მარტო 17 ბიზნესდავის მაგალითი, სადაც ნათლად ჩანს საჯარო რეესტრის არაფექტიანი მუშაობა. დღეს ნებისმიერ ადამიანს გაყალბებული მინდობილობითა და პასპორტით შეუძლია გადაიფორმოს ნებისმიერი ქონება. საჯარო რეესტრს კი არ ყავს თანამშრომელი, რომელიც საბუთის ვალიდულობას, სინამდვილეს დაადგენს. ეს არის დანაშაული,“- აცხადებს შპს „ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის“ დირექტორი ზურაბ ვანიშვილი.

17 ბიზნესდავიდან ჩვენ ზურაბ დვალიშვილს რამდენიმე კონკრეტული  მაგალითის მოყვანა ვთხოვეთ.  ერთ-ერთი ასეთი ქეისია მუშტაიდის ბაღთან არსებული სტადიონი – ნორჩი დინამოელი. როგორც ვანიშვილმა „კომერსანტთან“ განმარტა, აღნიშნული სტადიონი არის შპს და მთლიანად, მათ შორის იქვე არსებული მიწის ნაკვეთიც,  შესყიდული აქვს ებრაელ ინვეტორს სასომ ჰოკის. ფიზიკურმა პირმა, რუმინეთის მოქალაქემ ვალერიუ მორარუმ კი გაყალბებული მინდობილობითა და პასპორტით ებრაელი ინვესტორის მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტში თავის სახელზე გადაიფორმა.

„ასეთი რამ ძალიან ხშირად ხდება. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. ვინმე ქორნელ მუნტიანუ გახლავთ ხელოვნურად შექმნილი პიროვნება, რომელმაც ერთ-ერთი ებრაელის მიწის ნაკვეთი დიდ დიღომში  ზუსტად იმავე სქემით – გაყალბებული საბუთებით  თავის სახელზე გადაიფორმა. ზოგადად ყალბი მინდომილობისა და პასპორტის გაკეთება რუსეთში, ისრაელში და  განსაკუთრებით რუმინეთში ძალიან მარტივია. საჯარო რეესტრს ორჯერ მივმართე  ოფიციალური წერილით, ვინ არის პიროვნება და თანამდებობის პირი, რომელიც ამოწმებს აპოსტილის სინამდვილეს. პასუხად კი მივიღე, რომ მათ არ ყავთ ასეთი თანამშრომელი. არადა ჰააგის კონევნციაში გაწევრიანების შემდეგ ჩვენ ვალდებულნი ვართ მინდომილობის ნამდვილობა დავამტკიცოთ. ის, რაც საჯარო რეესტრში ხდება არის დანაშაული“,- განმარტავს ვანიშვილი.

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ქონებრივი უფლებები რომ დაცული არ არის, ზურაბ ვანიშვილის თქმით, ამას მოწმობს კიდევ ერთი ქეისი. საქმე ეხება „თბილისი მოლთან“ არსებულ დაუმთავრებელ შენობას, რომელიც თავის დროზე იყიდა და მშენებლობა დაიწყო მერი ზიონ ნეჰორაიმ. ფიზიკურმა პირმა, გვარად კაპანაძემ კი გაყალბებული საბუთებით ქონება მიითვისა და სხვა პირზე გაყიდა. დაზარალებულმა მესაკუთრემ  სასამართლოში იჩივლა და დანაშაულის ჩადენის ფაქტიც დადგინდა.

„კაპანაძეს მილიონი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა დაზარალებულ მესაკუთრეს მიწის ნაკვეთი სასამართლომ არ გადასცა. უზენაესმა მას უთხრა, რომ  მიწა გაყიდულია, შენ აღარ გეკუთვნის და ფული კაპანაძეს მოსთხოვეო. თავის მხრივ ეს კაპანაძე ერთ წელში გამოვიდა ციხიდან და სახელი- გვარი შეიცვალა. დაზარალებული კი დაზარალებულად დარჩა.  ყველაფერი ეს მოხდა საჯარო რეესტრში არსებული განუკითხაობის გამო“,-განმარტავს ვანიშვილი.

რაც შეეხება პრობლემის მოგვარების გზებს, როგორც ადვოკატმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, უნდა ხდებოდეს საბუთის ვალიდულობის დადგენა. მისივე თქმით, შესაბამის უწყებაში არავინ ამოწმებს ქვეყანაში შემოსულმა უცხოელმა მოქალაქემ კონკრეტული პასპორტით რეალურად გადაკვეთა თუ არა საზღვარი. ამისთვის კი საჭიროა შსს-სა და იუსტიციის სახლს ჰქონდეს ერთიანი კომპიუტერული ბაზა.

როგორც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში „კომერსანტს“ განუცხადეს მინდობილობის ვალიდურობის და პასპორტის სინამდვილის დადგენა უწყების კომპეტენცია არ არის.

ავტორი: სალომე ლემონჯავა

წყარო: commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.