გია ხუხაშვილი – „მამუკა ხაზარაძის სახით ჩნდება რესურსების ალტერნატიული ცენტრი და ეს ხელისუფლებისთვის შეიძლება იყოს გადაულახავი პრობლემა“

„მისი ეს გადაწყვეტილება კანონზომიერი იყო. საზოგადოებრივ ფლანგზე მამუკა ხაზარაძის გააქტიურების მთავარი ინიციატორი  თავად  ხელისუფლება იყო.  ფაქტობრივად,  ხელისუფლებამ თავისი უგუნური ქმედებებით სხვა გზა არ დაუტოვა ხაზარაძეს. მე ვფიქრობ,  რომ მისასალმებელია მისი ამ სივრცეში გამოჩენა იმიტომ, რომ მმართველი გუნდი, რომელსაც დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა, ფსონს ჩამოდის რესურსების მონოპოლიზაციაზე. გამოვიდა, რომ ხელისუფლება უბრალოდ იყიდის არჩევნებს, იმიტომ რომ ალტერნატივა არ ექნება,“ – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მიერ დღეს გაჟღერებულ გადაწყვეტილებას ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ.

მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, – ამის შესახებ ხაზარაძე საკუთარ ფესბუქის გვერდზე წერს.

მისივე განცხადებით, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დააფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.

„მამუკას სახით ჩნდება რესურსების ალტერნატიული ცენტრი და ეს ხელისუფლებისთვის შეიძლება იყოს გადაულახავი პრობლემა. არ შეიძლება მონოპოლია გამოცხადდეს რესურსებზე პოლიტიკურ პროცესში, სივრცე უნდა იყოს გახსნილი. მამუკა ხდება სახელმწიფოებრივად ამ ტიპის ინსტრუმენტი და მე მას ნამდვილად წარმატებას ვუსურვებ პიროვნულადაც და ქვეყნისთვისაც, — აცხადებს გია ხუხაშვილი „კომერსანტთან“ საუბარში.

რაც შეეხება ხაზარაძის გუნდის მომავალ წევრებს, ამ თემაზე გია ხუხაშვილი ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს:

კონკრეტულ ადამიანებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, როცა თვითონ გააჟღერებს შესაბამის დეტალებს, ჩემს შეფასებებსაც შემდგომ გავაკეთებ.“ – ამბობს პოლიტოლოგი

„ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს. სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. 20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება. თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ მისთვის გული გიძგერს, არ შეიძლება ამ ყველაფერს გვერდიდან და გულგრილად უყურო, არ შეიძლება შენი დრო, ენერგია, საქმე, ყველაზე მთავარს არ მოახმარო – სამშობლოს კეთილდღეობასა და მის თავისუფლებას. ამ ყველაზე დიდ ცნებას, რომლის გარეშეც ადამიანის არსებობას ფასი არ აქვს. სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. ზემოთქმულიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დავაფუძნო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.

გაუმარჯოს ერთიან და თავისუფალ საქართველოს!

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი“, – ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.

მარიამ მორგოშია

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.