გენერალი ხელისუფლებას “მოგიწოდებთ გონს მოხვიდეთ”

პოლიციის გენერალი ლევან გვაზავა ხელისუფლებას მიმართავს:

“მე და ჩემი მეგობრები 90-იანი წლებიდან ვმუშაობთ შსს-ში, ძალიან ბევრმა რამემ გადაიარა ჩვენს თავს. ბევრი მეგობარი დავკარგეთ, როგორც საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის ბრძოლებში, ასევე დანაშაულებრივ სამყაროსთან შეტაკებებში. ბევრი მთავრობა შეიცვალა ამ პერიოდის განმავლობაში. კარგად გვახსოვს ის პერიოდი, როცა დანაშულებრივი სამყაროს ,,რომანტიზმით” შეპყრობილი პირები ამაყობდნენ ნასამართლეობით, როცა “ქურდულ სამყაროსთან” დაახლოებული პირები და რეციდივისტები ,,კარგ ტიპებად” ითვლებოდნენ, როცა ორგანიზებულ დანაშაულს შეღწეული ჰქონდა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში და როცა სახელმწიფოს ,,კანონიერი ქურდები” მართავდნენ. დიდი წვალების, პოლიციელთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ოფლის ფასად, ჩვენ მეგობრებთან ერთად შევძელით ამ მდგომარეობის შეცვლა და ახლა გული გვწყდება როცა ვხედავთ და ვაკვირდებით, თითქოს პოლიციას ფუნქცია შეუცვალეს, რაღაცა დამართეს, კრიმინალებთან და ქურდებთან ბრძოლის მაგივრად სტუდენტებს და პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს აკავებენ, ხალხი ,,რეციდივისტებად” აქციეს რაღაც სასაცილო, დამამცირებელი ბრალდებებით, ხოლო ,,კანონიერი ქურდი” ბოლოს როდის დააკავეს აღარც გვახსოვს. ძალიან გული გვწყდება და ამიტომაც მივმართავ მთავრობას, ნუ ლახავთ პოლიციის რეპუტაციას, ნუ გადააქციეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტო კერძო დაცვის სამსახურად, მოგიწოდებთ გონს მოხვიდეთ.”

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.