გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობა გააცნობიეროს.

“მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში.

გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები. მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ ფაქტობრივად ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა.

ამჟამად ჩვენს წინაშე არის არჩევანი – თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად.

ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულები ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა. მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.

სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემა, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.

მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები რთული ვითარების დასაძლევად”,- წერია პრემიერმინისტრის განცხადებაში.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.  მისი ცხედარი ცხინვალის მხარეს საქართველოსთვის ჯერ არ გადაუცია.

სამოქალაქო მოძრაობის “ძალა ერთობაშია“ ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ტატუნაშვილის მკვლელობის დამკვეთი ოკუპირებული ახალგორის გამგებელი ფილიპ ხაჩიროვია, შემსრულებელი კი დეფაქტო ცხინვალის მილიციის წარმომადგენელი ლუდვიგ ხაჩიროვი.

ფილიპ ხაჩიროვმა განაცხადა, რომ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია არჩილ ტატუნაშვილთან და მის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს”.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.