გიორგი გახარია: დავით გარეჯის კომპლექსის ეკლესიები ხვალიდან გაიხსნება ქართული სამღვდელოებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ხვალიდან, 11 ოქტომბრიდან დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება ქართული სამღვდელოებისთვის და პრობლემა ორი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდება. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, აზერბაიჯანში გამართული ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან მიმდინარე პრობლემებზე ღია საუბარი შედგა:

ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი, ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია ეს პრობლემა ვერ მოგვარდა.

ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს. და რა თქმა უნდა, მე სრულად შემიძლია ამას დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებს და პარტნიორებს გეოგრაფია და ისტორია კი არ ჰყოფს, არამედ, აკავშირებს. სწორედ ამ საფუძველზე, ამ ფუნდამენტზე ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი, შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ამ მიმართულებითაც უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი.

მოგეხსენებათ რომ ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით, ისტორიული მემკვიდრეობის და ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით. ეს არის ჩვენი მიდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი.

ასევე მინდა მოგმართოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს გვმართებს პასუხისმგებლობა და სიფრთხილე ყოველი ნაბიჯის, სიტყვის კონტექსტში და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ ნიშნავს ფსევდოპატრიოტულ გამოხტომებს, გამონათქვამებს და გაუაზრებელ ნაბიჯებს. ეს არის ის მიდგომა, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს და ამ მიმართულებით უნდა გავატაროთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 10 ოქტომბერს, მთავრობის სხდომაზე. მან პრემიერ-მინისტრის რანგში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში 9 ოქტომბერს გამართა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.