გიორგი გახარიას შავი ლაქები – ვინ არის ახალი პრემიერი?

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომლის გადაყენებასაც საზოგადოება ორ თვეზე მეტია ითხოვს, ბიძინა ივანიშვილმა დააწინაურა და იგი დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, თავად გახარია მედია საშალებებთან საუბარში აღნიშნავდა, რომ პრემიერ- მინისტრობა არ სურდა.

ასეა თუ ისეა, დღეს გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია და ახლა ის პარლამენტის ნდობის გამოცხადებას ელოდება, რათა ოფიციალურად შეუდგეს სამუშაოს.

“2020NEWS“-მა გახარიას ბოლო წლების საქმიანობას გადახედა.

გახარია 2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის და ვიცე-პრემიერის თანამდებობას. შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს ემთხვევა ისეთი გახმაურებული საქმეები, როგორიცაა თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომელსაც ხალხმავალი აქციები მოჰყვა და რომელიც მინისტრმა “ბოდიშით“ დაასრულა.

ამას მოჰყვა სპეცოპერაცია პანკისში, რომელიც ხალხთან დაპირსპირებაში გადაიზარდა. საქმე უკავშირდებოდა ორი ჰესის – ხადორი 1-სა და ხადორი 2-ის აშენებას. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ, ჰესების საკითხზე სალაპარაკოდ თელავში გიორგი გახარია ჩავიდა. ადგილობრივებისა და მთავრობის წევრების შეხვედრის პარალელურად, პანკისში ვითარება დაიძაბა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ორჯერ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ადგილობრივებმა კი პოლიციას ქვები და ხელკეტები დაუშინეს. შსს-ს განცხადებით, შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 სამართალდამცავი.

და იყო 20-21 ივნისის ე.წ. გავრილოვის ღამე, როდესაც საპროტესტო აქციების დარბევისას 250-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის რამდენიმემ დაკარგა თვალი, ორი მოქალაქე საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით 20 ივნისიდან უწყვეტად, ამ დრომდე რუსთაველის გამზირზე აქციები მინდინარეობს.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის განცხადებით, 20 ივნისის აქციის დაშლის ბრძანება თვითონ გასცა და ასევე ამტკიცებდა, რომ აქციის მონაწილეები ინფორმირებულები იყვნენ, როცა დაშლა დაიწყო. მისი თქმით, პოლიციას არ გამოუყენებია არც ერთი ტყვია, რომელიც კანონით აკრძალულია.

ექს-მინისტრი, რაც აქციის ღამეს მოხდა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. თუმცა, ყველაფერი ამით არ სრულდება. სხვადასხვა საქმეზე მას შანტაჟსა და მუქარაშიც ადანაშაულებდნენ.

თიბისის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მინისტრისგან წინასაარჩევნო პერიოდში მუქარის წერილი მიიღო. შანტაჟზე საუბრობს ზუგდიდის სკოლის დირექტორის, ია კერზაიას ოჯახიც, რომელიც, ასევე, გახარიას პასუხისმგებლობას ხედავს.

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე 2016 – 2017 წლებში გახარია იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, 2014- 2016 წლებში ეკონომიკური საბჭოს მდივანი. უფრო ადრე, 2013 წლის მარტიდან 2016 წლის ივლისამდე საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას იკავებდა.

საქართველოში მაღალი რანგის თანამდებობებზე დანიშვნამდე, 2008-2013 წლებში გახარია იყო Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში.

2006-2009 წლებში ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორის რანგში თანამშრომლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსტიტეტთან. რაც შეეხება მის პროფესიულ გამოცდილებას, ის არის ბიზნესის მართვის და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი.

1994-2000 წლებში ის სწავლობდა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე, პოლიტიკურ მეცნიერებების განხრით. 2002-2004 წლებში კი სწავლობდა ისევ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლეს ბიზნეს სკოლაში ბიზნესის მართვის სპეციალიზაციით.

https://2020news.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.