გენგეგმა, ელიავას ბაზრობა და გაუხმაურებელი სასამართლო პროცესები

გენგეგმის დამტკიცების მოახლოებასთან ერთად, ელიავას ბაზრობის საკითხი ისევ გააქტიურდა. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, რომელიც “სითი ინსტიტუტმა” შექმნა მერიის დაკვეთით, ელიავას ბაზრობა, მიმდებარე განვითარებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და გარემოს დეგრადირებას იწვევს. პროექტის ავტორები კერძო საკუთრების გადატანის და იქ რეკრეაციული ზონის გაშენების რეკომენდაციას იძლევა. 

თუმცა, სულ სხვა მოსაზრება აქვს ქალაქის მერს. კახა კალაძემ ამის შესახებ კომენტარი რამდენჯერმე და ცალსახად გააკეთა.

კახა კალაძემ ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა კონკრეტიკას არ ითვალისწინებს. მისივე თქმით, გენგეგმაში წერია, რომ უნდა განისაზღვროს, როგორ და ფორმით უნდა მოხდეს ამ ტერიტორიის განვითარება.

კალაძის განცხადებით, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მოვაჭრეებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებენ.

“ზოგიერთი სააგენტო ავრცელებს არასწორ ინტერპრეტაციას და არასწორ ინფორმაციას ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით. არავის მივცემთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის უფლებას და შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ ვაკეთებ განმარტებას. ელიავას ბაზრობის ტერიტორია კერძო საკუთრებაა და ჩვენი ხელისუფლების პირობებში, კერძო საკუთრებას კანონდარღვევით არასდროს შევხებივართ და ვერავინ გაბედავს ამას.

ჩვენ მეპატრონეებს შევხვდებით. აქ ორი მიმართულებაა – თუ მოხდება ბაზრობის გადატანა, რა თქმა უნდა, მათი თანხმობა უნდა იყოს, რადგან ეს კერძო საკუთრებაა. ჩვენ მზად ვართ, გამოვყოთ ახალი ტერიტორია, რომელიც ყველანაირად კეთილმოწყობილი იქნება; იმ სიმახინჯეების მაგივრად, რაც დღეს არსებობს, უნდა შეიქმნას და აშენდეს ახალი თანამედროვე, ყველანაირი სტანდარტის შესაბამისი მულტიფუნქციური ცენტრი, სადაც ამ ადამიანებს შეეძლებათ იმ საქონლის გაყიდვა, რითაც დღეს ვაჭრობენ და არა ისე, როგორც დღესაა წარმოდგენილი. ეს პირველ რიგში, პრობლემას წარმოადგენს იქ მომუშავე და მცხოვრები ადამიანებისთვის, ზოგადად ქალაქისთვის. გენერალური გეგმა ვერ იტყოდა კონკრეტიკას, ის ზოგადი დოკუმენტია”, – განაცხადა კალაძემ.

რა ბედი ელის კერძო საკუთრებას და რას ფიქრობენ თავად მეპატრონეები განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით?

ამასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ შპს “სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის” (ე.წ. “ელიავას ბაზრობას” უჭირავს 15 ჰექტარი მიწის ფართობი უჭირავს, აქედან 7 ჰექტარი შპს “სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის” საკუთრებაშია) იურიდიული სამსახურის უფროსს, ადვოკატ გიორგი ლომსიანიძეს.

“თბილისის, დიდუბის რაიონის ეს მნიშვნელოვანი ნაწილი, ისტორიულად ჩამოყალიბებულ ურბანულ, ქალაქწარმომქმნელ ბაზას წარმოადგენს, რომელსაც გარდა ეკონომიკური მნიშვნელობისა უდიდესი სოციალური დატვირთვა გააჩნია. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ქალაქის ეს რაიონი დედაქალაქში ყველაზე მაღალი ეკონომიკური აქტიურობით გამოირჩევა, სადაც ათასობით და ათიათასობით ადამიანი არის თვითდასაქმებული. სწორედ ამ არეალში, ბოლო ათწლეულებში ბუნებრივად ჩამოყალიბდა ურბანული გარემო, რომელსაც თბილისელები ე.წ. “ელიავას ბაზრობას” უწოდებენ. ე.წ. “ელიავას ბაზრობა” განთავსებულია 15,5 ჰა. მიწის ნაკვეთიდან 11,3 ჰა. ფართზე. დარჩენილი ფართი მოიცავს გზებსა და გამწვანებულ არეალებს.

რამდენი ადამიანი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას ამ ტერიტორიაზე და ვინ არიან მესაკუთრეები?

ამ სივრცეში დარეგისტრირებულია რამდენიმე ათასი იურიდიული თუ ფიზიკური პირი, რომელთა მიერ დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევს, ხოლო მათი ბიზნეს საქმიანობიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად საშუალოდ 300-500 მილიონ ლარი მიემართება. რაც შეეხება მესაკუთრეებს, აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და დღეის მდგომარეობით ტერიტორიის მეპატრონე 150-მდე იურიდიული და ფიზიკურ პირია. ხოლო ყველაზე მსხვილ მესაკუთრეს ჩვენი კომპანია წარმოადგენს.

არაერთგზის განაცხადეთ, რომ კომპანიას უკვე დიდი ხანია აქვს ხედვა თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ტერიტორიის განვითარება. ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ ამ მიზნით რამდენიმე პროექტიც გაქვთ შემუშავებული, რომელთა ავტორები ცნობილი არქიტექტორები არიან. თუ ეს ასეა, რატომ არ ხდება ამ პროექტების რეალიზება და რა გიშლით ამაში ხელს?

შპს “სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის” საკუთრებაშია ე.წ. “ელიავას ბაზრობის” ტერიტორიის 7 ჰექტარი მიწის ფართობი (სულ ე.წ. “ელიავას ბაზრობას” უჭირავს 15 ჰა), ჩვენ ჯერ კიდევ 2012 წლიდან, გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, რათა ჩამოყალიბებულ სავაჭრო გარემოსათვის მიგვეცა თანამედროვე სახე. დღემდის, ვიდრე განვითარების დაბრკოლება არ მოხდებოდა, ჩვენს მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, აშენებულია დაახლოებით 17 000 კვ. მეტრი ახალი სავაჭრო დანიშნულების არეალები. საზოგადოდ ე.წ. “ელიავას ბაზრობის” ტერიტორიაზე აშენებულ შენობა-ნაგებობათა საერთო ფართი აღემატება 35 000 კვ.მ-ს.

ამ ტერიტორიის ცივილიზებული მოწყობის და განვითარების მიმართულებით ჩვენ, ჯერ კიდევ 2015 წელს ქალაქის მაშინდელ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით და მათი უშუალო მითითებით შევიმუშავეთ ჩვენს საკუთრებაში არსებული 7 ჰექტარი სივრცის განვითარების ესკიზური პროექტი – “ელიავა რეგიონალური მოლი” და შესაბამისი გარემოს განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც თბილისის არქიტექტურის სამსახურში დასამტკიცებლად შევიტანეთ. აქვე განვმარტავ, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმას ახლავს ორი ეტაპი ანუ ეტაპი პირველი გეგმარებითი დავალების დამტკიცება და მეორე ეტაპი განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება.

ორთავე ეტაპზე საკრებულოს თანხმობა არის საჭირო, პირველ ეტაპზე გეგმარებითი დავალება შეთანხმებული არის ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურთან ანუ ქალაქის მერიასთან, ასევე ქ. თბილისის საკრებულოსთან, რომლითაც კიდევ ერთხელ დადგინდა ფუნქციონალური ზონირებასთან დაკავშირებული პარამეტრები. რაც შეეხება მეორე ეტაპს გარკვეული შესწორების შეტანის შემდეგ მოხდა მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ ამ გრგ-ს მიღება და თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად გადაგზავნა. ჩვენდა სამწუხაროდ საკრებულომ გაურკვეველი მიზეზების გამო, დღემდე არ მოახდინა ამ გრგ-ს დამტკიცება, რის გამოც დღესაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი.

რაც შეეხება პროექტს, პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სავაჭრო-გასართობი და დასასვენებელი ურბანული გარემოს მოწყობას, მათ შორის ათასობით კვადრატული მეტრი გამწვანებული ფართის ფორმირებით და მოწესრიგებით. შექმნილი მასტერპლანის მიხედვით, აშენდება სავაჭრო, გასართობი და დასასვენებელი სივრცეები, მოეწყობა მიწისქვეშა პარკინგი. ასევე დაგეგმილია უნიკალური ვერტიკალური მწვანე მოლის შექმნა.

თქვენ ახსენეთ, რომ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი რომელიც მედიისათვის და საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. კონკრეტულად რას საკითხს ეხება დავა, ამჟამად რა ეტაპზე საქმე და თქვენ როგორც იურისტს რა მოლოდინები გაქვთ.

დავის საგანს წარმოადგენს განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება არ დამტკიცებაზე თბილისის საკრებულოსგან არგუმენტირებული პასუხის მიღების მოთხოვნა. კანონის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენი კანონიერი უფლებების დაცვის გარანტად სასამართლო ხელისუფლება ჩავთვალეთ, რადგან ქ. თბილისის საკრებულოსგან ვერანაირ პასუხს ვერ ვიღებდით და პასუხი უკიდეგანოდ ჭიანურდებოდა, რაც მომაკვდინებელია ბიზნესისათვის, იძულებულნი გავხდით მიგვემართა სასამართლოსათვის, რომლის მთავარი მიზანი იყო მიგვეღო პასუხი ქ. თბილისის საკრებულოსაგან. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა და დაავალა ქ. თბილისის საკრებულოს მოგვცეს დასაბუთებული, არგუმენტირებული კანონის მოთხოვნების შესაბამისი პასუხი, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ამჟამად უზენაეს სასამართლოში არის გასაჩივრებული ქ. თბილისის საკრებულოს მიერ. რაც შეეხება მოლოდინს, აღნიშნული გადაწყვეტილება დარჩება უცვლელი, რის საფუძვლიან ვარაუდს მაძლევს საქმის გარემოებები და წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები.

გავრცელდა ინფორმაცია რომ ქალაქ თბილისის მერია უახლოეს პერიოდში წარმოადგენს პასუხს და ხედვას ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მონაწილეობა ამ პროცესში?

ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა დედაქალაქის წინაშე მდგარი საჭირბოროტო საკითხების გადაჭრაში და ბუნებრივია, გვაქვს სურვილი გავაგრძელოთ, იძულებით შეჩერებული განვითარების პროცესი. ჩვენი მიზანია წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების მსგავსად შევქმნათ თვითმართველობისა და კერძო სტრუქტურების ნაყოფიერი თანამშრომლობის კარგი მაგალითი.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.