გიორგი ვოლსკი: ქართულ ოცნებაში საერთოდ დაკარგულია პარტიული სტრუქტურის ვერტიკალი და გამოდის, რომ პარტია არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობს

რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ღიად აღიარა ის შეცდომები, რომელიც მისმა გუნდმა 6-წლიანი მმართველობის პერიოდში დაუშვა — სიღარიბე, მძიმე სოციალური პრობლემები, არაკომპეტენტური საკადრო პოლიტიკა, ის რომ ზოგიერთი მოხელე, ხალხზე ზრუნვაზე მეტად პირად კეთილდრეობაზე ზრუნავდა და ა.შ. „კომერსანტი“ დაინტერესდა რას თვლის ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი და პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ვოლსკი მმართველო გუნდის მთავარ შეცდომად და რატომ არ დაუჭირა მოსახლეობამ მხარი მათ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

— სახელმწიფო მმართველობის ნებისმიერი სისტემა უნდა ხედავდეს და აღიარებდეს შეცდომას, რომელიც ხელისუფლების მიერ   ხალხის  მომსახურებასთან არის დაკავშირებული დაკავშირებით. პირველი არის ყბადაღებული თემა – ყველაფერი რაც გაკეთდა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რამე არის გაკეთებული,  ეს არ არის საზოგადოებასთან სათანადოდ მიტანილი.  ყველასთვის ცნობილი უნდა იყოს,  რასაც აკეთებს ხელისუფლება და რასაც ვერ აკეთებს. ამ თემასთან დაკავშირებით მეტი პროფესიონალიზმი მართებს მმართველ რგოლს, ნეგატიური გავლენა მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.

— ბატონო გიორგი, თქვენი ზარით, მხოლოდ არასწორი პიარის ბრალია ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა?

— მე პიარზე არ მინდა აქცენტი გავაკეთო, არასწორად გამიგეთ, თუმცა ამაზეც გვსაყვედურობენ – რატო არ ამბობთ თქვენს მიღწევებსო.  საზოგადოებას უნდა გაუჩნდეს მომავლის იმედი, დადებითი განწყობა. მოგეხსენებათ განწყობის თეორია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანია. მთავარია გაკეთებული საქმე და პოზიტივი.

— ვის უნდა მიეტანა საზოგადოებამდე ეს პოზიტივი?

— თქვენ ისევ პიარზე საუბრობთ – ინფორმაციის მიწოდება და გაჟღერება კი არ არის მთავარი, მთავარი არის საკითხი, რომელიც კონკრეტულ მოქალაქეებთან დამოკიდებულებას ეხებათ, რაც  ხშირად არასწორი იყო – თუნდაც ის, რომ ხშირად ხდებოდა ადამიანების სოციალური პროგრამიდან ამოღება, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გულგრილი დამოკიდებულებები და ა.შ.  გარდა ამის არსებობს საკითხები, რაზეც გაცილებით მეტი ინფორმაცია უნდა გვქონდეს  მოსახლეობისთვის მიწოდებული ყოველგვარი პიარის გარეშე. ყოველგვარი წინასაარჩევნო პროპაგანდის გარეშე, წინასწარ უნდა ვიცოდეთ რას წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტთან დაკავშირებით რა იმედები და გათვლები უნდა გვქონდეს. ვფიქრობ,  საზოგადოებისთვის გულწრფელი ინფორმაციის მიწოდება  არ ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა დღის წესრიგში არ დგას პარტიული რესურსის გამოყენების საკითხი, ქართულ ოცნებაში საერთოდ დაკარგულია პარტიული სტრუქტურის ვერტიკალი და გამოდის, რომ პარტია არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობს. უამრავი ინტელექტუალური რესურსი კი გვერდზეა გადადებული.

— თქვენი აზრით, ამ ყველაფერზე, რაზეც ისაუბრეთ პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?

— მე შემიძლია პოზიტიურ პასუხისმგებლობაზე ვისაუბრო და ჩამოგითვლით ათეულობით ასეთი საკითხი, რომელზეც არავინ საუბრობს, ასვე ჩამოგითვლით ნაკლოვანებას, რომელზეც სიამოვნებით საუბრობენ ოპონენტები.

— კომერსანტისთვის საინტერესო თქვენს მიღწევებზეც და შეცდომებზეც საუბარი…

— დადებითზეც და უარყოფითზე რასაკვირველია ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. ვფიქრობ, ეს იყო მთავარი მიზეზი იმის, რომ  მთავრობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება არის დემონსტრირება იმისა, რომ ამ ნაწილში ხელისუფლება საკმაოდ მოისუსტებს. პრიორიტეტები  უკეთესად არის დასალაგებელი  და ამის განხორციელებისთვის უკეთესი ხალხია ასარჩევი, როგორც ეკონომიკის სფეროში, ასევე განათლებაში. ის რეფორმები რომელიც ამჟამად მმართველობით სისტემაში მიმდინარეობს, მაძლევს საბაბს, რომ გაცილებით უკეთესი შედეგის იმედი მქონდეს.

 „ზოგიერთი მოხელე, ხალხზე ზრუნვაზე მეტად, პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს“- როგორ აფასებთ ბიძინა ივანიშვილის ამ მოსაზრებას?

— ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და კარგად ვხედავ როგორ მუშაობს ქალაქის სამსახურები. საკმაოდ საინტერესო ანალიზის გაკეთებაა შესაძლებელი. მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია რაიონის გამგებელზე, ქალაქის მერიის ზედა რგოლზე. მაგრამ, არის სისტემაში ისეთი ნაკლოვანებები, რომელიც ახასიათებს სხვა ქვეყნებსაც და მარტო საქართველოში არ ხდება. მე არ მაქვს მერის მიმართ კონკრეტული პრეტენზი,ა ან რომელიმე მინისტრის მიმართ, მაგრამ მერსაც , მინისტრსაც მთავრობის თავმჯდომარესაც მეტი ყურადღება მართებს დაბალ რგოლებში არსებულ ვითარებაზე. ხალხთან ურთიერთობა არის სერიოზული საკითხი, რომელიც, რატომღაც, მივიწყებულია ყოველდღიურ პრობლემების ფონზე.

— რა სახის პრობლემებით შეიძლება გახდეს ხალხთან ურთიერთობა მივიწყებული?

— პრობლემებია საგარეო ურთიერთობებში, სავაჭრო ურთიერთობები საკმაოდ რთულად არის იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენი ტრადიციული პარტნიორები არიან, მათზე მძიმედ აისახება ის ვითარება, რაც მსოფლიოშია და საბოლოოდ ეს ყველაფერი მძიმედ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, თუნდაც ვალუტის კურსზე. სოფლის მეურნეობაში  წარმოება პრაქტიკულად ვერ გასწორდა წელში, მიუხედავად ასეთი ფინანსური რესურსის მობილიზაციისა. პოზიტივი ბევრია, მაგრამ ბევრი მიმართულება, ჩემი აზრით, საკმაოდ მდორედ მიმდინარეობს.

— კადრებზე საუბრობდით, დღეს თუ არის იდენტიფიცირებული ის ადამიანები, რომლებიც „ხალხზე არ ზრუნავდნენ“?

— ყველაფერი გარკვეულია და ამის თაობაზე პერიოდულად იქნება ინფორმაცია გავრცელებული. შეიძლება საკადრო შემადგენლობა მშვენიერი იყოს მაგრამ, მართვის სისტემაში იყოს სერიოზული ხინჯები და აქედან გამომდინარეობს ის ჩავარდნები, რასაც მართვის  ორგანიზება ჰქვია. რამდენიმე თვეა ამ სისტემაში საკმაოდ სერიოზული რეფორმები დაიწყო და ჯერჯერობით გვარების დასახელბისგან, მე პირად, თავს შევიკავებ.

 — მსოფლიო ბანკის  კვლევის შედეგებს თუ იზიარებთ, რომლის მიხედვითაც სიღარიბე 2,3 პროცენტითაა გაზრდილი?

—  ქვეყანაში მასშტაბური სიღარიბე რომ არის, ეს რეალურია, რაც განსაკუთრებით დამაზიანებელია მომავალი თაობისთვის. რაც შეეხება  პროცენტებს, ვერაფერს ვიტყვით.  მე ვიცი, რომ პროგრამები ხორციელდება, მაგრამ  ეს  არ არის საკმარისი.  სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების დაფინანსება ხუთჯერ გაიზრდება, მაგრამ, არ მგონია, რომ ეს კარგია. სახელმწიფოს ბიუჯეტი არ უნდა იხარჯებოდეს ასეთ საკითხებზე, ანუ არ უნდა არსებობდეს ესეთი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფო შემწეობა სჭირდება. მაგრამ ეს არის მწარე რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ.

— როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ტელეკომპანია რუსთავი 2 რომ გამოვრთოთ ქვეყანაში მხოლოდ აღმავლობას დაინახავთო. თქვენ თუ ეთანხმებით მის მოსაზრებას?

— როგორც გამონათქვამი რასაკვირველია უტრირებულია, მაგრამ, რეალურად რუსთავი 2 -ის გუნდი მუშაობს უარყოფითი განწყობის შექმნაზე. პოზიტიური ტენდენციები აბსოლუტურად დავიწყებულია. მარტო ამ ტელევიზიას, რომ უყურო და დახურულ სივრცეში ცხოვრობდე, ფანჯარას რომ გამოაღებ, იფიქრებ, თითქოს შენს გარშემო აფეთქებები ხდება და მთელი ქუჩა უმწეო მდგომარეობაში ადამიანებითაა  მოფენილი.  ეს ნამდვილად არ არის ასე.

— ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ დეპუტატებთან კომუნიკაცია უფრო ადვილად შესაძლებელი გახდა, ისინი ჟურნალისტების ზარებს უფრო აქტიურად პასუხობენ, მანამდე რა გიშლიდათ ხელს თუ ეს ივანიშვილის დავალებაა?

— ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომია ყველა ინფორმაცია, არავინ არ ამბობს უარს კომენტარზე. მე არ მახსოვს, რომ არ მეპასუხა ვინმესთვის. ბიძინა ივანიშვილისგან ესეთი კონკრეტული თხოვნა არ ყოფილა, რომ მედიასთან ისაუბრეთო, ჩვენ ყველამ ერთად მოვილაპარაკეთ, ვიცით, რომ მედიასთან ურთიერთობა უნდა იყოს ინტენსიური. მედიასაშუალება, რომელიც არის დაბალანსებული ყოველთვის იქნება მისასალმებელი პარტნიორი ნებისმიერი პოლიტიკური გუნდისათვის და განსაკუთრებით ჩვენთვის.

ავტორი: ბაჩო ადამია

commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.