გია ხუხაშვილი: იმედია საქართველო მსოფლიო გადალაგების პროცესში სავაჭრო დახლზე არ აღმოჩნდება

„მე ყველაზე მეტად მაშფოთებს ის, რომ  დიდი დაპირისპირების დასასრულს ჩვენ არ აღმოვჩნდეთ სავაჭრო დახლზე. როდესაც დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირება იწყება შემდგომ სრულდება ადრე თუ გვიან, მსხვილი მოთამაშეები ჯდებიან და რუკაზე ხდება გადანაწილებები. მსოფლიო ომამდე იმედია არ მივა აშშ-ირანის კონფლიქტი, მაგრამ მასშტაბები საკმაოდ დიდია და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ არ აღმოვჩნდეთ იქ, სადაც არ გვინდა. ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ შეიძლება ისვე რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცეს ჩვენი ქვეყანა.“ – პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი აშშ-ირანს შორის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და ამ პროცესების საქართველოზე გავლენას აფასებს როგორც პროცესს, რომლისთვისაც ჩვენი ქვეყანა მზად უნდა იყოს.

8 იანვარს ირანმა 12  ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ერაყში მდებარე რამდენიმე სამიზნისკენ, რომელთა შორის სულ ცოტა ორი სამხედრო ბაზაა, რომლებზეც ამერიკელი სამხედროები და კოალიციის ძალები იმყოფებიან, იუწყება პენტაგონი.

 „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ (IRGC) გამოაცხადა თავი იერიშებზე პასუხისმგებლად. ეს ინფორმაცია ირანის სახელმწიფო ტელევიზიითა და საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა.

გია ხუხაშვილი იმედოვნებს,  რომ კონფლიქტი გლობალურ ხასიათს არ მიიღებს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მხოლოდ ირან-აშშ-ს დაპირისპირება არ არის (ერაყის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აშშ-მ უნდა დატოვოს მისი ტერიტორია და შეზღუდა მათი გადაადგილება, თურქეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ლიბიაში ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით, სირიაში საკმაოდ რთული პროცესები მიმდინარეობს), პრობლემა რეგიონულ ხასიათს იღებს. გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ირანის გეოპოლიტიკურმა სიახლოვემ საქართველოსთან ფინანსური კუთხით შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები  და ბუნებრივია მოსალოდნელია ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვები.

„მე ყველაზე მეტად მეშინია იმის, რომ ნებისმიერ კონფლიქტს ადრე თუ გვიან მოჰყვება დიდი დალაგება და ამ დალაგების პროცესში საკითხავია, სად აღმოჩნდება საქართველო.  რუსეთი  ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ხიდები არ აქვს დამწვარი არცერთი მიმართულებით და არის ძალიან აქტიური ამ რეგიონში.  თუ ნავთობის ექსპორტზე იქნება პრობლემები, აქედან მთავარი სარგებლის მიმიღები რუსეთი გახდება. დიდი გადალაგების პროცესში, რუსეთს ექნება ამბიცია, რომ მას ჰქონდეს წამყვანი როლი და ეს ასეც იქნება.

ამ ეტაპზე კი, მიმდინარე დაპირისპირებაში ჩვენ არ ვართ პირველი წრის რისკის ზონაში.  პირველ წრეში მაინც სხვა ქვეყნები მოიაზრებიან, მაგრამ ეს ირიბი ზეგავლენაც საქართველოსთვის საკმაოდ დრამატული და შემაშფოთებელი შეიძლება იყოს. საქართველოსთვის არსებობს როგორც მოკლევადიანი რისკები, ასევე გრძელვადიანი რისკები, პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც. რაც შეეხება მოკლევადიან რისკებს – ეს არის ნავთობზე ფასების ზრდა, უკონტროლო ფინანსური ნაკადების მოძრაობა საქართველოში.   ამ ეტაპზე, საკმაოდ აქტიური მიგრაციაა ირანიდან, მათ შორის ფინანსური ნაკადები არაკონტროლირებადია.  საბანკო სისტემის შეზღუდვის პირობებში ირანიდან ნაღდი ფული ტრიალებს საქართველოში და რა ჯგუფები აკონტროლებენ ან ნაკადებს და რა მიზნებზე შეიძლება იყოს ეს ყველაფერი მიმართული.   ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ ეს მაინც და მაინც კარგად არ ვიცით. ჩვენი სპეცსამსახურები ჩვენი საუბრების მოსმენით უფრო არიან დაკავებული, ვიდრე სახელმწიფოებრივი რისკების მოგვარებით.“ – ამბობს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა გუშინ განახორციელა.

მომხდარს წინ უძღოდა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბაღდადის აეროპორტზე განხორციელებული ოპერაცია, რომლის დროსაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად, ირანის სამხედრო მაღალჩინოსანი, გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

ამასთანავე, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ერაყმა ირანისგან „სიტყვიერი შეტყობინება“ მიიღო, მის ტერიტორიაზე დაგეგმილი სარაკეტო დატყმების შესახებ, ეს ყველაფერი კი გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის საპასუხოდ. – ამის შესახებ ერაყის პრემიერმა, ადილ აბდულ მაჰდიმ განაცხადა.

მარიამ მორგოშია

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.