გიორგი ცუცქირიძე – ბანკი მოქალაქეთა ქონების ხელში ჩაგდებითა და გამოსახლებით დაინტერესებული არ არის

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ, ბანკი მოქალაქეთა ქონების ხელში ჩაგდებითა და გამოსახლებით დაინტერესებული არ არის – ამის შესახებ „საბანკო ასოციაციის“ ვიცე პრეზიდენტმა, გიორგი ცუცქირიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მოთხოვნის გარეშე, რატომ ეგზავნებათ მოქალაქეებს წინასწარ დამტკიცებული სესხების შესახებ შეტყობინებები და რატომ გაიცემა სესხი შემოსავლის არმქონე მოქალაქეზე, გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა, რომ ბანკი საკრედიტო ბიუროში შედის და ამოწმებს, სადაც ჩანს, მოქალაქეს რამდენი სესხი აქვს აღებული.

„ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. ბანკი საკრედიტო ბიუროში შედის და ამოწმებს, რამდენი სესხი და რა რეიტინგი აქვს მოქალაქეს, არის თუ არა ის პრობლემური გადამხდელი და ა.შ. ამ შემთხვევაში, ბანკი სესხს არ გასცემს. შეტყობინებებს რაც შეეხება, იქაც არ არის ისე, რომ 1000 ლარამდე წინასწარ დამტკიცებული სესხი დადასტურებისთანავე ჩაგერიცხებათ. ძირითადად, ეს იმ კლიენტებზეა გათვლილი, რომლებიც ხელფასს კონკრეტულ ბანკში იღებენ, რომელიც სესხს სთავაზობს. მათ მისდით სმს, რომ შესაძლოა, თქვენი შემოსავლიდან გამომდინარე, ამ რაოდენობის სესხი დაგიმტკიცდეთ. თუ თქვენ ეტყვით, რომ სესხის დამტკიცება გინდათ, ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა მხოლოდ ამის შემდეგ ხდება“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, აძლევენ თუ არა ბანკები კრედიტებს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შემოსავალი არ აქვთ, გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა, რომ ცალკეული შემთხვევების განზოგადება არ შეიძლება.

„საკმარისია, ბანკმა სესხი 1000 უმუშევარ ადამიანს მისცეს, ან ქონება არასწორად შეაფასოს, ან მოქალაქის შემოსავალი არ იყოს დადასტურებული და ეროვნული ბანკი მას ჯარიმებს დაუწესებს, რაც 5 000 ლარიდან იწყება. მეორეც, ყველა ასეთ სესხზე ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს 100%–ის დარეზერვებას მოსთხოვს და რომელი ბანკი, რომელი ჭკუათმყოფელი წავა იმაზე, რომ მთელი თავისი შემოსავალი დაარეზერვოს და ხარჯებში გაუშვას?!“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

წყარო: commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: