გაყინული ინფრასტრუქტურული პროექტები – 400 მილიონი ლარის ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი 0%-ით არის ათვისებული

ბიუჯეტით გათვალისწინებული 80 კაპიტალური პროექტიდან, 65 პროექტის თანხები 50%–ზე ნაკლებად არის ათვისებული

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, 0%-ით არის ათვისებული. აღნიშნულ სიაში მოხვდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან (კოპიტნარი) სატრანსპორტო კვანძის მოწყობა; თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მშენებლობა; სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბათუმი (ჭოროხი) -სარფის მონაკვეთზე ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა; თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ22-კმ57 რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა; ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია; მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა (ADB); ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია; მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი) (KFW); თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD); სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ.

ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორი აქვეყნებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან 30%-მდე რესურსი, ხოლო 22 პროექტში ათვისების მდგომარეობა 30-100%-მდე მერყეობს. ამასთან, მხოლოდ 5 პროექტის შემთხვევაში გაწეულმა ხარჯებმა გადააჭარბა განსაზღვრულ წლიურ გეგმას.

სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 80 კაპიტალური პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 2,349 მლნ ლარს შეადგენს.

ამასთან, უწყება კაპიტალური პროექტების განხორციელების ეტაპებზე არსებული ხარვეზებზე მიუთითებს. კერძოდ, აუდიტის სამსახურის შეფასებით, საქართველოში პროექტების პირველადი შერჩევის არაფორმალურ და არასტანდარტიზებულ პრაქტიკას აქვს ადგილი და არ არსებობს კაპიტალური პროექტების განვითარების სტრატეგია, არც ქვეყნის და არც სექტორულ დონეზე.

გარდა ამისა, აუდიტის სამსახურის შეფასებით საბიუჯეტო რესურსით დაფინანსებული კაპიტალური პროექტებისათვის არ ხორციელდება პროექტების წინასწარი შეფასება, რომლის მიზანია პროექტის განხორციელების რამდენიმე ალტერნატივიდან საუკეთესო ვარიანტის შერჩევა. შედეგად, დგება ისეთი პროექტების შერჩევის რისკი, რომელიც არ წარმოადგენს კონკრეტული საჭიროების დაკმაყოფილების საუკეთესო ალტერნატივას და იწვევს ფინანსური, ადამიანური თუ დროითი რესურსების არაოპტიმალური მოცულობით გამოყენებას.

ამასთან, პროექტის განმახორციელებელი უწყებებისათვის რესურსების გამოყოფა კონკრეტული პროექტების იდენტიფიცირებამდე ხდება და, შედეგად, ჩნდება ისეთი პროექტების დაფინანსების რისკი, რომლებიც წარმოადგენენ არაეკონომიურ და არაეფექტიან ალტერნატივას კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრისათვის.
ხარვეზებია დეტალური დაგეგმვის ეტაპზეც. კერძოდ, მთავარ და პრობლემურ საკითხს უშუალოდ მომზადებული დეტალური გეგმის ხარისხი წარმოადგენს, რაც, ძირითადად, უკავშირდება დაგეგმვის ეტაპზე კონტრაქტორების მიერ არასრულფასოვანი პროცედურების განხორციელებას (არაზუსტი საპროექტო დოკუმენტაცია, საპროექტო დოკუმენტაციის მონაცემების ხარჯთაღრიცხვაში გამოტოვება, გეოლოგიური დასკვნების ცდომილება და ა.შ.).

`საბიუჯეტო რესურსით დაფინანსებული კაპიტალური პროექტებისათვის პროექტის განხორციელების ეტაპზე არ არის განსაზღვრული მექანიზმი, რომლის მეშვეობით მოხდებოდა პროექტის შესახებ მნიშვნელოვანი ცვლილებების (შეწყვეტა, არსებითი მოდიფიკაცია) დასაბუთება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს პროექტის მდგრადობაზე და ვერ უზრუნველყოფს მის შესაბამისობას თავდაპირველ მოტივაციას და მიზნებთან. ასევე, განსაზღვრული არ არის პროექტების ზედამხედველების მიერ მონიტორინგის შედეგების წარდგენის ფორმა და პერიოდულობა პროექტის განმახორციელებლებისთვის. არ მზადდება სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგის ამსახველი ანგარიშები.

საბიუჯეტო რესურსით დაფინანსებული კაპიტალური პროექტებისათვის პროექტის დასრულების შემდგომ არ ხდება მიღწეული შედეგების შეფასება და პროექტის განხორციელების შედეგად დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება შემდგომი პერიოდების პროექტების დაგეგმვისას. შედეგად, არ არსებობს ინფორმაცია პროექტების მიერ მიღწეული შედეგების შესახებ. ამას გარდა, ცოდნისა და გამოცდილების გაუთვალისწინებლობა იწვევს განმეორებითი ხასიათის ხარვეზებს, რასაც საბოლოოდ მივყავართ საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიან და არაეკონომიურ განკარგვამდე”, – მიუთითებს სახელმწფო აუდიტის სამსახური.

ნათია წიკლაური

http://bfm.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.