გიორგი წერეთელი: „ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ეუთოს სათანადო რეაგირება ექნება“

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიორგი წერეთელმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა და საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა და ბუნებრივია რეაქციებიც ასევე მძაფრი უნდა იყოს. პირველი შემთხვევა არ არის ასეთი ტრაგედია და ჩვენ გვახსოვს გიგა ოთხოზორიას საქმეც. სამწუხარია, რომ ამ საქმეზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარება ვერ მოხერხდა.
რა თქმა უნდა, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე განუკითხაობა და უკონტროლობაა და საერთაშორისო ორგანიზაციებს და მონიტორებს საშუალება არ ეძლევათ რეალური ზემოქმედება მოახდინონ იმ პროცესებზე, რაც უკავშირდება ადამიანის უფლებებს, მათ თავისუფალ გადაადგილებას თუ განათლების ხელმისაწვდომობას ყოველთვის მოსალოდნელია ასეთი მძიმე შედეგები. ამის თაობაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული და ბოლო ზამთრის სესიაზეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა, ჩემს გამოსვლაში ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ დღეს საერთაშორისო საზოგადოების მიერ უკრაინაში და სხვა არსებულ ცხელ წერტილებში შექმნილ ვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხიც აქტიურად განიხილებოდეს და განსახილველ საკითხთა ნუსხაში არ მოხდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების თემის ჩამოქვეითება.

გამომდინარე რუსეთის მთავარი პასუხისმგებლობიდან, ასამბლეის ფარგლებში რუს დეპუტატებთან ნებისმიერ კომუნიკაციაში სწორედ ეს არის მთავარი საკითხი.

ვფიქრობ, რომ ამ მძიმე ფაქტს, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას უკავშირდება, გააქტიურების და მოქმედებების ახალი იმპულსი და ტალღა უნდა მოყვეს. არსებულ ინსტრუმენტებთან ერთად, მნიშვნელოვანია სხვა მექანიზმების ჩართულობაც, როგორიცაა ეუთო, ევროკავშირი თუ ამერიკის შეერთებული შტატები.

მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სწრაფი გამოძიება, დამნაშავეების გამოვლენა და მათთვის ე.წ. „მაგნიტსკის სიის“ მსგავსად მკაცრი სანქციების დაწესება.

დღეს ვესაუბრე ეუთოში კოლეგებს და შევთანხმდით, რომ ეუთოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება და განცხადება გაკეთდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს შიგნით, პოლიტიკურ ჯგუფებს მსგავს საკითხებზე ერთიანი პოზიცია გვქონდეს,“ – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

აღნიშნულ საკითხს, გიორგი წერეთელი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზეც შეეხო და ფრაქცია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სახელით არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

მანვე ერთიანი საპარლამენტო რეზოლუციის მომზადებას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მკაფიო სულისკვეთების რეზოლუციის მომზადება, რომელიც ერთი მხრივ, დაგმობს მომხდარ ფაქტს და ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, კონკრეტული მოქმედებებისკენ მოუწოდებს.​

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.